რა უნდა იცოდეს პატარამ ამა თუ იმ პერიოდში არის გარკვეული ნორმები, რასაც ბავშვი ამა თუ იმ ასაკში უნდა აკმაყოფილებდეს. რასაკვირველია, არც ის არის საგანგაშო, თუ თქვენი პატარა ამა თუ იმ ეტაპზე ასე არ იქცევა, ყველა ბავშვი მაინც ინდივიდუალურია. ეს უბრალოდ ზოგადი ნორმებია.
რა იცის 1 თვის ბავშვმა:
აკეთებს მიკრომოძრაობებს, არჩევს ფერებს (წითელი, ყვითელი, შავი და თეთრი), აფიქსირებს იმ ადამიანის მზერას, რომელიც დახრილია და უყურებს მას. ცნობს დედის ხმას, სუნს, ხელით შეხებას. მუცელზე დაწოლილი ცდილობს აწიოს და დაიჭიროს თავი.
რა იცის 2 თვის ბავშვმა:
ხიბლავს ყველა გარშემო მყოფს თავისი მომაჯადოებელი ღიმილით. ატრიალებს თავს მისკენ, ვინც საუბრობს. მუცელზე წოლისას ცდილობს დაიჭიროს თავი. გამოსცემს ხმებს, გვერდიდან ბრუნდება ბეჭებზე.
რა იცის 3 თვის ბავშვმა:
ცნობს დედას და მამას, იცინის ურთიერთობის დროს. პროტესტის ნიშნად ტირის, კაპრიზობს, დიალოგში შედის უფროსებთან; ხელს კიდებს სათამაშოებს და მიაქვს პირისკენ; მუცელზე წოლისას ეყრდნობა წინამხრებს და მაღლა სწევს თავს. ბრუნდება ბეჭებიდან გვერდებზე; პოულობს ხმისა და შუქის წყაროს.
რა იცის 4 თვის ბავშვმა:
ცნობს დედას ან იმ ადამიანს, რომელიც დიდ დროს ატარებს მასთან, უპირატესობას ანიჭებს მასთან ერთად ყოფნას. წარმოთქვამს პირველ მარცვლებს; მუცელზე წოლისას წევს მხრებს და თავს; ასხვავებს ნაცნობ და უცნობ სათამაშოებს; ჭამის დროს ხელს კიდებს ძუძუს ან ბოთლს.
რა იცის 5 თვის ბავშვმა:
სიამოვნებით ათვალიერებს სახეებს სურათზე; მელოდიურად ღუღუნებს; ეპოტინება საგნებს, ხელში უჭირავს, წევს თავისკენ, ისვრის საგნებს; ასხვავებს ნაცნობ და უცნობ სახეებს; დამოუკიდებლად 5-10 წუთი თამაშობს სათამაშოებით. ბრუნდება ზურგიდან მუცელზე; თამაშობს ხმოვან თამაშებს დედასთან ერთად.
რა იცის 6 თვის ბავშვმა:
ყურადღებით უსმენს მოლაპარაკეს; მზერით ეძებს საგნებს, რომელზედაც თქვენ მიუთითებთ; გადააქვს სათამაშო ერთი ხელიდან მეორეში; ისვრის, რასაც ხელში აიღებს. აკეთებს ხმების იმიტირებას; თუ მისცემთ ყუთებს, ერთი ყუთიდან მეორეში გადაიტანს სათამაშოებს; მიცოცდება სათამაშოსთან, რომელიც მისგან 10-20 სმ. სიშორეზე დევს და იღებს მას. ცდილობს წამოდგომას.
რა იცის 7 თვის ბავშვმა:
ესმის ბევრი სიტყვის მნიშვნელობა; ემოციურად ძალიან შეჩვეულია დედას; განიცდის შიშს დედასთან განშორების დროს; დიდ ნივთებს დებს პატარაში; მყარად დგას საყრდენის დახმარებით; სწავლობს დამოუკიდებლად დაჯდომას; სწავლობს ცოცვას, ტრიალდება მუცლიდან ბეჭებზე და პირიქით; სვამს ჭიქიდან, თამაშობს სხვადასხვა თამაშს.
რა იცის 8 თვის ბავშვმა:
ტიტინებს, თითქოს ლაპარაკობსო; ესმის და ასრულებს თხოვნას: “მომეცი ხელი“, „დახარე თავი“; ცეკვავს; ასხვავებს „თავისიანს“ და უცხოს; ეშინია მოულოდნელი ხმაურის (მტვერსასრუტი, ძაღლის ყეფის ხმა, ზარის ხმა); დამოუკიდებლად ზის; აქტიურად ცოცავს; შეუძლია მოკბიჩოს რბილი საკვები და დაღეჭოს; გადადის პიურედან ჩაჭყლეტილ საკვებზე; მშვიდად აღიქვავს ღამის ქოთანს.
რა იცის 9 თვის ბავშვმა:
გვაჩვენებს ცხვირს, პირს და სხვა სხეულის ნაწილებს; როგორც თავის თავზე, ასევე თოჯინაზე; იცის ქაღალდის დაკუჭვა; იცის მუყაოს ფურცლიანი წიგნის გადაშლა; დამოუკიდებლად ზის, ცოცავს, დგება საყრდენის გარეშე, რიტმულად ხტუნაობს დედასთან ხელჩაკიდებული.
რა იცის 10 თვის ბავშვმა:
უსმენს უფროსს და ცდილობს გაიმეოროს ხმოვნები; იცინის ხმით; უხარია გართობა-თამაშები; უპირატესობას ანიჭებს წვრილ სათამაშოებს; ერთი საგნის დახმარებით იღებს მეორეს; გააზრებულად ირჩევს სათამაშოებს; თამაშობს ბურთით; მშვიდად ანებებს თავს ძუძუს; ღეჭავს წვრილად დაჭრილ საკვებს; ავლენს აქტიურ ინტერესს სხვა ბავშვებთან.
რა იცის 11 თვის ბავშვმა:
გამოსცემს ცხოველებისა და ფრინველების იმიტირებულ ხმებს; ასრულებს თხოვნას: “მომიტანე, წაიღე, დადე, აიღე“; ელოდება შექებას; დამაჯერებლად გეუბნებათ „კის“ და „არას“; დამშვიდობების დროს აქნევს ხელს; ცდილობს თავისი ხელით შეჭამოს, კარგად სვამს ჭიქიდან; შეუძლია დაეკიდოს ჯოხზე 1 წთ-ის განმავლობაში. რამდენიმე საფეხურით ადის შვედურ კედელზე.
რა იცის 12 თვის ბავშვმა:
წარმოთქვამს 10-15 იმიტირებულ სიტყვას; დამოუკიდებლად დადის; განსხვავებულად იქცევა უცხო ხალხთან; ავლენს დამოუკიდებლობას; აქტიურად გადმოსცემს ნეგატიურ ემოციას; აწყობს პირამიდას და კუბებს; თამაშობს ცომითა და თიხით; აქვს ზუსტად გამოხატული ინტერესი, აქვს მისთვის საყვარელი საქმიანობა; ცდილობს დახატვას; კბეჩს და ღეჭავს მყარ საკვებს; იყენებს კოვზს და ჭიქას.