მშობიარობის პროცესში მთელი ყურადღება დედისკენაა ხოლმე მიმართული, თუმცა პატარაც დიდ ენერგიას ხარჯავს, რომ დაიბადოს.
დავიწყოთ იმ ფაქტიდან, რომ სწორედ ბავშვი აწესებს, როდის დაიბადოს. რაც შეეხება მომზადებას, ეს უდაოდ დედის პასუხისმგებლობაა. პლაცენტა ძალიან ჭკვიანი ორგანოა. ის აფიქსირებს, როდის მიაღწევს ნაყოფი ფიზიოლოგიურ სიმწიფეს და შემდეგ უკვე დედის სისხლში ჰორმონი ესტროგენი იწყებს მომატებას. სწორედ ამის წყალობით კუნთები და იოგები უფრო რბილი და ელასტიური ხდება. მაგრამ, საშვილოსნოს შეკუმშვას სწორედ ბავშვი "ბრძანებს". თირკმელზედა ჯირკვლები ბევრი კორტიზოლის წარმოქმნას იწყებენ, ხოლო ნაყოფის მემბრანა საპასუხოდ პროსტაგლანდინებს წარმოქმნის, რა დროსაც საშვილოსნოს შეკუმშვა ხდება.
რას გრძნობს ბავშვი დაბადებისას
მყუდრო "სახლი" მისთვის მტრულ გარემოდ იქცევა, რადგან კედლები სულ უფრო მეტად აწვება და აიძულებს დაბლა დაიწიოს, რაც სულაც არ არის ადვილი. ცხოვრებისკენ მიმავალი გზა რთული და ვიწროა. პირველი რამდენიმე სანტიმეტრის დროს ბავშვს ძალიან დიდი დრო სჭირდება, დაახლოებით 6-დან 12 საათამდე. თუმცა, როცა მშობიარობის პროცესი დაჩქარებულია, შესაძლოა ტრავმით დასრულდეს. თუ ბავშვი ნორმალურ მდგომარეობაშია, ანუ თავდაყირაა, მაშინ, მასაც და დედასაც ეს პროცესი უფრო მეტად გაუადვილდებათ. გარდა ამისა, ბავშვის თავი სხეულის ყველაზე დიდი ნაწილია და როგორც კი გარეთ აღმოჩნდება, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე რთული საქმე უკვე დასრულებულია.
სტრესი
მშობიარობის დროს ბავშვისთვის ჟანგბადისა და საკვების მიწოდება მცირდება, პულსი ჩქარდება. სისხლში ადრენალინის დონე იზრდება და ბავშვი სტრესს განიცდის. თუმცა, ამავდროულად მისი სხეული ინტენსიურად გამოიმუშავებს ენდორფინს, რომელიც ბუნებრივად აყუჩებს ტკივილს.
ტრავმა
როდესაც ჭინთვა იწყება, ყველაზე რთული და გადამწყვეტი ეტაპი დგება. ბავშვის თავი მენჯის ძვლებში რომ აღმოჩნდება, ფაქტობრივად გაბრტყელებულია, მაგრამ, თავის ძვლები მობილურია და ტვინი დაცულია. ამ დროს ზედმეტმა და ძლიერმა ზემოქმედებამ შესაძლებელია ტრავმა გამოიწვიოს. ჩვეულებრივ, თავდაპირველად, თავის უკანა ნაწილი გამოჩნდება, მერე კი შუბლი და სახე ერთდროულად ეძებს გზას.
ახალი გარემო
როდესაც ბავშვი იბადება, ის ისევ განიცდის სტრესს. ტირის იმიტომ, რომ სრულიად ახალ გარემოში მოხვდა, რომელსაც შეჩვეული არ არის. სულ სხვა განათება და ტემპერატურაა, 12-15 გრადუსით დაბალი, თავად უნდა ისუნთქოს. ტირილი სუნთქვის ხარისხის პირველი ინდიკატორია. თუ ბავშვი არ ტირის, მაშინ რაღაც რიგზე ვერ არის.
დედასთან პირველი შეხვედრა
პირველი, რასაც ექიმები ბავშვის დაბადებისას აკეთებენ, დედის მკერდზე მისი დაწვენაა, რომ რამდენიმე წვეთი რძე დალიოს და დედის სიახლოვე იგრძნოს. ეს ძლიერი იმუნიტეტის ფორმირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ წვეთებიდან პირველი ანტისხეულები შედის ბავშვის სხეულში, რაც ვირუსებისა და ბაქტერიების მიმართ მდგრადობას განაპირობებს. ფსიქოლოგებიც ამბობენ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მომენტია და ბავშვის ქვეცნობიერში მთელი ცხოვრება ინახება. დედასთან სიახლოვე, დაცულობის განცდა ნორმალური ფსიქოლოგიური განვითარებისთვისაა საჭირო.