როგორ უშლის ხელს ბავშვის განვითარებას ზეთის წასმა ჯანმრთელი ახალშობილის კანზე ზეითუნის ან მცენარეული ზეთის წასმას, როგორც უსაფრთხო და ნატურალურ საშუალებას, რეკომენდაციას ხშირად უწევენ ბებიები და ზოგიერთი სამშობიარო სახლიც. მანჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ასეთი მოვლა ახალშობილებში ეგზემის განვითარების რისკს შეიცავს. ეს არღვევს კანის ბარიერულ ფუნქციას, რომელიც პასუხისმგებელია სითხის დაკარგვასა, ალერგენებისა და ინფექციებისგან დაცვაზე. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სწორედ ახალშობილისთვის ზეითუნის ან მცენარეული ზეთის წასმის თანამედროვე მოდა მონაწილეობს ნაწილობრივ კანის ფუნქციების დაქვეითებაში (სითხის აორთქლება, ალერგენებისა და ინფექციებისაგან დაცვის უნარი).
როგორც უნივერსიტეტის პრეს-რელიზი იუწყება, იმისათვის, რომ „ზეთით მოვლის“ შედეგები შეფასებულიყო, ლონდონის სამშობიაროში ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი: მათ 115 ახალშობილი გაყვეს 3 ჯგუფად. პირველი ჯგუფის ახალშობილებს უსვამდნენ ზეითუნის ზეთს, მეორეს - მცენარეულს, ხოლო მესამეს - საერთოდ არაფერს. 28 დღის განმავლობაში პირველი და მეორე ჯგუფის ბავშვებს დღეში 2-ჯერ უსვამდნენ რამდენიმე წვეთ ზეთს. მეცნიერებმა შეისწავლეს პატარების კანის ლიპიდური სტრუქტურა, რაც ბარიერულ ფუნქციაზეა პასუხისმგებელი. აღმოჩნდა, რომ ლიპიდური ფანტელების განვითარება შენელებული იყო. „თუ წარმოვიდგენთ კანის ბარიერულ ფუნქციას, როგორც აგურის კედელს, ლიპიდური ფანტელები ის სამშენებლო მასალაა, რომელიც ამ აგურებს ერთად „აწებებს“. თუ ის არასაკმარისად განვითარდა, მაშინ აგურებს შორის გარეთ „გამოიჟონება“ წყალი, ხოლო შიგნით ადვილად შეაღწევს „მტერი“, - ამბობს კვლევის ავტორი ელისონ კუკი, - ზეთი აფერხებს ამ სითხის გამომუშავებას შესაბამისი სიჩქარით და ვითარდება ეგზემა".
კვლევები კიდევ გრძელდება, მუშაობენ ასევე ჩვეულებრივი, ახალშობილებისთვის განკუთვნილი ზეთების სარგებლიანობის კვლევაზე. "თუმცა უკვე ცნობილია, რომ ზოგადად ზეთების გამოყენება ახალშობილებში არ არის რეკომენდებული,“ - წერს კუკი.