რძის მზა ნარევის შენახვა სასურველი არ არის - პედიატრის რჩევები დედის რძე ჩვილისთვის საუკეთესო საკვებია. ის მიესადაგება მისი მზარდი ორგანიზმის მოთხოვნილებებს, შეიცავს ადვილად მოსანელებელ ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს და, რაც მთავარია, ანტისხეულებს, რომლებიც მას ინფექციური დაავადებებისგან იცავს. ბავშვის ზრდის კვალდაკვალ დედის რძეში იცვლება ამ ინგრედიენტების თანაფარდობა და შემცველობაც. გვესაუბრება პედიატრი მანანა უბილავა.
- სამწუხაროდ, ყველა ქალს როდი შეუძლია, შვილს ძუძუ აწოვოს. ასეთ დროს დაისმის საკითხი, რომელი ხელოვნური ნარევით ვკვებოთ ჩვილი. ნარევის შერჩევისას გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი, ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებები, თანმხლები დაავადებები. არცთუ იშვიათად ხელოვნურ კვებაზე მყოფ პატარებს აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ალერგიული რეაქციები და სხვ.
- რა არის პრობიოტიკები?
- ძუძუთი კვების პერიოდში ჩვილი განსაკუთრებით კარგად არის დაცული, ვინაიდან დედის რძიდან მის ორგანიზმში მზა სახით გადადის საჭირო ნივთიერებები, ფერმენტები, ანტისხეულები. ჩვილი დედისგან იღებს უმნიშვნელოვანეს დამცავ ნივთიერებებს, მაგალითად, რძემჟავა ბაქტერიების ცოცხალ კულტურებს, რომლებიც მისი ჩამოუყალიბებელი კუჭ-ნაწლავისთვის არის საჭირო. ეს კულტურები იცავს კუჭ-ნაწლავს და ხელს უწყობს მის ნორმალურ ფუნქციობას, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს იმუნურ სისტემას. “პრობიოტიკი” ბერძნული სიტყვაა და სასიცოცხლოს ნიშნავს. პრობიოტიკების შემცველი თანამედროვე ნარევები ძალზე მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის სრულფასოვანი ფუნქციობისთვის. ასეთი საკვებიდან ჩვილის კუჭ-ნაწლავში ხვდება ბაქტერიების ცოცხალი კულტურები, რომლებსაც კუჭ-ნაწლავის აქტიური დაცვა და არასასურველი მიკრობების დათრგუნვა შეუძლია. ბავშვებს, რომლებიც ასეთ ნარევებს იღებენ, გაცილებით იშვიათად აწუხებთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები.
- რა საჭიროა ჰიპოალერგენული ნარევები?
- ჩვილები, რომელთა ოჯახის წევრები ალერგიულები არიან, 4-6 თვე მაინც უნდა წოვდნენ ძუძუს. ეს საუკეთესო საშუალებაა ალერგიის თავიდან ასაცილებლად. შერეულ ან ხელოვნურ კვებაზე მყოფი ჩვილებისთვის კი ოპტიმალურია სპეციალური ჰიპოალერგენული ნარევები. ალერგიული რეაქციის განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს რძის ცილა. წარმოების სპეციალური ტექნოლოგიების წყალობით რძის ცილა იხლიჩება, დაშლილი ცილის ნაწილაკებს კი ჩვილის ორგანიზმი უცხო სხეულებად აღარ აღიქვამს. ამგვარად დაქუცმაცებული ცილა ჰიპოალერგენულ ნარევებს დამახასიათებელ სუნსა და გემოს სძენს. მიუხედავად ამისა, ჩვილები ამ საკვებს სიამოვნებით მიირთმევენ და მშვენივრადაც ინელებენ. ჰიპოალერგენული საკვები, გარდა ცილის ნაწილაკებისა, შეიცავს რძემჟავა ბაქტერიების კულტურებს, რომლებიც ადამიანის ბუნებრივ ნაწლავურ ფლორას მიეკუთვნება და ხელს უწყობს ორგანიზმის თავდაცვითი უნრის გაძლიერებას.
- როგორი ტემპერატურის წყალში გავხსნათ ფხვნილი, რომ სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს?
- საამისოდ ვიყენებთ ანადუღარ წყალს, რომლის ტემპერატურაც დაახლოებით 50 გრადუსია. ასეთ ტემპერატურაზე ნარევი მთლიანად იხსნება, მიიღება ერთგვაროვანი მასა კოშტების გარეშე.
- როგორ დავადგინოთ, აქვს თუ არა სათანადო ტემპერატურა ნარევს?
- გახსნილი ნარევის რამდენიმე წვეთი დაიწვეთეთ ხელის ზურგზე. ის სასიამოვნოდ თბილი უნდა იყოს, არ წვავდეს კანს.
- შეიძლება თუ არა მომზადებული საკვების თბილად შენახვა?
- რძის მზა ნარევის შენახვა სასურველი არ არის. მთელი დღის სამყოფი წყალი ერთბაშად უნდა აადუღოთ და სუფთა თემოსში შეინახოთ, კვების წინ კი ერთი ულუფისთვის სამყოფი ოდენობისა შეათბოთ. თუ ბავშვი სასეირნოდ მიგყავთ პარკში, სადაც კვებაც მოუწევს, შეგიძლიათ, მზა ნარევი სპეციალური თერმოსით წაიღოთ თან - ის ერთი საათის განმავლობაში არ კარგავს თვისებებს. გაგრძელება