ბავშვის შეგრძნებები დაბადებისას და მას შემდეგ დაბადებისას ახალშობილის გრძნობის ორგანოების ფორმირება დასრულებულია. სამაგიეროდ, სრულყოფილად ჯერ არ ფუნქციონირებენ. რას გრძნობს პატარა, რომელიც სულ ახლახან მოევლინა ქვეყანას?
ტკივილი
ტკივილს ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პირველ ტრიმესტრში გრძნობს, თუმცა ტკივილის შეგრძნება ახალშობილს უფრო დაბალი აქვს, ვიდრე მოზრდილს.
ტაქტილური მგრძნობელობა
შეხების შეგრძნება ბავშვს ჯერ კიდევ ჩანასახის მე-5-მე-6 კვირაზე აქვს. ეს პირველი გრძნობაა, რომელსაც ადამიანი განიცდის. ყველაზე მგრძნობიარეა ცხვირ-ტუჩის "სამკუთხედი", სასქესო ორგანოების არე, ხელისგულები, ტერფები.
თერმორეგულაცია
დაბადებიდან პირველი საათების განმავლობაში ახალშობილის სხეულის ტემპერატურა ფიზიოლოგიურად არის შემცირებული. ის ჯერ კიდევ ეჩვევა გარემოს ცვლილებას. მისი მგრძნობელობა სიცივის მიმართ უფრო მაღალია, ვიდრე გადახურების მიმართ, რადგან 10-ჯერ მეტი სიცივის რეცეპტორი აქვს.
სმენა
სმენის ფორმირება მუცლად ყოფნის მე-5 კვირაზე იწყება და მე-20 კვირაზე შიდა ყურის ზომა მოზრდილი ადამიანისას უტოლდება. ნაყოფი უკვე იღებს ბგერებს, მისი სმენითი რეცეპროტები კარგად მუშაობს, ანუ ესმის. თუმცა თავის ტვინის ის უბანი, რომელიც მიღებული ბგერების გარჩევადობას უზრუნველყოფს, 5-6 წლამდე ვითარდება. 3 თვისთვის ხმა უკვე მკაფიოდ ესმის. ამ დროს 1-დან 4 ოქტავამდე ტონალობის ბგერას არჩევს.
მხედველობა
თვალების განვითარება ჩანასახს მე-3 კვირიდან ეწყება. ახალშობილს თვალები თითქმის სულ დახუჭული აქვს, მზერა არ ფოკუსირდება. ფიქსაცია მე-5 დღიდან 3-5 თვემდე ყალიბდება. ახალშობილს საცრემლე ჯირკვლებიც განვითარებული აქვს, თუმცა უცრემლოდ ტირის, რადგან შესაბამისი ნერვული ცენტრები ჯერ არ "ამუშავებულა". ცრემლები დაბადებიდან 1,2-2 თვის ასაკში ჩნდება. მხედველობა თანდათან იხვეწება.
გემო
მუცლად ყოფნის ბოლო თვეში უკვე გემოს შეგრძნებაც ყალიბდება, ანუ დაბადებისთანავე გემოვნება გააჩნია. თუმცა გემოს რეცეპტორების ჩამოყალიბება 4-5 თვემდე გრძელდება.
ყნოსვა
ყნოსვის ორგანოები მუცლად ყოფნის მე-2-მე-7 თვისთვის ყალიბდება. ახალშობილი მკვეთრ სუნებს გრძნობს და რძის სუნის ამოცნობაც შეუძლია. ყნოსვის დამსახურებაა, რომ ბავშვი დედას ყოველთვის ცნობს.
წესები, რომლებიც დაგეხმარებათ ჩვილის დამშვიდებაში მუცლის ტკივილის დროს