რას გვეუბნება ყიფლიბანდი, როდის უნდა დაიხუროს და საშიშია თუ არა დაგვიანებული დახურვა
რას გვეუბნება ყიფლიბანდი, როდის უნდა დაიხუროს და საშიშია თუ არა დაგვიანებული დახურვა
ახალშობილს თავზე, ქალას ძვლებს შორის, პატარა ღია უბანი აქვს, რომელიც ნელ-ნელა იხურება. სწორედ ეს არის ყიფლიბანდი. ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მას სხვადასხვა ფუნქცია აკისრია. გვესაუბრება პედიატრიის ინსტიტუტის დირექტორი მამუკა მაისურაძე.

- რა საჭიროა ყიფლიბანდი?
- თავდაპირველად ყიფლიბანდი ბავშვს ამქვეყნად მოვლინებაში ეხმარება: მისი წყალობით თავის ქალას ძვლები იოლად მოძრაობს, ქალა ფორმას იცვლის და დაბადებისას ნაყოფის თავს სამშობიარო გზებში გავლა უადვილდება.
ახალშობილს ორი ყიფლიბანდი აქვს. დიდი რომბისებური ფორმისაა და შუბლისა და თხემის ძვლების შესაყარზე მდებარეობს. მცირე ყიფლიბანდს სამკუთხედის ფორმა აქვს და მდებარეობს
კეფაზე, კეფისა და თხემის ძვლების შესაყარზე.

- როდემდე უნდა იყოს ღია ყიფლიბანდი?
- მცირე ყიფლიბანდი 8-10 თვის ასაკისთვის იხურება, დიდი - თორმეტი-თხუთმეტი თვის ასაკისთვის. ეს დრო საჭიროა, რათა ბავშვის ტვინი ჯეროვნად განვითარდეს და გაიზარდოს.
ნორმაში ყიფლიბანდი თავის ქალას ზედაპირს არ სცილდება. შეხებისას ქალას ძვლებს შორის შეიგრძნობა რბილი უბანი, რომლის ზომები 1,7X1,7-დან 2,5X2,5 სმ-მდე მერყეობს. დიდი ყიფლიბანდი თვეში 2,5მმ-ით მცირდება. ასე რომ, სამი თვის პატარას იგი 1,5-1X1,5-1 სმ ზომისა უნდა ჰქონდეს. თუ ოთხი თვის ბავშვის ყიფლიბანდის ზომები 1X1სმ-ზე ნაკლებია, ესე იგი, ის დახურვას ჩქარობს.

- რა შეიძლება იყოს ნაადრევი დახურვის მიზეზი?
- ყიფლიბანდის დახურვას რამდენიმე შინაგანი ფაქტორი აჩქარებს, მაგალითად - როცა დედა ორსულობისას დიდი ოდენობით იღებს
პოლივიტამინების კომპლექსს, კალციუმის პრეპარატებსა და ხაჭოს. აქვე გეტყვით, რომ კალციუმის სიჭარბე ნაყოფის ძვლებს ამაგრებს და სამშობიარო გზებში გავლისას პრობლემებს უქმნის. მაგალითად, ამ მიზეზით არის განპირობებული ჰემატომები - სისხლჩაქცევები თავის ტვინში, თვალში, ძვალსაზრდელში (კეფალოჰემატომა). ასე რომ, გირჩევთ ორსულობის პერიოდში სამკურნალო პრეპარატები, თუნდაც ერთი შეხედვით უწყინარი პოლივიტამინები, და საკვები მხოლოდ გინეკოლოგთან შეთანხმების შემდეგ მიიღოთ.

- აფერხებს თუ არა ყიფლიბანდის ნაადრევი დახურვა ბავშვის გონებრივ განვითარებას?
- ბოლო დროს ყიფლიბანდის ნაადრევ (10 თვის ასაკისთვის) დახურვას აქსელერაციის პროცესებითაც ხსნიან, მაგრამ თუ ყიფლიბანდის ნაადრევი დახურვა კალციუმ-ფოსფორის ცვლის დარღვევის შედეგია, რა თქმა უნდა, პროცესი ტვინზეც იმოქმედებს და ბავშვის გონებრივ განვითარებას შეაფერხებს.

- საშიშია თუ არა საპირისპირო პროცესი - ყიფლიბანდის დაგვიანებული დახურვა?
- ყიფლიბანდის დაგვიანებული დახურვის მიზეზი კალციუმის დეფიციტია, რაც, თავის მხრივ, ვიტამინ D3-ის ნაკლებობას უკავშირდება. D ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტი მხოლოდ ყიფლიბანდის დახურვას კი არ აფერხებს, არამედ რაქიტსაც იწვევს. ამ დროს პატარები მოუსვენრობენ, ჭირვეულობენ, ცუდად სძინავთ, ეწყებათ ჭარბი ოფლიანობა, კეფის გამელოტება (ალოპეცია), კიდურები დეფორმირებული აქვთ, კბილები დაგვიანებით ამოსდით და სიარულის სპეციფიკური მანერა უყალიბდებათ.

- შესაძლებელია თუ არა კალციუმ-ფოსფორის ცვლის დარღვევის თავიდან აცილება?
- დაავადება რომ არ გამოგეპაროთ, ჩამოთვლილი ნიშნების შემჩნევისთანავე მიმართეთ პედიატრს. პატარას უნდა ჩაუტარდეს კომპლექსური სამედიცინო შემოწმება, სისხლისა და შარდის გამოკვლევა კალციუმისა და ფოსფორის შემცველობის გამოსავლენად. კალციუმ-ფოსფორის ცვლის დარღვევით გამოწვეულ დაავადებას - რაქიტს ხშირად თან სდევს ვეგეტატიური ნერვული სისტემის დარღვევები, კუნთთა ტონუსის სისუსტე და ძვლოვანი დეფორმაციები. ასეთი ბავშვები კუნთოვანი სისუსტის გამო კუჭ-ნაწლავის შეკრულობისკენ არიან მიდრეკილნი. საჭიროებისას, ოსტეოპოროზის გამოსარიცხად, აუცილებელია რენტგენოლოგიური გამოკვლევაც. ასეთ სიტუაციაში პატარას პედიატრის, ნევროპათოლოგისა და ორთოპედის მეთვალყურეობა სჭირდება. ყიფლიბანდის დაგვიანებული დახურვა არცთუ იშვიათად ფსიქომოტორული განვითარების შეფერხებას, ქალასშიდა წნევის მომატებას იწვევს.

- რას ურჩევთ მშობლებს, როცა კალციუმ-ფოსფორის ცვლის დარღვევის შედეგად ჩვილის ყიფლიბანდი დახურვას აგვიანებს?
- კალციუმ-ფოსფორის ცვლის დარღვევა თავიდან რომ ავიცილოთ, ბავშვის ორგანიზმი ვიტამინ D3-ით უნდა მოვამარაგოთ. განსაკუთრებული ყურადღება შემოდგომაზე და ზამთარში დაბადებულ ბავშვებს სჭირდებათ. გარდა ამისა, ოთხი თვიდან პატარების რაციონში უნდა შეიტანოთ ბოსტნეულის პიურე, ხოლო ექვსი თვიდან - ხაჭო. რაც შეიძლება მეტხანს ასეირნეთ სუფთა ჰაერსა და მზეზე - მზე ხომ ვიტამინ D3-ის წყაროა.

იხილეთ მეტი
66268
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (33)
sofiko
0
rogor moviqce, 1 wlis aris bavashvi ar vadzlebdu D3 , maagram garet xshirad gamyavda da myavs, ar daexura yiplibandii, sanam pjaxis eqins mivmartav rogor moviqce?
23:40 / 01-08-2020
ნინო
5
გამარჯობა 3წლინახევრისაა ჩემი შვილი და არ აქვს ბოლომდე ყიფლიბანდი დახურული როგორ მოვიქცე
00:11 / 17-01-2020
მსგავსი სიახლეები