ახალგაზრდა დედას კი ძუძუს კიბოს განვითარებისგან იცავს ძუძუთი კვება მხოლოდ ბავშვისთვის როდია სასარგებლო. ეს პროცესი ახალგაზრდა დედას ძუძუს კიბოს განვითარებისგან იცავს. უცხოელი მეცნიერების მტკიცებით კი, ლაქტაცია ბავშვის გონებრივ განვითარებაზეც მოქმედებს.
ყველაფერი ქალური ჰორმონის, ესტროგენის ანტისტრესული მოქმედების დამსახურებაა. დედის რძესთან ერთად ბავშვის სხეულში მოხვედრილი ეს ჰორმონი მას სტრესისგან იცავს, ეს კი ბავშვის მაღალ IQ-ს განაპირობებს. გარდა ამისა, დედის რძე იდეალური, სრულფასოვანი და ძალიან გემრიელი საკვებია ბავშვისთვის.
დედის რძის სიკეთე
ის ბავშვის ორგანიზმის ერთ-ერთი უძლიერესი იმუნოლოგიური დამცველია. ახალდაბადებულ ბავშვს დედის ორგანიზმიდან თან დაჰყვება დამცავი ანტისხეულები, რომლებსაც პლაცენტადან იღებს. რამდენიმე თვის შემდეგ ეს ანტისხეულები ქრებიან, თუმცა იმუნიტეტის გაძლიერებას ბავშვი დედის რძის ხარჯზე აგრძელებს. პლაცენტის შემდეგ სასარგებლო ანტისხეულებისა და "მეგობარი" ბაქტერიების წყარო სწორედ დედის ძუძუ ხდება.
დედის რძის ცილების, ცხიმების, ამინომჟავების შემადგენლობა იდეალურად ესადაგება ჩვილის ორგანიზმის მოთხოვნილებებს. რძის დამსახურებით ვითარდება და ძლიერდება საჭმლის მომნელებელი სისტემა, სასარგებლო ფერმენტებით მდიდრდება ნაწლავები.
სხვათა შორის, დაბადებიდან რაც უფრო ადრე მოწოვს ბავშვი ძუძუს, მით უკეთესი. კვლევებმა დაადასტურა, რომ თუ 24 საათში მოწოვს, ბიფიდობაქტერიები შემთხვევათა 50%-ში გადაინაცვლებს ბავშვის ორგანიზმში. თუ ლაქტაცია უფრო გვიან პერიოდში დაიწყო, სასარგებლო მიკროფლორა ყოველ მესამე-მეოთხე ბავშვში განვითარდება.
ძუძუს წოვება დედისთვისაც სასარგებლოა, რადგან ექიმები ამტკიცებენ, რომ ეს პროცესი ძუძუს კიბოს საუკეთესო პროფილაქტიკაა.
რამდენი ხნის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს ძუძუთი კვება?
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გირჩევთ, რომ ძუძუთი კვება ორ წლამდე მაინც გაგრძელდეს. ადგილობრივი ექიმებს კი მაიაჩნიათ, რომ ერთი წლის ბავშვისთვის ძუძუ დღეში ორჯერ საკმარისია. დანარჩენი 2 კვება ჩვეულებრივი საკვებით უნდა ჩანაცვლდეს.