დღის რეჟიმი ბავშვის კომფორტისთვის არის შედგენილი, დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში გაწერილი ქმედებები რას ნიშნავს გამოთქმა "დღის რეჟიმი? გაქვთ პასუხი? ძალიან კარგი, ახლა თქვენი პასუხი სპეციალისტების განმარტებას შეადარეთ. პირველ რიგში გახსოვდეთ, რომ დღის რეჟიმი ეს ბავშვის კომფორტისთვის შედგენილი, დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში გაწერილი ქმედებებია, რომლებიც ეხმარება პატარას, რომ ძირითადი მოთხოვნები ყოველთვის დაკმაყოფილებული ჰქონდეს. კონკრეტულად კი, დადგენილი დრო როცა უნდა გაიღვიძოს, როცა საკვები უნდა მიიღოს და დღეში ორჯერ სუფთა ჰაერზე გასვლაც მოასწროს.
რეგულარული დღის განრიგი დადებითად მოქმედებს ბავშვის არა მარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქოემოციურ განვითარებაზე. დღის რეჟიმი ბავშვს ე.წ. 3 წლის ასაკის კრიზისის გადალახვაშიც ეხმარება, რომელიც შეიძლება 2,3 წლის ასაკშიც აღმოცენდეს და 4 წლის ასაკშიც.
კვების რეჟიმი
ბავშვის კვების საკითხში ზომიერებას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ბავშვების ინდივიდუალობიდან გამომდინარე, ძნელია ყველა ბავშვს ერთი რეჟიმი მოარგო. თუმცა ზოგადი რეკომენდაციები მაინც არებობს. საუზმე, სადილი, სამხარი და ვახშამი ყოველთვის ერთსა და იმავე დროს უნდა შესთავაზოთ. სხვათა შორის, ეს რეჟიმი არც თქვენ გაწყენთ, თანდათან კი მიხვდებით, რამდენად გაგიადვილებთ განრიგის დაცვა ბავშვის კვების პროცესს. ერთ რიტმზე აწყობილი ბავშვის ორგანიზმი საჭირო დროს თავად მოითხოვს საკვებს.
სეირნობის რეჟიმი
დღის განმავლობაში მინიმუმ, 2 გასეირნება ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერებისთვის შესანიშნავი საშუალებაა. 3-4 წლამდე ბავშვისთვის დღეში სამი საათით მაინც სუფთა ჰაერზე ყოფნა აუცილებელია. მიუხედავად იმისა, წლის რომელი დროა და როგორი ამინდია. წვიმაშიც კი შეიძლება ქოლგით გასვლა ან ხურვილში შეფარება. მთავარია, ქარი და ყინვა არ იყოს.
ძილის დრო
ძილის ორგანიზება არანაკლებ მნიშვნელოვანი პროცესია ბავშვის ცხოვრებაში. მცირე ასკში ბავშვი იძინებს როგორც დღისით, ასევე ღამით. ორივე შემთხვევაში დასაძინებლად ერთსა და იმავე დროს უნდა გაისტუმროთ. ორგანიზმისთვის ეს რიტმი ძალიან სასარგებლოა. რეჟიმი კი ამ ამოცანის შესრულებაში კარგად დაგეხმარებათ.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვისთვის რეჟიმის დაცვა ფაქტობრივად, დედისგანაც რეჟიმში ცხოვრებას მოითხოვს. ეს შეიძლება თავიდან დამღლელად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში თავადაც წაგადგებათ და გაუთვალისწინებელ პრობლემებსაც აგარიდებთ თავიდან.