რომელი ფაფაა ყველაზე სასარგებლო პატარისთვის? პირველი დამატებითი საკვები ჩვილისთვის ბოსტნეულის პიურე და სუპ-პიურეა, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კი მეორე დამატებითი საკვები - ფაფა უნდა მიიღოს. ფაფა ნოყიერი კერძია, რომელსაც ბურღულეულისგან ამზადებენ. ბურღულეული შეიცავს მაღალი ენერგეტიკული ღირებულების ნახშირწყლებს. ფაფის გადამუშავებას ბავშვის კუჭი დიდ დროს ანდომებს. ეს დრო საჭიროა, რათა ორგანიზმმა დახარჯული ენერგია აღიდგინოს. გარდა ამისა, ბურღული შეიცავს ბავშვის ორგანიზმისთვის აუცილებელ მინერალურ ნივთიერებებს, ვიტამინებსა და მცენარეულ ცილებს.
რომელია უფრო სასარგებლო
ჩვილს პირველად შვრიის (ჰერკულესის) ფაფა უნდა მოვუმზადოთ. იგი წიწიბურას, ბრინჯის, სიმინდის ფაფაზე იოლი მოსანელებელია. თავდაპირველად პატარას 5%-იან ანუ ნაკლებად კონცენტრირებულ ფაფას ვუმზადებთ, 3 კვირის შემდეგ კი 10%-იანზე გადავდივართ. ერთ ულუფა ფაფას 5გ კარაქი ემატება. ყველაზე მეტი კვებითი ღირებულება აქვს წიწიბურას ბურღულს. ის მდიდარია ადვილად ასათვისებელი მცენარეული ცილებით, ცხიმებით, სახამებლით, B ჯგუფის ვიტამინებითა და PP ვიტამინით, ასევე - საჭირო მიკროელემენტებით: კალიუმით, ფოსფორით, მაგნიუმით, რკინით. დაღერღილ წიწიბურას ორგანიზმი უფრო ადვილად ითვისებს, მაგრამ მასში სასარგებლო ნივთიერებები უფრო ნაკლებია. ამიტომ უმჯობესია ჩვილს საღი წიწიბურას ფაფა მოუმზადოთ. მეორე ადგილზეა შვრიის ბურღული. მასში განსაკუთრებით ბევრია შეუცვლელი ამინმჟავა, სხვა ბურღულეულზე მეტია ცხიმი, B ჯგუფის ვიტამინები და E ვიტამინი, მიკროელემენტები, რკინა, სპილენძი, თუთია, მანგანუმი. შვრიის ბურღულის სპეციალური დამუშავებით მიიღება ჰერკულესი, ამიტომ ჩვილებისთვის მისგან მომზადებული ფაფა უფრო სასარგებლოა, ვიდრე უშუალოდ შვრიის მარცვლებისგან მომზადებული. მანანის ბურღული სხვებთან შედარებით ნაკლებ უჯრედისს შეიცავს, სამაგიეროდ მდიდარია მცენარეული ცილითა და სახამებლით, თუმცა მინერალური ნივთიერებებისა და ვიტამინების შემცველობით წიწიბურასა და შვრიას ჩამოუვარდება. ალერგიული რეაქციებისაკენ მოდრეკილი ბავშვისთვის მანანის ფაფა არ არის რეკომენდებული. ბრინჯი სახამებლით ყველაზე მდიდარია, მაგრამ მასში ცოტაა მცენარეული ცილა, ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები, უჯრედისის მცირე შემცველობის გამო ბავშვის კუჭი მას ადვილად ამუშავებს, ინელებს და იწოვს, ამიტომ ბრინჯის ფაფა საუკეთესო კერძია იმ პატარებისთვის, რომლებსაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწუხებთ. სიმინდი მდიდარია სახამებლით. მასში ცოტაა ფოსფორი და კალციუმი, მაგრამ საკმაოდ ბევრია რკინა და PP ვიტამინი. ის დიდხანს უნდა ხარშოთ, რათა ორგანიზმმა იოლად აითვისოს. ფეტვის ბურღული კვებითი ღირებულებით სხვებს საგრძნობლად ჩამოუვარდება, თუმცა ფოსფორი, კალიუმი, მაგნიუმი და რკინა მასში გაცილებით მეტია, ვიდრე ბრინჯსა და მანანის ბურღულში. საკვებად ვარგისი რომ გახდეს, ისიც დიდხანს უნდა ვხარშოთ.
სასარგებლო დანამატები და მზა პროდუქტები
კვებითი ღირებულების გასაზრდელად ფაფას ამატებენ ხილს, კენკრას, ბოსტნეულს. დანამატები განსაკუთრებით უხდება ფიტინის მჟავას შემცველ ბურღულეულს: მანანს, ხორბალს. ფიტინის მჟავა ხელს უშლის კალციუმის ათვისებას, ბოსტნეულისა და ხილის დამატებით კი დანაკლისს თავიდან ავიცილებთ. ჩვილებისთვის არსებობს სპეციალური მზა მშრალი ფაფები. ისინი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისგან და გამდიდრებულია ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით, უმთავრესად - რკინით. მშობლის არჩევანია, მზა ფაფებით კვებოს ჩვილი თუ თვითონ მოუმზადოს. განაგრძეთ კითხვა