ძალიან მაღალი მთა არ შეიძლება პატარისთვის, რადგან... ზაფხულის სიცხეები დაიწყო და ჩვილი ბავშვების დედებს გაუჩნდათ შეკითხვა, შეუძლიათ თუ არა პატარისთვის ჰაერის გამოცვლა და ქალაქიდან გაყვანა. როგორც პედიატრები ამბობენ, ჰაერის გამოცვლა ბავშვისთვის და მისი სხვა ადგილას წაყვანა, 1 თვიდანაც კი შეიძლება, მაგრამ დაცული უნდა იყოს გარკვეული წესები:
არ შეიძლება ძალიან მკვეთრი ცვლილება - მაგალითად, ძალიან მაღალ მთაში წაყვანა. წნევის ცვალებადობა ასეთ პატარა ასაკში არ არის რეკომენდებული.
აუცილებლად უნდა იყოს მის ჩვეულ გარემოსთან ახლოს - ქალაქგარეთ, თუ თბილისში ცხოვრობს, თბილისთან ახლოს მდებარე ოდნავ მაღალ ადგილებში, სადაც სუფთა ჰაერია, სიგრილე... ასეთ შემთხვევაში 1 თვის ბავშვის წაყვანაც შეიძლება. მთავარია ყველა საჭირო პირობა იყოს შექმნილი - თან ჰქონდეს დედას ყველა საჭირო მედიკამენტი და იყოს განვითარებული ინფრასტრუქტურა, რომ საჭიროების შემთხვევაში ან იქვე აღმოუჩინონ ბავშვს სამედიცინო დახმარება, ან სწრაფადვე შეძლონ მისი საჭირო დაწესებულებაში გადაყვანა.
რაც შეეხება ზღვას, უფრო გავრცელებულია მოსაზრება, რომ დასაშვებია 2 წლიდან ან მანამდეც, თუ რაიმე ორთოპედიული პრობლემა აქვს ბავშვს - ასეთ დროს უნიშნავენ ზღვას, მაგალითად, ურეკს. ხანდახან კი ზღვა გარკვეულ ასაკამდე სულაც დაუშვებელია, ამიტომ აუცილებელია, ბავშვი ქალაქიდან თქვენი უშუალო პედიატრის რეკომენდაციით გაიყვანოთ.