გადაყენება მხოლოდ საფენების ეკონომია არ გახლავთ. მას ბევრი პლუსი აქვს ბავშვი საფენს რაც შეიძლება მალე უნდა გადაეჩვიოს. რაც უფრო სწრაფად დაიწყებს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების კონტროლს, მით უკეთესი. გადაჩვევა იმას არ ნიშნავს, რომ უბრალოდ აღარ ჩააცვათ, სამაგიეროდ ჩასველებული სამოსი რეცხოთ მთელი დღის განმავლობაში. გადაჩვევა ე.წ. გადაყენებას გულისხმობს.
გადაყენებისთვის ნუ დაელოდებით დროს, როცა ბავშვი დამოუკიდებლად ჯდომას ისწავლის. სანამ ქოთანზე დაჯდება, გადასაყენებლად ტაშტი გამოიყენეთ. ამ დროს პატარა რაც შეიძლება მოხერხებულად უნდა გეკავოთ.
გადაყენების პროცესი ბავშვის ბუნებრივი აღზრდის ნაწილია. ამით იცლება შარდის ბუშტი და სწორი ნაწლავი. გაითვალისწინეთ - გადაყენება ქოთანზე მიჩვევა არ არის. ეს ორი სხვადასხვა რამაა.
როგორ შეუძლია დედას ბავშვს დაეხმაროს? მარტივად - მთავარია, მოხერხებულად დაიკავოს და "ფისი-ფისის" თქმით რეფლექსი გამოუმუშაოს. ერთსა და იმავე პოზაში ერთსა და იმავეს რომ გაუმეორებთ, ბავშვი კარგად მიხვდება, რას ელიან მისგან.
სხვათა შორის, გადაყენება ბავშვს აკაჟებს. დღის განმავლობაში რამდენჯერმე გახდა და ქვედა ნაწილის მოშიშვლება თანდათან აჩვევს ტემპერატურის ცვლილებას.
გადაყენება მხოლოდ საფენების ეკონომია არ გახლავთ. მას ბევრი პლუსი აქვს - გაათავისუფლოს ბავშვი "მოხუთული" საფენისგან, ბუნებრივად მოასაქმებინოს და ბუნებრივი ინსტინქტები დროულად ჩამოუყალიბოს. ასევე კარგი საშუალებაა დედა-შვილის ფიზიკური კონტაქტისთვის.
გადაყენების წესები:
1. გადააყენეთ ბავშვი ყოველი ძილის შემდეგ იმის მიუხედავად, ჩასველებულმა გაიღვიძა თუ მშრალმა.
2. გადააყენეთ თუ მოუსვენრობა შეატყვეთ. თანდათან მიხვდებით, რა სახის მოუსვენრობა აწუხებს, როცა მოსაქმება უნდა.
3. გადააყენეთ გასეირნების წინ.
4. ნუ ელით, რომ ბავშვი მაშინვე მოშარდავს, როგორც კი გადააყენებთ. დააცადეთ 3-5 წუთი მაინც.
5. თუ გადაყენებას "დანერგავთ", სისტემატურად გააკეთეთ ეს. ერთ დღეს 10-ჯერ გადააყენოთ და მეორე დღეს არც ერთხელ, ამას აზრი არ ექნება.
დღისით შეიძლება ადვილად მიაღწიოთ უსაფენოდ სიარულს, თუმცა ღამით ბავშვს საფენი მაინც სჭირდება. ბევრი მშობელი ღამითაც აყენებს ბავშვს, რაც დიდად სასარგებლო არ არის. ბავშვს ღამით მშვიდად უნდა ეძინოს. ღამის სიმშრალე იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად არის შარდის ბუშტი მზად, მთელი ღამით შეიკავოს სითხე. ეს ინდივიდუალურია და უბრალოდ, უნდა დაელოდოთ.
თუ ბავშვი ძალიან აპროტესტებს გადაყენების პროცესს, ნუ დააძალებთ. ყველა ბავშვი ერთნაირად ვერ ეგუება ახალ წესებს. ცოტა დრო გავიდეს და შემდეგ ისევ სცადეთ.