რა უნდა იცოდეთ აუცილებლად წლამდე ბავშვის კვებაზე - პედიატრის რეკომენდაციები
რა უნდა იცოდეთ აუცილებლად წლამდე ბავშვის კვებაზე - პედიატრის რეკომენდაციები
როდის უნდა შემოვიტანოთ ბავშვის კვების რაციონში დამატებითი საკვები? რომელი საკვებით უნდა დავიწყოთ? როგორი წყალი უნდა დავალევინოთ ბავშვს? წლამდე ბავშვის კვებაზე პედიატრიული პრივატ-კლინიკის პედიატრი სოფო ჯღარკავა გვესაუბრება:

- როდის უნდა შემოვიტანოთ ბავშვის კვების რაციონში დამატებითი საკვები?
- მეძუძურ ბავშვებს ექვს თვემდე არანაირი კვებითი დანამატი არ ესაჭიროებათ. ბავშვები რადგან იგი ყველა საჭირო კომპონენტს, დედის რძის მეშვეობით იღებენ. 6 თვიდან, მეძუძურ ბავშვებს უკვე შეგიძლიათ მისცეთ დამატებითი საკვები. თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, ასეთ შემთხვევაში
დამატებითი პროდუქტების მიწოდება შეგიძლიათ 4 თვიდან დაიწყოთ. სწორად წარმართული დამატებითი კვება ხელს უწყობს ბავშვის ნორმალურ ზრდა - განვითრებას, დამატებითი საკვები არ უნდა ენაცვლებოდეს დედის რძეს, არამედ უნდა ემატებოდეს მას.

- როდის უნდა ამოვიღოთ ძუძუთი კვება ან ხელოვნური საკვები სრულად რაციონიდან?
- ბუნებრივი კვება სასურველია 1,5-2წლამდე გაგრძელდეს. წლის შემდეგ ქალის რძის შემადგენლობა ხსენის შემადგენლობას უახლოვდება და იცავს ბავშვს ინფექციებისაგან.

- რომელი საკვებით უნდა დავიწყოთ?
- ყოველი ახალი საკვები ინიშნება თანდათანობით, მზარდი დოზით. არ შეიძლება ერთდროულად ორი ახალი საკვების მიცემა. საკვების მიცემა საჭიროა კოვზით და არა საწოვარათი. საკვები უნდა მომზადდეს ყოველი კვების წინ. თავდაპირველად ინიშნება ვაშლის, შემდეგ ალუბლის, ბროწეულს წვენი.წვენის მიცემას იწყებენ წვეთობით და ზრდიან
20-30 მლ-მდე დღეში (წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ არის რეკომენდირებული ციტრუსების წვენის დანიშვნა). წვენის დანიშვნიდან დაახლოებით 2 კვირაში ინიშნება ხილფაფა. პირველ დამატებით საკვებს ბოსტნეულის პიურე წარმოადგენს. ჯერ ერთ კომპონენტიანი პიურე მიეცით პატარას, მაგალითად კარტოფილის, შემდეგ ჯერზე შეურიეთ გოგრა, სტაფილო, ჭარხალი და სხვა პროდუქტები.

- რა პროდუქტები შეიძლება ჭამოს ბავშვმა წლამდე?
- წლამდე პატარებისთვის რეკომენდირებულია ხილი, ბოსტნეული, ფრინველისა და საქონლის ხორცი, თევზი,კვერცხის გული, ხაჭო. 8 თვიდან შეგიძლიათ ბავშვს მისცეთ პური ან ორცხობილა, ეს სტიმულაცას უწევს ღეჭვის განვითარებას. წლამდე ბავშვისთვის ტკბილეული რეკომენდირებული არ არის. დამატებითი საკვების დაწყებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ მარილი, თუმცა ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს. რაც შეეხება შაქარს ისიც ძალიან მცირე რაოდენობით უნდა მისცეთ ბავშვს სიროფის სახით. კვეცხის გული (სოფლისაც შეიძლება), ბავშვს აჭამეთ ქარხნული წესით დამზადებული მაწონი, ძროხის რძის მიცემა წლამდე ბავშვისთვის არ შეიძლება.ბევრს ძროხის რძე დედის რძის შემდეგ იდეალურ პროდუქტად მიაჩნია. ის მართლაც იდეალურია, მაგრამ ხბოსთვის და არა ახალშობილისთვის. საქმე ის არის, რომ ძროხის რძეში ცილა 3-ჯერ მეტია, ვიდრე ქალისაში და 2-ჯერ მეტი, ვიდრე ხელოვნურ საკვებ ნარევებში, ხოლო კალციუმს, ფოსფორსა და სხვა მინერალურ ნივთიერებებს 3-ჯერ მეტი ოდენობით შეიცავს. ზედმეტი ცილები და მინერალური ნივთიერებები ჩვილი ორგანიზმისთვის მძიმე ბალასტია, რომლის გამოც მოუმწიფებელ თირკმელებსა და გამომყოფ სისტემას 2-3-ჯერ მეტი დატვირთვით უწევს მუშაობა. ასევე - არსებობს ალერგიის განვითარების დიდი ალბათობა. ამერიკელმა ალერგოლოგებმა დაადგინეს, რომ იმ ჩვილებიდან, რომელთაც პირველ 3 თვეს ძროხის რძით კვებავდნენ, ყოველ მეოთხეს შემდგომში რძისა და მისი ნაწარმის მიმართ ალერგია განუვითარდა. ძროხის რძის კიდევ ერთი ნაკლი ის არის, რომ მასში ძალიან ცოტაა რკინა, ამან კი შესაძლოა რკინადეფიციტურ ანემიამდე მიგვიყვანოს.

- როგორი წყალი უნდა დავალევინოთ ბავშვს? ნაყიდი ონკანის თუ ნადგომი?
- წყალი უნდა იყოს ცნობილი და შესაფერისი წარმომავლობის. არ მისცეთ ბავშვს წყალი, რომლის წყაროები უცნობია, თუნდაც ეს ბუნებრივი წყაროებიდან მოპოვებული ან ჭის წყალი იყოს.პატარა ორგანიზმისთვის შესაძლოა ზიანის მომტანი აღმოჩნდეს მისთვის უჩვეულო, სხვა ქვეყნის წყალი. მნიშვნელოვანია წყალში გაზების არარსებობა. გაზირებულმა წყალმა შეიძლება ჭვალი და მუცლის შებერილობა გამოიწვიოს. ბავშვისთვის არ შეიძლება ზრდასრული ადამიანისთვის განკუთვნილი, წყალსადენის ან მინერალური წყლის მიღება, რადგან მინერალებისა და მიკროელემენტების მაღალი შემცველობის გამო, პატარას ნაზი საყლაპავი მილი, საჭმლის მომნელებელი სისტემის ტრაქტი და თირკმლები არ არის მზად ასეთი წყლის სრულფასოვნად ათვისებისთვის.
არ არის რეკომენდებული ბავშვისთვის გადადუღებული წყლისა და წვენების მიცემაც (განსაკუთრებით მაღაზიაში ნაყიდი). გამოუვალ მდგომარეობაში, როცა სხვა არჩევანი არ არსებობს, გადაადუღეთ ასეთი წყალი (არანაკლებ 20 წუთის განმავლობაში). გაფილტრული წყლის მიცემა 3 წლამდე ბავშვებისთვის (განსაკუთრებით ონკანის წყლის), არ არის რეკომენდებული, რადგან წყალსადენის წყალი შეიძლება შეიცავდეს ქლორსა და ნიტრატებს. უმჯობესია ბავშვს დაალევინოთ ქარხნული წესით შენახული, მაღაზიაში ნაყიდი წყალი.

- თუ ბავშვი ძუძუს ჭამს საჭიროა თუ არა რომ წყალიც დავალევინოთ?
- ნორმალურ პირობებში, 6 თვემდე ბავშვის ორგანიზმს, რომელიც ძუძუთი იკვებება, სითხის აუცილებელი რაოდენობით, დედა უზრუნველყოფს. დამატებითი საკვების გაცნობის შემდეგ აუცილებლად შესთავაზეთ ბავშვს წყალი, ოღონდ დამტკბარი არა! პატარა განსაკუთრებით საჭიროებს წყალს ცხელ ამინდში.

- საჭიროა თუ არა დავიცვათ კვების შუალედი? რამდენი უნდა იყოს ეს შუალედი?
- ძუძუთი კვება უნდა განხორციელდეს თვისუფალი რეჟიმით. ხელოვნური კვების დროს საკვები კუჭში უფრო დიდხანს ჩერდება, რის გამოც მიზანშეწონილია კვებათაშორის ინტერვალების დაცვა ანუ საათობრივი კვების რეჟიმი. ერთ თვემდე ჩვილი 7 ჯერად კვებაზეა ანუ იკვებება ყოველ 3 სთ-ში ერთხელ ღამის 6 სთ-იანი ინტერვალის დაცვით. 1-4 თვემდე 6 ჯერად კვებაზე , ანუ 3,5 სთ-იანი შუალედით, 4თვის შემდეგ წლამდე 5 ჯერად კვებაზე-4სთ-იანი შუალედით.

- რა პროდუქტების მიღება იკრძალება წლამდე ასაკის ბავშვისთვის?
- წლამდე ასაკის ბავშვებისთვის იკრძალება თხილი,ნიგოზი, სოკო, თაფლი, უმი ჭარხალი, ციტრუსები, კვერცხის ცილა, პომიდორი, კიტრი, ტომატი, უმი ტკბილი წიწაკა, ბადრიჯანი.

- რას გვეტყვით გაყინულ პროდუქტზე? მაგალითად რამდენად არის რეკომენდირებული ხილის გაყინვა და ზამთარში ამ ხილით კომპოტის მომზადება? ან თუნდაც ბოსტნეულის გაყივა და შემდგომი გამოყენება?
- სასურველია სეზონური ხილი და ბოსტნეულის მიღება. თუმცა გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია გაყინული პროდუქტის მიღებაც. პროდუქტი გაყინვამდე ჯერ კარგად უნდა გაირეცხოს, გაშრეს და შემდეგ ისე გაიყინოს. გაყინული პროდუქტი არ უნდა გავადნოთ და ისე ჩავაყაროთ ადუღებულ წყალში.

- როდის შეიძლება ბავშვის კვების რაციონში ჩავრთოთ ხორცეული? რომელი ხორცით ჯობს დაწყება?
- 7 თვიდან რაციონში შესაძლებელია ხორცის ჩართვა. გამოიყენება როგორც ფრინველის ასევე საქონლის ხორცი. კატეგორიულად არ შეიძლება ღორის და ცხვრის ხორცი.8 თვიდან შესაძლებელია თევზის გამოყენებაც

- რა სიხშირით და რა ასაკიდან შეგვიძლია ბავშვს ვაჭამოთ კვერცხი?
- კვერცხის გულის მიღება შესაძლებელია 6-7 თვის ასაკიდან.თავდაპირევლად ვიწყებთ 1/4 -ით და თანდათანობით ვზრდით დოზას.(ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვისთვის 7თვიდან, ხელოვნურზე-6 თვიდან). აუცილებელია კვერცხი მოხარშვის წინ კარგად გაირეცხოს.

- როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ბავშვი უარს ამბობს ამა თუ იმ საკვების მიღებაზე?
- არანაირი სახის საკვების მიღება ბავშვს არ უნდა დავაძალოთ. ბავშვი ხშირად ამბობს უარს საკვებზე, განსაკუთრებით ახალი საკვების შეთავაზების პირველ ეტაპზე, მაგრამ ფარხმალი არ უნდა დაყაროთ, არ დააძალოთ, შესთავაზეთ კვლავ 1 კვირის შემდეგ. თუ უარს ამბობს ულუფის ბოლომდე დამთავრებაზე, ნურც მაშინ დააძალებთ, ბავშვის ორგანიზმი ხშირ შემთხვევაში თავისით არეგულირებს მისაღები საკვების რაოდენობას, ხშირად არ ვთავაზობთ ზუსტად საკმარის კალორაჟს, ხშირად მეტს ვთავაზობთ.დაძალება არ არის გამოსავალი და ხშირად უშედეგოა თუ ისეთ ასაკშია როცა საუბარი შეუძლია, უნდა ავუხსნათ, თუ უფრო მცირე ასაკისაა, მაქსიმალურად კომფორტული გარემო უნდა შევუქმნათ და ნელ-ნელა მივაღწევთ შედეგს.
სალომე გორგოშიძე

45949
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?