ჯანმრთელი ბავშვი, რომელიც ძუძუთი იკვებება, ყოველ კვირა 120-500 გრამს იმატებს ხშირად დედები, რომელთა შვილებიც ცუდად იმატებენ წონაში, განგაშს ტეხენ და ათასგვარ ვიტამინსა და დამატებით საკვებზე ფიქრობენ. თუმცა სანამ შფოთვას დაიწყებენ, სიტუაციაში უნდა გაერკვნენ. შეიძლება, ტყუილად ღელავენ და ბავშვის სასწორი დამატებითი გამაღიზიანებელი ფაქტორია. ბავშვს კისავსებით ყოფნის ის, რასაც ჭამს, თუნდაც სასწორი არ ახარებდეს დედას.
უნდა აკონტროლოთ თუ არა ბავშვის წონა? რასაკვირველია, თვეში ერთხელ ექიმთან ვიზიტის დროს ეს ისედაც ხდება და თუ ექიმმა თავად არ დაგინიშნათ ამის კეთება, ჩვილის ჭამამდე და ჭამის მერე აწონვას ძალიან ნუ მიეჩვევით. ხშირი აწონვა სულაც არ იძლევა ობიექტურ ინფორმაციას ჩვილის სრულფასოვან კვებაზე, სამაგიეროდ, დედის ღელვა ბავშვისთვის ძლიერი ინფორმაციაა. ის ამ მღელვარებას იღებს რძესთან ერთად, რომელიც სავსეა სტრესისა და შფოთვის ჰორმონებით. რატომ უნდა ანერვიულოთ პატარა?
სპეციალისტები ამტკიცებენ – იმაში დასარწმუნებლად, ჰყოფნის თუ არა ბავშვს რძე, ის ყოველ თვე უნდა აწონოთ, თვეში ორჯერ ან უკიდურეს შემთხვევაში – კვირაში ერთხელ. ჯანმრთელი ბავშვი, რომელიც ძუძუთი იკვებება, ყოველ კვირა 120-500 გრამს იმატებს. თუ თქვენი მაჩვენებელი გამუდმებით 120 გრამზე ნაკლებია, ექიმს მიმართეთ. შესაბამისი გამოკვლევის შემდეგ მიზეზი გაირკვევა. თქვენ კი უპირველესად იმაზე უნდა იზრუნოთ, რომ დედის რძიდან ბავშვს მხოლოდ სარგებელი ჰქონდეს და თუ გამუდმებით ნერვიულობთ მის წონაზე ან სხვა საკითხებზე, მას არც ისე სასარგებლო რძეს აწვდით. სიმშვიდე, მოთმინება, სიყვარული, სითბო – ეს განცდები უნდა გადაუვიდეს პატარას რძიდან.