ნერვული სისტემის დაავადებები, სამწუხაროდ, ხშირად გვხვდება ჩვილებთან წლამდე ბავშვი რამდენჯერმე უნდა გასინჯოს ნევროლოგმა. კერძოდ, ერთი, სამი, ექვსი, ცხრა და თორმეტი თვის ასაკში. ვიზიტები არ უნდა გამოვტოვოთ - ასე დროულად გამოვავლენთ მრავალ პრობლემას და თავიდან ავიცილებთ მათ გართულებებს. გვესაუბრება რუსუდან გაჩეჩილაძე.
- რა არის ნევროლოგის მთავარი ამოცანა?
- ნევროლოგის მთავარი ამოცანაა დიაგნოსტიკა და მკურნალობა ნერვული სისტემის დაავადებებისა და ფუნქციური მდგომარეობებისა, რომლებმაც შესაძლოა სიცოცხლის პირველ თვეებში იჩინოს თავი და კორექციას მოითხოვდეს.
ნერვული სისტემის დაავადებები, სამწუხაროდ, ხშირად გვხვდება ჩვილებთან. მათი მიზეზი შესაძლოა იყოს მძიმედ მიმდინარე ორსულობა, მუცლად ყოფნის პერიოდის ინფექცია, მძიმე მშობიარობა, დაბადებისას მიღებული ტრავმა.
განსაკუთრებული მეთვალყურეობა სჭირდებათ დღენაკლულ ჩვილებს.
- რა შეიძლება გამოავლინოს ნევროლოგმა?
- ახალშობილს ნევროლოგიური გასინჯვა უტარდება, თუ სამშობიაროში ნეონატოლოგმა რაიმე პათოლოგია იეჭვა. ნევროლოგს დიაგნოზის დასმაში ეხმარება ნეიროსონოსკოპიური (თავის ტვინის ექოსკოპიური) გამოკვლევა, რომლის ჩატარებაც მანამდეა შესაძლებელი, ვიდრე ყიფლიბანდი დაიხურება.
ნეიროსონოსკოპიური გამოკვლევით ხშირად აღმოაჩენენ თავის ტვინის კისტებს. მათი გამომწვევი ფაქტორები, სამწუხაროდ, დაუზუსტებელია.
თუ კისტა პატარაა - 3-4 მმ დიამეტრისა, 3 თვისთვის, ჩვეულებრივ, უკვალოდ ქრება და ჩვილის განვითარებაზე გავლენას აღარ ახდენს.
თუ ახალშობილს კისტა აღმოაჩნდა, საჭიროა წარმონაქმნის განვითარების დინამიკაზე დაკვირვება - ნეიროსონოსკოპიული გამოკვლევის ჩატარება 1 და 3 თვის ასაკში, მერე კი - საჭიროებისამებრ. ამ ხნის განმავლობაში ჩვილს ნევროლოგიური მეთვალყურეობა უნდა დაუწესდეს.
მშობლების საყურადღებოდ
სიცოცხლის პირველ წელს ნევროლოგმა ჩვილი რიგგარეშე უნდა გასინჯოს, თუ ამ უკანასკნელს აღენიშნება:
მოუსვენარი ძილი; უხვი და ხშირი წამოქაფება; ფებრილური გულყრები; ხშირი კრთომა და კიდურების, ნიკაპის ტრემორი (კანკალი); ყიფლიბანდის დახურვის დაჩქარება ან შენელება; განვითარების შეფერხება.
- როდის უნდა ჩატარდეს გეგმური გასინჯვა?
- ნევროლოგმა ჩვილი გეგმურად წლამდე რამდენიმეჯერ უნდა გასინჯოს, განურჩევლად იმისა, უჩივიან თუ არა მშობლები რამეს.
1-ელ თვეს
ნევროლოგი აფასებს კუნთების ტონუსსა და რეფლექსებს. თუ ტონუსი არათანაბრადაა გამოხატული, ეს შესაძლოა პათოლოგიის მაუწყებელი იყოს. ამ შემთხვევაში საჭიროა დამატებითი გამოკვლევა - ნეიროსონოსკოპია.
დაბადებისას თავის გარშემოწერილობა საშუალოდ 34-35 სმ-ია და პირველი ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვე 1,5 სმ-ით იმატებს. თავის გარშემოწერილობის დინამიკა მნიშვნელოვანია!
გასინჯვისას ექიმი აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას ყიფლიბანდის ზომებსა და მდგომარეობას. 1 თვის ასაკისთვის, ჩვეულებრივ, მხოლოდ ცენტრალური ყიფლიბანდი რჩება დაუხურავი.
ნევროლოგი ახალშობილის ფსიქომოტორულ განვითარებასაც შეაფასებს. ამ ასაკში ბავშვს უნდა შეეძლოს საგანზე მხედველობის მოკლე ხნით შეჩერება, ჰორიზონტალურად მოძრავი საგნისთვის თვალის გაყოლება, კონტაქტის დროს უღიმოდეს უფროსს, დამოუკიდებლად ატრიალებდეს თავს გვერდზე, თუმცა მისი დაჭერა ჯერ კიდევ არ შეუძლია. თუ 2-4 კვირის ბავშვს თავი კარგად უჭირავს, ეს შესაძლოა ქალასშიდა წნევის მომატების მაუწყებელი იყოს.
ახალშობილს იმ პოზაში სძინავს, რომელიც მუცლად ყოფნის პერიოდში ეკავა - ხელ-ფეხი მოხრილი აქვს, ხელები - მომუჭული.
3 თვის ასაკში
ამ ასაკში ახალშობილის ბევრი რეფლექსი ქრება, ვინაიდან თავის ტვინის ქერქი უფრო მეტ ფუნქციას იღებს საკუთარ თავზე.
ბავშვის ჩვეული პოზა ამ ასაკში უფრო მოშვებულია, ვინაიდან მომხრელი კუნთების ტონუსი თანდათან სუსტდება.
ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ჩვილისთვის საკუთარი ხელებია - სიამოვნებით ათვალიერებს მათ, იდებს პირში. კიდევ ერთი მიღწევაა თავის ხანგრძლივად დაჭერა. თუ სამი თვის ჩვილს ეს არ შეუძლია, ნევროლოგიურ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე. მიზეზი შესაძლოა სამშობიარო ტრავმა ან კისრის კუნთების სისუსტე იყოს.
ამ ასაკში ბავშვს შეუძლია სიცილი, კონტაქტის დროს მხიარულება.
6 თვის ასაკში
ექვსი თვის ჩვილს საკმაო ცოდნა და უნარები აქვს, რასაც ნევროლოგი სათანადო ყურადღებას აქცევს. შეუძლია ზურგიდან მუცელზე და მუცლიდან ზურგზე გადაბრუნება, მუცელზე წოლისას ხელებზე კარგად ეყრდნობა და მთელი მხრის სარტყლით წამოიწევს. მნიშვნელოვანი უნარია სათამაშოს ხელში გაჩერება და ერთი ხელიდან მეორეში გადატანა. ამ ასაკის ბავშვებს უყვართ აგრეთვე ზურგზე წოლისას საკუთარი ფეხებით თამაში და მათი პირში ჩადება.
ექვსი თვის ჩვილი კარგად ცნობს დედას და ოჯახის დანარჩენ წევრებს, უცნობების დანახვისას კი ტირის. გამოხატავს მრავალფეროვან ემოციას, აქტიურად ღუღუნებს და შეუძლია ცალკეული ბგერების გამეორება.
მოძრაობა ამ დროისთვის უფრო კოორდინირებული და მიზანმიმართული ხდება. ზოგი ბავშვი ამ ასაკში დამოუკიდებლად ჯდება კიდეც.
6 თვიდან თავის გარშემოწერილობის ყოველთვიური ნამატია 1 სმ. განაგრძეთ კითხვა