ინციდენტი, რომელიც ყველა მშობელს დააფიქრებს და შემთხვევები, რომლებმაც იმატა... არასწორ დიაგნოზებსა და მკურნალობაზე არაერთხელ დაგვიწერია. ექიმების შეცდომას არაერთი ადამიანის მდგომარეობა გაუუარესებია და სასიკვდილო შედეგიც კი დამდგარა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როცა არასწორი დიაგნოზი, არასწორი მკურნალობა თუ არასწორი ანალიზების პასუხები, ბავშვებს ეხება. აქ ხომ ასმაგად მეტად პასუხისმგებლობით უნდა იყოს ექიმიც და ნებისმიერი სხვა მუშაკიც.
რაც ყველაზე სამწუხაროა, ხშირად მაშინ, როცა არაფერი ხდება, ადამიანს საშინელ დიაგნოზს ეუბნებიან და იმაზე არავინ ღელავს და მით უმეტეს, არავინ აგებს პასუხს, მცდარი დიაგნოზისგან ადამიანს რომ შეიძლება ელემენტარულად გული გაუსკდეს. არაერთი შემთხვევა გაგვიგონია, როდესაც ამა თუ იმ კლინიკაში მიღებული პასუხები შემდეგ სხვაგან გადაუმოწმებიათ და სრულიად სხვა პასუხები მიუღიათ. მსგავსი ფაქტები იმ კლინიკაშიც მომხდარა, რომელშიც ამჯერად ჩვენი კოლეგა (ნინო კანდელაკი) დაზარალდა. მას თავისი 2 თვის შვილი უნდა აეცრა და უთხრეს, რომ აცრამდე ანალიზი უნდა გაეკეთებინა, ვენიდან (!). აუღეს ანალიზი და მეორე დღეს ისეთი შოკის მომგვრელი პასუხები მიიღო, უკვე ეგონა, რომ შვილს რაღაც უკურნებელი დაავადება შეეყარა და კინაღამ გადაყვა ამაზე ნერვიულობას. გთავაზობთ მის პოსტს, რომელიც ანალიზების პასუხების გადამოწმების შემდეგ დადო და თან დასვსვამთ რიტორიკულ შეკითხვას: არის ვინმე პასუხისმგებელი იმაზე, რომ ამ არასწორი პასუხების გამო ადამიანმა კინაღამ გულის შეტევა მიიღო? ვინმე აუნაზღაურებს ამ მორალურ ზიანს?!
"მოკლედ, ხალხნო, გუშინწინ 2 თვის ბავშვი მივიყვანე აღრიცხვაზე ასაყვანად ე.წ. სანდრას კლინიკაში. ვარკეთილში. ტერიტორიულად იქ უწევდა. გამიშვეს სისხლის ანალიზზე, აცრამდე სჭირდებაო.
გუშინ მოვიდა პასუხი და ბავშვს ჰქონდა როე 102. ნორმა 25-მდეა და შესაბამისად, ამ მონაცემით ბავშვი უნდა ყოფილიყო უმძიმეს მდგომარეობაში... არადა, იდეალურ ხასიათზე იყო, ჭამდა, იცინოდა.
წუხელ როგორ გავათენე, არ მახსოვს... დილას წავიყვანე სხვა ლაბორატორიაში, რომელიც სპეციფიკურია და მეტად სანდო, და სასწრაფოდ ახალი ანალიზი გავუკეთე (გუშინ ვეღარ მოვასწარი, ვიკეტებითო, რომ დავრეკე).
დაჩქარებული გავაკეთებინე და ახლა მომივიდა როეს პასუხი - 4. სრული შოკი მაქვს.
ბედნიერი ვარ, რომ ბავშვი ჯანმრთელია, მაგრამ ახლა მაინტერესებს, რა უნდა ვუყო ლუი პასტერის ლაბორატორიას, რომელიც ამ კლინიკას ემსახურება და რომლის ლაბორანტიც გუშინ ამტკიცებდა, რომ ორჯერ გადაამოწმა ბავშვის ანალიზი და ნამდვილად 102 ჰქონდა როე?
ამის გარდა, ყველა სხვა მონაცემში, რაც იმათთან ოდნავ მომატებული და ზღვარს ქვევით ჰქონდა, მშვიდობაა...
სრული შოკი მაქვს... ლაბორატორია სანდრას კლინიკას აბრალებს, სისხლი შეეშალათო, იმათ დავურეკე და გაგიჟდნენ, მოკვლევას ვიწყებთო. სრული ცირკია, მაგრამ მე რა ვქნა? ჯანდაცვის სამინისტროში მითხრეს, აუცილებლად შემოტანეო სარჩელიო. ასეც ვაპირებ, სამშაბათს შევიტან სარჩელს და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები".
იმედია საქმით ჯანდაცვის სამინისტრო დაინტერესდება და რეალურად გამოიძიებენ, რათა მსგავსი პრეცედენტები აღარ იყოს და ასე უპასუხისმგებლოდ არ ექცეოდნენ ადამიანებს, რომლებიც სამკურნალო დაწესებულებებს მიმართავენ და იმედი აქვთ, სათანადო და სანდო მომსახურებას მიიღებენ.