რა ასაკიდან ჯობს ცურვის დაწყება? როდის უნდა დავიწყოთ ცურვის სწავლება? რაც შეიძლება ადრე!
მედიკოსები გვარწმუნებენ, რომ ბავშვს ცურვა ახალშობილობის ასაკში უნდა ვასწავლოთ. წლამდე ცურვის სწავლებას განსაკუთრებული თავისებურებები გააჩნია. პატარასთვის ძალზე ადვილია წყალქვეშ ყოფნა.
ცურვის სწავლება შეიძლება დაიწყოთ 3-4 თვიდან. პროცესს აადვილებს წყალში სუნთქვის შეკავების თანდაყოლილი რეფლექსი, რომელიც აქვს ბავშვს დაბადებიდან და 2-3 წლის განმავლობაში. ამ პერიოდისთვის ხორცდება ჭიპლარი და მთავრდება ადაპტაციის პერიოდი. ასეთ ადრეულ ეტაპზე სახლის პირობებში შეიძლება ბავშვის ცურვა დიდ აბაზანაში, ხოლო საცურაო აუზზე ბავშვის წაყვანა შეიძლება 3 თვიდან, როდესაც ბავშვის ორგანიზმი უფრო მეტად მომაგრდება. როდესაც ახალშობილს სახეზე ხვდება წყალი, ის დამოუკიდებლად იკავებს სუნთქვას. ეს საშუალებას აძლევს ბავშვს ჩაყვინთოს ისე, რომ არ გადასცდეს წყალი.
სად დავიწყოთ სწავლება?
ბავშვი უნდა მივიყვანოთ სპეციალიზირებულ საბავშვო აუზზე. ცურვის გაკვეთილების დაწყებამდე აუცილებელია პედიატრის კონსულტაცია. ბავშვს არ უნდა ჰქონდეს სურდო, ალერგია, დიათეზი, ცნს-ის ფუნქციური აშლილობა, თანდაყოლილი ტრავმა და სხვ.
სწავლება სახლის პირობებში
სუნთქვის შეკავების თანდაყოლილი რეფლექსი აუცილებელია გადავიყვანოთ უნარ-ჩვევაში, ამისათვის აუცილებელია სწავლების დაწყება რაც შეიძლება ადრე - დასაწყისში სახლის პირობებში.
რას გვირჩევს სპეციალისტი?
პატარას შეუსრულდა 4 თვე, ჭიპლარის ჭრილობა მოშუშდა, უკუჩვენებები არ გვაქვს? მაშინ დავიწყოთ! წყალში ჩასვლამდე ჩაუტარეთ მსუბუქი ვარჯიშები და მასაჟი. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 36-36,5 გრადუსზე ნაკლები. ნელ-ნელა ჩასვით ბავშვი წყალში, დაიწყეთ ფეხებით. დააწვინეთ მუცელზე. აკონტროლეთ, რომ ცხვირი და პირი ჰქონდეს ჰაერში. თავდაპირველად ბავშვის ტანი გეჭიროთ ორი ხელით. დროთა განმავლობაში, როდესაც პატარა მიეჩვევა წყალს, შეიძლება ერთი ხელით დაფიქსირება ნიკაპის ან კეფის არეში. მეორე ხელი უბრალოდ მიახმარეთ.
ყურადღება, ვყვინთავთ!
ბავშვი იმყოფება წყალში მუცლით. აავსეთ დიდი ტოლჩა წყლით და ხმამაღლა და გარკვევით წარმოთქვით: "ყურადღება! ვყვინთავათ!" და სწრაფად დაასხით წყალი ბავშვს თავზე. ერთი-ორი კვირის მეცადინეობის შემდეგ ერთდროულად ვასხავთ სახეზე წყალს და მაშინვე ვაყვინთვინებთ წამიერად - ეს იქნება პატარას პირველი ჩაყვინთვა.
რამდენ ხანს გრძელდება ცურვის გაკვეთილები ახალშობილისთვის?
სახლის პირობებში ცურვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ბავშვის ხასიათსა და მდგომარეობაზე. პირველი გაკვეთილი არ უნად აღემატებოდეს 5 წუთს. საშუალო დრო აქტიური ვარჯიშისა უნდა შეადგენდეს 10-15 წუთს. თუ ბავშვმა დაიწყო მიმეზობა და ტირილი, შესცივდა (კანზე გაუჩნდა "ბატის კანი"), მოეშვა - ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ მეცადინეობა!
პატარასთან აუზში - რა უნდა იცოდეს დედამ?
• აუზში საცურაოდ შეიძინეთ სპეციალური პამპერსი ცურვისთვის;
• სტანდარტულად აუზის დასუფთავება ხდება ქლორით. თანამედროვე ალტერნატიული დასუფთავება ხდება ულტრაიისფერი სხივებითა და იონიზირებული ვერცხლით. დაინტერესდით, რა მეთოდით ასუფთავებენ წყალს თქვენს აუზში და რამდენად არის დაცული სისუფთავის ნორმები!
• აუზზე სიარულის დაწყებამდე დაგეგმეთ ვიზიტი პედიატრთან.