ატირებული ჩვილი ბევრ ჰაერს ყლაპავს, რასაც, შეიძლება, კოლიკის გამწვავება მოჰყვეს ჩვილობის პერიოდი ყველაზე რთული იმითაა, რომ ბავშვი ხშირად ტირის. მიზეზის გაგება
გვიჭირს, დაწყნარება - უფრო მეტად. ახალბედა მშობლებს კი პატარას ტირილი უფრო აბნევთ ან ემოციურად ძაბავთ. გთავაზობთ ახალშობილის დაწყნარების რამდენიმე გამოცდილ და კარგად აპრობირებულ მეთოდს.
გახვევა
უფროსებს ჰგონიათ, რომ ბავშვის სახვევში "გაკოჭვა" მისთვის ნამდვილი ტანჯვაა. სინამდვილეში შებოჭილობა პატარას დედის მუცელში განცდილ მდგომარეობას აგონებს, რომელსაც ბოლომდე ვერ გადაეჩვია.
პოზიციის შეცვლა
თუ სახით ზემოთ გიჭირავთ და ამ მდგომარეობაში აშკარად შფოთავს, დაიწვინეთ მკლავზე მუცლით, რომ სახით იატაკს უყურებდეს. ეს პოზა კოლიკის დროსაც შვებას მოგვრის. შეგიძლიათ მუცელზეც მიიკრათ ისე, რომ სახეში გიყურებდეთ. ამ მდგომარეობაში წოლაც შეგიძლიათ და სიარულიც.
მატყუარა "საწოვარა"
ახალშობილს წოვის რეფლექსი მკვეთრად აქვს გამოხატული. ამ გრძნობის დასაკმაყოფილებლად ძუძუ ან "მატყუარა" საწოვარაა საჭირო.
ხმა
ბავშვს ზოგჯერ არაგამაღიზიანებელი ხმაც აწყნარებს. ესეც მუცელში გატარებული დროის გამოძახილია. მთელი 9 თვე გარკვეული ხმები ყოველთვის ჩაესმოდა. ამიტომ ჩართეთ მუსიკა, რომელსაც ფეხმძიმობისას უსმენდით, ყურში ჩაჩურჩულებული "ჩჩშშ..." ასევე კარგად მოქმედებს.
დედის ხმა
ატირებულ ბავშვს მშვიდი და ალერსიანი ხმით ელაპარაკეთ. თან სახესთან მიიახლოვეთ, რადგან მხედველობითი კონტაქტიც საჭიროა. აგრძნობინეთ პატარას, რომ გვერდით ჰყავხართ.
მოძრაობა
დედის მუცელში ყოფნისას ბავშვი აქეთ-იქეთ "ქანაობას" მიეჩვია. ამიტომ რწევა და მოძრაობა მას ყოველთვის სიამოვნებს.
მასაჟი
იწამეთ დედის ხელების ჯადოსნური ძალა. დედის ხელის გადასმა, მოფერება ძალიან დამამშვიდებლად მოქმედებს. ნაზად დაუზილეთ ფეხები, ზურგი, განსაკუთრებით კი - მუცელი, ოღონდ ხელი საათიის ისრის მიმართულებით ამოძრავეთ. ნურც ალერსიან სიტყვებსა და ტკბილ სიმღერას დაივიწყებთ, თუნდაც ოდნავ წაიღიღინეთ.
ბოყინი
ატირებული ჩვილი ბევრ ჰაერს ყლაპავს, რამაც შეიძლება კოლიკის გამწვავებას ან აღმოცენებას შეუწყოს ხელი. ამიტომ ბავშვს ზედმეტი ჰაერისგან გათავისუფლებაში უნდა დაეხმაროთ. დაბოყინება საამისოდ ეფექტური საშუალებაა. ბავშვი მხარზე გადაიწვინეთ მუცლით ქვევით და მსუბუქად "დაუტყაპუნეთ" ხელი ზურგზე.
კომფორტი
შეამოწმეთ, საფენი ხომ არ აწუხებს? შეიძლება ჯერაც მშრალია, მაგრამ სადღაც უჭერს. შეიძლება, უბრალო დასცხა, ამიტომ თუ უმიზეზოდ "წუწუნებს", ცოტა ხნით გახადეთ, საფენის გაუხსენით და "გაანიავეთ".
შეიძლება ტანსაცმელიც აწუხებდეს, შეიძლება მკვეთრმა შუქმაც მოჭრა თვალი.
გაართეთ
ჩვილის "გართობაში" ამ სიტყვის პირდაპირი გაგება არ იგულისხმება. უბრალოთ ეცადეთ, რომ მისი ყურადღება მიიპყროთ - გააჩხაკუნეთ სათამაშო, გააჭრაჭუნეთ ქაღალდი ან პარკი. ანუ მისი ყურადღება რაიმე ახალზე უნდა გადაერთოს.