თუ მასაჟი სწორად არ შესრულდა, ვიღებთ „ბავშვის რხევის სინდრომს“, რასაც ფატალური შედეგი შეიძლება მოჰყვეს ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეოს, თუ როგორ ამასაჟებს ქართველი მასაჟისტი ჩვილს, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ამ თემაზე ჩვენთვის კარგად ნაცნობ პროფესიონალ მასაჟისტს, ქალბატონ ნინო ჩიქოვანს ვთხოვეთ კომენტარი:
- სოციალურ ქსელში დედებისგან არაერთი წერილი მივიღე აღნიშნულ ვიდეოსთან დაკავშირებით. ბევრ დედას აინტერესებს, მიზანშეწონილია თუ არა ბავშვის ასეთი მასაჟი. მინდა გითხრათ, რომ აქ არაფერი ხდებოდა განსაკუთრებით საშიში. ამ პროცედურის მიზანი იყო ბავშვის სახსრების გახსნა და ტონუსის მოხსნა. აღიარებული მეთოდებით ვარჯიშის ეს მექანიზმი აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც. თუმცა, ასეთი სახის მასაჟი/ვარჯიში ყველა ბავშვს არ სჭირდება და თანაც, აუცილებლად პროფესიონალმა უნდა გააკეთოს. აღნიშნული მასაჟი ინიშნება ორთოპედის, ნევროპათოლოგის, პედიატრის სპეციალური ჩვენებით. არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს მსგავსი სახის მასაჟის ყველა ბავშვისთვის გაკეთება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სახის მასაჟი დედამ თვითნებურად არ გაუკეთოს ბავშვს, ასევე არ გადაწყვიტოს, რომ სწორედ ასეთი მასაჟი ესაჭიროება მის პატარას. თუ მასაჟი სწორად არ შესრულდა, ვიღებთ „ბავშვის რხევის სინდრომს“, რასაც ფატალური შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ბავშვის ნჯღრევა, იგივე რხევა იწვევს ტვინის დაზიანებას, ტვინის უბნებში მრავლობით სისხლჩაქცევას, ვინაიდან რხევის დროს ტვინი ეხეთქება ქალას წინა და უკანა კედელს და სახეზეა ტვინის ტრავმა უჯრედების სამუდამო დაზიანებით!
ზოგადად კი მასაჟის მიზანი ორგანიზმის გაჯანსაღება მისი ორგანოებისა და სისტემების ფუნქციის აღდგენაა.
ჩვილ ბავშვთა მასაჟი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გაკეთდეს. გარდა იმისა, რომ მასაჟისტმა ოსტატურად უნდა წარმართოს სამასაჟე ილეთები, პარალელურ რეჟიმში უნდა იზრუნოს ბავშვის ფსიქოემოციურ განწყობილებაზე. მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი მასაჟის მშვიდად წარმართვას, რაც ერთ-ერთი და აუცილებელი პირობაა შედეგის მისაღწევად. ამ პროცესში მშობლის ჩართულობაც აუცილებელია. მშობელთან ერთად უნდა შექმნას გარემო, ვინაიდან პატარას კანი ძალზე სათუთია, ადვილად ზიანდება. ამის გათვალისწინებით აუცილებელია შემდეგი მითითებების დაცვა მასაჟისტის მიერ:
ფრჩხილების ძირში დაჭრა არ შეიძლება ხელზე სამკაულები ხელების ჰიგიენა ბავშვთან კონტაქტამდე აუცილებელია ხელების გათბობა მასაჟის დროს ოთახის ტემპერატურა 21-22 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს ბავშვის კანმა თავისუფლად რომ ისუნთქოს, უმჯობესია სამასაჟე ნელსაცხებლები მასაჟისტმა თავად შეიზილოს და ისე დაიწყოს პროცედურა.
თუ მასაჟის დროს ბავშვი გამოხატავს უკმაყოფილებას და ტირის, მასაჟი უნდა შეწყდეს.
ხშირად პატარები ტირიან იმის გამო, რომ რეჟიმიდან გადაუცდათ საკვების მიღება ან ძილი. ამას დედა ხვდება და ეს ტირილი აბსოლუტურად განსხვავდება ტკივილის და დისკომფორტის შედეგად დაწყებული ტირილისაგან.
ჩემი რჩევა იქნება, დედებო, ნუ მიიღებთ თვითნებურ გადაწყვეტილებას, პედიატრთან, ორთოპედთან და ნევროპათოლოგთან შეთანხმებით განსაზღვრეთ, საჭიროა თუ არა თქვენი ბავშვისთის მასაჟი და თუ საჭიროა, მაშინ რა სახის მასაჭი ესაჭიროება მას.
სალომე გორგოშიძე