როგორ ჩავაწვეთოთ ბავშვს სწორად ფიზიოლოგიური ხსნარი და რატომ არის საშიში პატარებისთვის ცხვირის გაჭედილობა - ეკა უბერის რჩევა მშობლებს
პედიატრი, თსსუ-ს პროფესორი ეკა უბერი გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს, რა პრობლემის შექმნა შეუძლია ბავშვებისთვის, განსაკუთრებით, ახალშობილებისთვის ცხვირის გაჭედილობას და როგორ და რა რაოდენობით უნდა ჩავაწვეთო ფიზიოლოგიური ხსნარი სწორად:

"როდესაც ცხვირის გაჭედილობაა და ახალშობილს სუნთქვა უჭირს, შესაბამისად, მთელი რიგი პრობლემები ყალიბდება. პირველ რიგში, კი ეს კვებას უკავშირდება. ბავშვს ყლაპვა და საკვების მიღება უჭირს, შესაბამისად, შესაძლებელია რამდენიმე საათში თითქოს უმნიშვნელო სიმპტომი დრამატულად განვითარდეს და მთელი რიგი სირთულეების წინაშე დააყენოს როგორც მშობელი, ასევე ექიმი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველივე სიმპტომების გამოჩენისთანავე, 6 თვემდე
ასაკის ბავშვებში, დედა პირად ექიმს,
ოჯახის ექიმს დაუკავშირდეს და დროულად ჩააყენოს საქმის კურსში იმიტომ, რომ მინიმალური სიმპტომიც კი საყურადღებოა, ასაკიდან გამომდინარე. ვიდრე კოვიდი გამოჩნდებოდა, რა თქმა უნდა, უამრავი ვირუსი არსებობდა. სამწუხაროდ, ისინი ახლაც არსად წასულან. პირბადემ მათი აქტივობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეამცირა, მაგრამ მას შემდეგ, რაც საზოგადოების ნაწილმა მისი მოხმარება უგულებელყო, სხვადასხვა მიზეზის გამო 50%-ზე მეტი პირბადეს აღარ ხმარობს, შესაბამისად, გააქტიურდა ის სეზონური ვირუსები, რომლებიც ჩვენთან მანამდეც იყო და ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მარტის ბოლომდე ცირკულირებს. განსაკუთრებით საყურადღებოა გრიპის ვირუსი და რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, რომელიც 2 წლამდე ასაკის ბავშვებში საკმაოდ მძიმე გართულებების განვითარების მიზეზად შეიძლება ჩამოყალიბდეს. დაწოლილ მდგომარეობაში ცხვირში ჩაწვეთება, თუნდაც ფიზიოლოგიური ხსნარის, არაფრით არ შეიძლება. ბავშვი ნახევრად წამომჯდარი, 30-40 გრადუსით დახრილი უნდა იყოს. შესაძლებელია, მცირედით თავი უკან გადავუწიოთ . თითოეულ ნესტოში 3-4 წვეთს ჩავაწვეთებთ, ხოლო სპეციალური ასპირატორით მაქსიმალურად უნდა გამოვტუმბოთ ზედმეტი ლორწო."

16728
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები