რჩევები დედებს, ვისაც ბავშვი შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ეყოლა ან მალე ელოდება
 რჩევები დედებს, ვისაც ბავშვი შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ეყოლა ან მალე ელოდება
შემოდგომა-ზამთრის სეზონი საკმაოდ რთულია ჩვილი ბავშვის მშობლებისთვის. დედა მუდამ წუხს, რომ პატარას არ შესცივდეს. არადა ყოველდღე ბანაობაა საჭირო, მალ-მალე გახდა და საფენის გამოცვლა სჭირდება. ვეცდებით პასუხი გავცეთ იმ დედების კითხვებს, ვისაც პატარა ცივ სეზონეზე შეეძინა ან მალე ელოდება.

რა ტემპერატურა უნდა იყოს ბინაში, სადაც ახალშობილია?
ტემპერატურა "ზამთრის ბავშვების" დედებისთვის ყველაზე რთული საკითხია. ეშინიათ, რომ ბავშვს არ შესცივდეს და ხშირად მეტისმეტი მოსდით. ჩაფუთვნა და "სათბურის" ეფექტის შექმნა ბავშვისთვის არანაკლებ საშიშია. სახლში
22 გრადუსი ტემპერატურა შეინარჩუნეთ. როცა სახლი კარგად თბება, იქ ტენიანობის პრობლემაც დგება. სახლი ხშირად გამომშრალია, ბავშვის კანი კი ძალიან სწრაფად შრება. ამიტომ ჰაერის დამატენიანებლები გამოიყენეთ.

როცა ცივა, მაინც უნდა ვაბანაოთ თუ არა ახალშობილი ყოველდღე?
არა აქვს მნიშვნელობა, როგორი ამინდია - ახალშობილი ყოველდღე უნდა აბანაოთ. წყლის ტემპერატურა 37-38 გრადუსი უნდა იყოს. ბანაობის შემდეგ ტანი საბავშვო რძით დაუზილეთ. ყოველი კუჭის მოქმედების შემდეგ ჩაბანეთ და დღეში 5 წუთის განმავლობაში მაინც აუცილებლად პამპერსის გარეშე, გახსნილი ამყოფეთ, ანუ "გაანიავეთ".

როგორ გავიგოთ, ბავშვს სცივა თუ არა?
შეუმოწმეთ ხელები, ფეხები და ცხვირი - თბილი უნდა ჰქონდეს. ზედმეტად არ ჩათბუნოთ. არ არის საჭირო რამდენიმე შალის ჯემპრი. ზამთარში ერთი უბეში შესაკრავი საცვალი
("ბოდე"), ერთი ყელიანი მაისური და გარედან ჯემპრი სავსებით საკმარისია. ქვემოთ კი ერთი თხელი და ერთიც თბილი შარვალი. შიგნით წინდები. ბავშვს უნდა ეცვას ცოტა და თბილი სამოსი. გაითვალისწინეთ საფენიც. დღეში ბავშვი 18-20-ჯერ ისველებს და ამის წყალობით მენჯის მიდამოში ტემპერატურა ისედაც მაღალია.

ბანაობის დროს საჭიროა თუ არა დამატებითი გამათბობლის ჩართვა?
თუ სახლში ტემპერატურა 22 გრადუსია, დამატებითი გათბობა აღარ არის საჭირო. მთავარია წყალი იყოს ოპტიმალური ტემპერატურის.

შეიძლება თუ არა გასეირნება?
ზამთარში დაბადებული ბავშვის პირველი გასეირნება სამშობიაროდან სახლში მისვლაა. 2 კვირის ბავშვი უკვე შეიძლება სუფთა ჰაერზე გაიყვანოთ, თუმცა არა ძლიერ ყინვაში. -1-2 გრადუსზე შესაძლებელია. პირველი გასეირნება 5 წუთს არ უნდა აჭარბებდეს. დრო თანდათან გაზარდეთ. მოგვიანებით სიცივეში შეგიძლიათ დაჰყოთ გარეთ 10-15 წუთი. +10 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დროს კი ნახევარი საათითაც შეგიძლია სეირნობა განაგრძოთ. ეცადეთ, პატარა ყოველდღიურად გაიყვანოთ სუფთა ჰაერზე. თუნდაც აივანზე.
არ გაიყვანოთ გარეთ, როცა ქარიანი ამინდია ან ტენიანობა 85%-ს აჭარბებს. როცა ვერ გაგყავთ, მაშინ ეცადეთ, ის ოთახი, სადაც ბავშვი ატარებს დროს, რამდენჯერმე გაანიავოთ. გაიყვანეთ სხვა ოთახში რა ორი-სამი წუთით გამოაღეთ ფანჯარა. შემდეგ ისევ შეიყვანეთ განიავებულ ოთახში, რომ სუფთა ჰაერი ისუნთქოს.
გაითვალისწინეთ, რომ სიცივეში სეირნობა გაცილებთ უსაფრთხოა, ვიდრე ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა. მოარიდეთ ბავშვი ხალხმრავალ ადგილებს. ნუ გამართავთ წვეულებებს და ნურც ბავშვით წახვალთ ხალხმრავალ ადგილებში. ეცადეთ, პედიატრიც შინ გამოიძახოთ და პოლიკლინიკის მიკრობებით სავსე დერეფნებში არ იცადოთ.
24385
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?