ბავშვი, როგორი წონითაც არ უნდა დაიბადოს იგი, მე-3-მე-5 დღისთვის იკლებს თავისი სხეულის მასის 5-8%-ს ✿ დაბადების შემდგომი წონა
ჩვილების უმრავლესობა იბადება წონით 2,5 დან 4 კგ-მდე. ბავშვები თავიანთი აღნაგობით ხშირად ემსგავსებიან მშობლებს. ოჯახში, სადაც დედა და მამა გამხდრები და დაბლები არიან, არავის აქვს მოლოდინი, რომ გოლიათი გაუჩნდებათ და პირიქით: მსუქან მშობლებს ხშირად უჩნდებათ დიდწონიანი ბავშვები. ახალშობილის დაბალი წონა მუცლადყოფნის პერიოდში, დედის მიერ გადატანილი სხვადასხვა დაავადების შედეგი შეიძლება იყოს. განსაკუთრებით დიდწონიანი ბავშვების დაბადების მიზეზი შეიძლება იყოს ენდოკრინული დარღვევები, ამიტომ ასეთი პატარები ექიმების დაკვირვების ქვეშ უნდა იყვნენ.
✿ წონის ვარდნა
თქვენი შვილი დაიბადა წონით 3000 გრ. სამშობიარო სახლიდან გამოწერის დროს მისი წონა შეადგენდა 2850 გრამს. რა მოხდა? რატომ დაიკლო ახალშობილმა წონაში? ეს სავსებით ნორმალური, ფიზიოლოგიური მდგომარეობაა. საქმე ის არის, რომ ნებისმიერი ბავშვი, როგორი წონითაც არ უნდა დაიბადოს იგი, მე-3-მე-5 დღისთვის იკლებს თავისი სხეულის მასის 5-8%-ს. ახალშობილი იბადება სავსე შარდის ბუშტითა და სავსე ნაწლავებით. დაბადების შემდგომ შარდის ბუშტი და ნაწლავებიც იცლება. ნუ იღელვებთ: ბავშვის წონა ნელ- ნელა აღდგება. მატება მეორე კვირიდან დაიწყება. თუ ასე არ მოხდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
✿რა სიხშირით ავწონოთ?
წონა რომ აკონტროლოთ, სასურველია სახლში გქონდეთ სასწორი ახალშობილებისთვის. პირველ 3 თვეს სასურველია აწონოთ კვირაში 1 ჯერ, შემდეგ კი - თვეში ერთხელ.
თუ ბავშვი პატარა წონით დაიბადა, მაშინ პირველ ხანებში აწონეთ ყოველდღე მანამ, სანამ ბავშვის წონა არ მიაღწევს ნორმალურ მაჩვენებელს. შემდეგ შეიძლება გადახვიდეთ ყოველკვირეულ აწონვაზე.
ბავშვთა პოლიკლინიკაში, ყოველთვიური პროფილაქტიკური შემოწმების დროს, ბავშვებს თვეში ერთხელ წონიან.
✿როგორ ავწონოთ ბავშვი?
აწონეთ ბავშვი ერთსა და იმავე დროს, ჭამის წინ. აუცილებლად ჩაწერეთ მიღებული მაჩვენებელი, რათა ნახოთ, რამდენი მოიმატა ბავშვმა.