როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როდესაც ბავშვი ბჟირდება და სუნთქვას აჩერებს რატომ ბჟირდება ზოგიერთი ბავშვი ტირილის დროს, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ამ და სად ვეძებოთ მიზეზი. ამ თემაზე პედიატრიული პრივატ კლინიკის ნევროლოგი ინგა ბულია გვესაუბრება.
- რატომ ბჟირდება ზოგიერთი ბავშვი ტირილის დროს?
- ჩაბჟირებები, ანუ აფექტურ-რესპირატორული შეტევები ხშირად აღენიშნება გაღიზიანებულ, ჭირვეულ ბავშვებს.
აფექტურ-რესპირატორული შეტევა არის სუნთქვის შეკავების ეპიზოდური შეტევა, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს გონების კარგვა და გულყრა. აღნიშნული ეპიზოდები გულის წასვლის ან ისტერიული შეტევის ადრეული გამოვლინებაა. შეტევები ძირითადად ვითარდება სიცოცხლის პირველი წლის ბოლოსთვის და გრძელდება 2-3 წლამდე. ტირილის დროს ბავშვის ამოსუნთქვისას ვითარდება სუნთქვის შეკავება. ამ დროს ის ჩუმდება, პირი ღია აქვს. აღნიშნული ეპიზოდები გრძლდება 30-60 წამის განმავლობაში. ყველაზე ხშირად აფექტურ-რესპირატორული შეტევები ვითარდება უკმაყოფილების, გაბრაზების შედეგად. ზოგჯერ ეს არის რეაქცია ტკივილზე ჩხვლეტის, დაცემის დროს. მსუბუქ შემთხვევაში სუნთქვა აღდგება რამდენიმე წამში და ბავშვის მდგომარეობა უმჯობესდება, ზოგჯერ შეტევა ხანგრძლივდება, ქვეითდება კუნთთა ტონუსი, ბავშვი დუნდება. შეიძლება დაითრგუნოს ცნობიერება და განვითარდეს გულყრა. გულყრა შეიძლება იყოს ტონური - ვლინდება კუნთთა ტონური დაჭიმულობა, ბავშვის სხეული აკეთებს „რკალს“. კლონური გულყრის შემთხვევაში ვითარდება კუნთების კლონური შეკუმშვები-კრთომები. გულყრის შემდეგ სუნთქვა აღდგება.
- სად უნდა ვეძიოთ პრობლემა, როგორ და რა მეთოდებით უნდა ვიპოვოთ მიზეზი?
- გულყრების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოსტიკის ჩატარება ეპილეფსიურ გულყრებთან, ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევის მეშვეობით.
- მკურნალობის რა მეთოდები გამოიყენება ამ დროს? როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როდესაც ბავშვი ბჟირდება და სუნთქვას აჩერებს?
- აფექტურ-რესპირატორული შეტევების მკურნალობა ტარდება ორი მიმართულებით: პირველ რიგში, აუცილებელია სწორი აღზრდა, ასევე გამოიყენება რიგი პრეპარატები, რომელთაც აქვთ დამამშვიდებელი, სამკურნალო ეფექტები ნერვულ სისტემაზე. აფექტურ-რესპირატორული შეტევის დროს შესაძლებელია ჰაერის დაბერვით, ლოყებზე შეხებით ხელი შევუწყოთ სუნთქვის რეფლექტორულ აღდგენას.
გულყრის დროს ბავშვი უნდა დააწვინოთ სწორ ზედაპირზე, გვერდზე მიუტრიალოთ თავი. უმჯობესია ჩარევა შეტევის დაწყებამდე, როდესაც კიდევ შესაძლებელია მისი თავიდან აცილება.
სალომე გორგოშიძე