"დედამ შვილი ლოგინშიც უნდა ჩაიწვინოს და მიიხუტოს, განსაკუთრებით პირველ თვეებში... სულ უნდა ელაპარაკოს, უმღეროს"- ყარამან ფაღავა ჩვილის ყოველდღიურ მოვლაზე
"დედამ შვილი ლოგინშიც უნდა ჩაიწვინოს და მიიხუტოს, განსაკუთრებით პირველ თვეებში... სულ უნდა ელაპარაკოს, უმღეროს"- ყარამან ფაღავა ჩვილის ყოველდღიურ მოვლაზე

ახალბედა დედებს შვილებთან დაკავშირებით უამრავი შეკითხვა აქვთ. არის საკითხები, რაც განსაკუთრებით აღელვებთ და აინტერესებთ, მაგალითად, რა არის ყიფლიბანდი და რა ვადებში უნდა დაიხუროს, როგორ უნდა მოიქცნენ, თუ ბავშვს კოლიკა აწუხებს, ჭიპლარის დამუშავებისას რა უნდა გაითვალისწინონ და როდიდან შეუძლიათ შვილების სასეირნოდ გაყვანა. აქტუალურ შეკითხვებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ძალიან ბევრი ადამიანისათვის საყვარელი პედიატრი ყარამან ფაღავა პასუხობს:

- ბავშვი რომ იბადება, ყველა ძვალი ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, მათ შორის, თავის ქალას ძვლები. შუბლისა და თხემის ძვლებს შორის
არის ღია სივრცე, რომელსაც დიდი ყიფლიბანდი ჰქვია. ზოგჯერ ბავშვებს მცირე ყიფლიბანდიც აქვთ, კეფისა და თხემის ძვლების შესაყარზე. დიდი ყიფლიბანდი, ჩვეულებრივ, საშუალოდ 2X2 სანტიმეტრის ზომისაა. შეიძლება ზოგს ცოტა მეტი ჰქონდეს, ზოგს - ცოტა ნაკლები. როგორც წესი, იხურება 9 თვიდან წელიწად-ნახევრამდე პერიოდში. ზოგიერთ მშობელს ძალიან ეშინია, როცა ყიფლიბანდი ადრე ან გვიან იხურება. რასაკვირველია, არ არის სასურველი, რომ ამ ვადაზე ადრე ან გვიან დაიხუროს, მაგრამ მთავარი არა ყიფლიბანდის დახურვა, არამედ თავის ზომაა. თუ თავი ზომაში არ მატულობს, საშიშია და თუ ძალიან მატულობს და ყიფლიბანდიც გვიან იხურება, ესეც სახიფათოა იმიტომ, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ წყალმანკი გვაქვს - ჰიდროცეფალია, ანუ ტვინში დიდი რაოდენობით სითხე გროვდება, რაც სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს.
პირველ რიგში, ბავშვის მდგომარეობას პედიატრი შეაფასებს და თუ მისმა დანიშნულებამ შედეგი არ გამოიღო, მაშინ ქირურგიული ჩარევაა საჭირო. თუ ქირურგიული და თერაპიული ჩარევა დროულია, ყველაფერი კარგად სრულდება. ხოლო, თუ დავიგვიანებთ, მაშინ, თავი ძალიან გაიზრდება, სითხე ტვინს დააწვება და გონებრივი ჩამორჩენილობა განვითარდება.

mshoblebi

- ზოგიერთ მშობელს ჰგონია, რომ ყიფლიბანდი ხელით შეხებისას შესაძლებელია დაზიანდეს. ყიფლიბანდს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება?

- პირველ რიგში მშობლებს ვეტყვი, რომ შეხების არ შეეშინდეთ. ყიფლიბანდი ძვლების დონეზე უნდა იყოს. თუ ჩავარდნილია, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმს წყალი აკლია. ხოლო, თუ ამოწეულია და, მით უმეტეს, თუ ფეთქავს, ეს უხშირესად ქალასშიდა წნევის მომატებითაა განპირობებული. ამ დროს ექიმთან ვიზიტი, ექოსკოპიური კვლევა და კონკრეტული პრეპარატების მიღებაა საჭირო.

- რას ნიშნავს ჩვილთა კოლიკა და რა უნდა გააკეთოს მშობელმა ამ დროს სახლის პირობებში ან როდის უნდა მიხვდეს, რომ ექიმის ჩარევა აუცილებელია?

- ნაწლავებში დაგროვილი აირები მტკივნეულ სპაზმს იწვევს და სწორედ ამას ჰქვია ჩვილთა კოლიკა. ის უხშირესად 2 თვიდან 8 თვემდე გვხვდება. ერთი ფაქტია საინტერესო, აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც ბავშვი ყოველთვის დედასთანაა, კოლიკა ნაკლებად აწუხებთ. რა თქმა უნდა, თანამედროვე დედებს ვერ ვეტყვი, რომ 24 საათის განმავლობაში შვილი სულ ხელში აყვანილი ჰყავდეთ, მაგრამ გამოხატული კოლიკის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ხელში აყვანა, მუცელზე ხელის დადება, დამშვიდება. როცა ქალი ძალიან აგზნებული და განერვიულებულია, თითქოს ბავშვი გრძნობს ამას და უარესად ტირის. პირველ რიგში, აუცილებელია დედამ დიეტა დაიცვასა. ისეთი საჭმელები, რომლებიც აირების დაგროვებას იწვევს, ნაკლებად უნდა გამოიყენონ. არ უნდა მიიღონ ლობიო, კომბოსტო, ჭარბი რაოდენობით შაქარი. გაზგამყვანი, ოყნა, თბილი აბაზანა, ხელის შეხება მუცელზე, დედის მუცელთან მიხუტება ხშირად შველის ბავშვს. რაც მთავარია, დედა წყნარად უნდა იყოს. მაშინ ეს სიწყნარე შვილზეც გადავა. თუ ეს ღონისძიებები შედეგს არ გამოიღებს, ბუნებრივია, ექიმთან უნდა წაიყვანონ.
mshoblebi

- კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მშობლებს შეკითხვა აქვთ, ჭიპლარის დამუშავებას ეხება. რით ჯობს დამუშავება და რა უნდა გაითვალისწინონ ამ დროს?

- ჭიპლარის დასამუშავებლად შეიძლება გამოიყენონ ანტისეპტური ხსნარები - სპირტი, წყალბადის ზეჟანგი, ბრილიანტის მწვანე. დედებს ნუ შეეშინდებათ, თუ ერთი თვის განმავლობაში ბავშვს ჭიპიდან გამონადენი აქვს. ეს საგანგაშო არ არის. საშიშია სიწითლე ჭიპის გარშემო. ამ დროს აუცილებელია ექიმთან წაყვანა, რადგანაც ეს ნიშანი კანქვეშა ინფექციაზე, ფლეგმონაზე მიუთითებს, რაც, შესაძლოა, სეფსისითაც გართულდეს. ჭიპს დღეში 3-ჯერ მაინც სჭირდება დამუშავება, ვიდრე არ მოშუშდება.

- როცა ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, საწოვარას არ იყენებს, ყოველი წამოტირების დროს დედები ძუძუს აძლევენ, ეს კვების რეჟიმს ხომ არ არღვევს?

- როცა ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, შეიძლება ძუძუ ყოველ ერთ საათშიც მივცეთ. ზოგჯერ ბავშვი გამოსწოვს, როცა შია, ზოგჯერ კი უბრალოდ წოვს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბუნებრივი კვების დროს ბავშვს საწოვარა არ უნდა მივცეთ. ძუძუ ბავშვისთვის თან დამაწყნარებელი ეფექტისაა, თან საკვების წყაროცაა. წამოტირებაზეც შეიძლება მისცეს დედამ, ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვი ყოველ ჯერზე ჭამს. პროცესი მისთვის სიამოვნების მომტანია, ამ დროს დედისა და ჩვილის ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონები გამოიყოფა.

- რამდენ ხანში ერთხელ უნდა აწონონ ჩვილი?

- ყოველდღე აწონვა არ არის საჭირო. მინიმუმ, თვეში ერთხელ და თუ უფრო ხშირად სურთ, მაშინ 7-10 დღეში ერთხელ საკმარისია.

- როგორ უნდა ეცვას ახალშობილს?

- ძალიან კარგი ძველებური მეთოდია, ორი თითი მკერდში უნდა ჩავუდოთ, თუ ცხელი მოგვეჩვენა, ეს ნიშნავს, რომ ბევრი აცვია, თუ ცივია, მაშინ სცივა. სასურველია, ოთახში ტემპერატურა 18-20 გრადუსის ფარგლებში იყოს.

- როდიდან შეიძლება ჩვილი გარეთ სასეირნოდ გავიყვანოთ და რა პერიოდულობით?

- ადრე მშობლებს ვეუბნებოდით, რომ 1 თვიდან შეეძლოთ ბავშვის სასეირნოდ გაყვანა. ახლა 2 კვირის შემდეგაც ვაძლევთ რეკომენდაციას. მთავარია, ქარიან ამინდს მოერიდნონ და მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ ნუ ეყოლებათ დიდი ხნით, რადგან ამან შესაძლოა გადახურება გამოიწვიოს. წელიწადის ცივ დროს 1 თვემდე ასაკის ბავშვი შეიძლება 1 საათით გაიყვანონ სასეირნოდ, 3 თვემდე - 2 საათით, 3 თვიდან კი 3 საათი. თბილ ამინდში 1 თვემდე ასაკის ბავშვის გასეირნება 2 საათის განმავლობაში შეუძლიათ, 3 თვემდე - 3-6 საათი, ხოლო 3 თვიდან - 6-9 საათი, შეიძლება მთელი დღეც. ძალიან კარგია აივანზე გაყვანაც.
mshoblebi

- რისი ეშინიათ ყველაზე მეტად თანამედროვე მშობლებს და რას ურჩევთ მათ, რა უნდა გაითვალისწინონ ბავშვის აღზრდისას?

- ყველა მშობელმა უნდა იცოდეს ბავშვის კარგად ყოფნის ნიშნები: უნდა იღიმებოდეს, უნდა ამთქნარებდეს, უნდა იზმორებოდეს, კუჭში გადიოდეს, კარგად ჭამდეს, კარგად ეძინოს, თუ ერთ-ერთი მათგანი დარღვეულია, ეს უკვე ნიშანია, რომ რაღაც რიგზე ვერაა. მეორე მხრივ, სიმძიმის ნიშნებია: თუ 1 წლამდე ასაკის ბავშვი არ ჭამს, ყველაფერზე აღებინებს, კრუნჩხვაა გამოხატული, მივარდნილია და სულ ძინავს, ასევე აღენიშნება ცხელება. პირველ თვეებში ზოგიერთ ბავშვს 16 საათიც სძინავს,ზოგს - 10 საათი. არც ერთი არ არის დარღვევა, მაგრამ თუ სულ მივარდნილია, სახიფათო მდგომარეობაა და ექიმთან საჩქარო ვიზიტი აუცილებელია. მშობლებმა ბავშვის განვითარებას ხელი უნდა შეუწყონ. სულ უნდა ელაპარაკონ, თუ სიმღერა იციან, უმღერონ, ან დაუკრან. შედარებით მარტივი მელოდიები მოასმენინონ. ხშირად შეეხონ. დედამ შვილი ლოგინშიც უნდა ჩაიწვინოს და მიიხუტოს, განსაკუთრებით პირველ თვეებში. სახეზე კოცნა აკრძალულია. ხელებზეც ნუ ვაკოცებთ. ამისთვის არსებობს კეფა, ზურგი. ყველა დედას ვეუბნები, პირველი 6 თვე, მით უმეტეს ახლა, პანდემიის პირობებში, მოარიდონ ბავშვები ბევრ ადამიანს. ყველა აცრა წესის მიხედვით უნდა გაკეთდეს, ბავშვი აუცილებლად აღრიცხვაზეც უნდა იყოს. პირიც უნდა დაუთვალიეროს, რძიანას შემთხვევაში, სოდიანი წყალი ჩაუწვეთოს, ამოწმენდა არ შეიძლება. მშობელმა ხშირად უნდა დაათვალიეროს ჩვილის კანი, გამონაყრის შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებები უნდა გატარდეს, ცხადია, ექიმის დანიშნულებით.. სასურველია, თუ ყოველდღე არა, დღეგამოშვებით მაინც აბანაონ, 36-37 გრადუსის ტემპერატურის წყალზე. აბაზანა 2-3 წუთიდან, 5-10 წუთამდე. 2 თვის განმავლობაში აბაზანაში წყლის ტემპერატურა თანდათანობით 33 გრადუსამდე დავიყვანოთ. ბაზანის შემდეგ ოდნავ გრილი წყალი გადავავლოთ ფეხებზე. ხელ-პირი ცივი წყლით დავბანოთ. გაკაჟება სიცოცხლის პირველივე დღეებიდანვე უნდა დავიწყოთ. იგი ჯანმრთელობის წინაპირობაა.

თამარ იაკობაშვილი


15291
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები