არსებობს წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვას ახალშობილის დედამ სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვი ყოველდღე უნდა ვაბანაოთ. რაიმე უკუჩვენება ბავშვის ბანაობასთან დაკავშირებით რეალურად არ არსებობს. ეს არის ყოველდღური ჰიგიენური პროცედურა და არსებობს წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვას ახალშობილის დედამ:
ბავშვის სიცოცხლის პირველ თვეში ბანაობის ხანგრძლივობა 5-10 წუთი უნდა იყოს. მანამ, სანამ წყლით გავავსებთ ბავშვის აბაზანას, ის კარგად უნდა გავრეცხოთ საბავშვო ნივთებისთვის განკუთვნილი სპეციალური სარეცხი საშუალებებით, შემდეგ კი ცოტა ხანი გავაჩეროთ გამდინარი წყლის ქვეშ. მდუღარე წყლით გარეცხვა საჭირო არ არის და არც ის არის აუცილებელი, დასაბანი წყალი იყოს ადუღებული. შეგიძლიათ, უბრალოდ გამთბარ წყალში აბანაოთ. წყლის ტემპერატურა 38-37 გრადუსი უნდა იყოს, ხოლო ოთახის ტემპერატურა - 26-28 გრადუსი. გირჩევთ ბავშვი სამშობიაროდან გამოწერის შემდეგ 2-3 დღეში აბანაოთ, ამ პერიოდში თქვენც შეძლებთ ადაპტაციას, ნერვიულობაც გაივლის. ბანაობის პროცედურამ ბავშვს სიხარული უნდა მოუტანოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მშობელიც არ ნერვიულობდეს და დადებითი ემოციით აბანაოს პატარა. ნუ გამოიყენებთ საბანაო ღრუბელს და დაბანისთვის განკუთვნილ საშუალებებს, დედის ხელი საუკეთესო სარელაქსაციო საშუალებაა ბანაობის დროს. ნაზი ხელსმა დადებითად იმოქმედებს თქვენი პატარას ნერვიულ სისტემაზე. საბავშვო დასაბანი საშუალებებით ბანაობა შეგიძლიათ კვირაში ერთი დღე, დანარჩენი დღეები მათი გამოყენება საჭირო არ არის. შეგიძლიათ, უბრალოდ თბილ წყალში აბანაოთ. თუ გვირილის ან ორკბილას ნაყენს გამოიყენებთ, ძალიან ცოტა გაურიეთ და თან დააკვირდით, როგორ მოქმედებს ის ბავშვზე. არც აურიოთ ბალახები ერთმანეთში - დღეს გვირილის ნაყენი, ხვალ - ორკბილა, ზეგ - მუხის ქერქი და ა.შ. ნუ ჩაუტარებთ ბავშვს ექსპერიმენტებს. ბანაობის შემდეგ ჩააცვით თავისუფალი ტანსაცმელი, რათა იმოძრაოს და განავითაროს თავისი პატარა კუნთები. რეკომენდირებულია თხელი ქუდის დაფარება ნახევარი საათის განმავლობაში. ბანაობის შემდეგ პატარას ძალიან შია, შესთავაზეთ მისთვის ყველაზე საყავრელი, დედის რძე. ახლა კი იხილეთ საოცარი ვიდეო, როგორ აბანავებს ფრანგი მედდა ახალშობილს. დატკბით ამ მართლაც მშვენიერი სანახაობით და ექთნის ნამდვილი პროფესიონალიზმით.