თუ გარკვეულ წესებს არ გაითვალისწინებთ, კარიესის განვითარების საფრთხე ყოველთვის იარსებებს ბავშვის კბილების ჩამოყალიბება ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში - ფეხმძიმობის პირველივე ტრიმესტრში იწყება. განუწყვეტლივ მიმდინარეობს მათი მინერალიზაცია, რომელიც ბავშვის დაბადების შემდეგ სრულდება.
კარიესის რისკის ქვეშ დგებიან სარძევე კბილებიც. ვინაიდან კარიესი მემკვიდრულ დაავადებად ითვლება, მისი განვითარება ბავშვს შეიძლება სარძევე კბილებიდან დაეწყოს. თუ მშობლებში მკვეთრად არის გამოხატული კარიესის პრობლემა, ესე იგი ის ბავშვსაც ემუქრება. ამიტომ ამ დაავადების პროფილაქტიკას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ. თუ ბავშვობიდანვე გარკვეულ წესებს არ გაითვალისწინებთ, კარიესის განვითარების საფრთხე მაინც იარსებებს, მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს ჯანმრთელი კბილები აქვთ.
• ქალმა ფეხმძიმობის დროს აუცილებლად საკმარისი რაოდენობით უნდა მიიღოს კალცის შემცველი პროდუქტები. დაივიწყეთ ფრაზები - "არ მიყვარს" და "გუშინწინ ხომ ვჭამე". ყოველდღე საჭიროა D ვიტამინიც, რომლის გარეშე კალცი არ შეითვისება.
• ძუძუთი კვება ერთ-ერთი მთავარი პროფილაქტიკაა. გარდა იმისა, რომ საჭირო ნივთიერებებს იღებს, წოვის პროცესი სწორად აყალიბებს თანკბილვის სისტემას.
• გარკვეული პერიოდის მერე დედის რძის ნივთიერებები საკმარისი აღარ არის და ბავშვის მენიუ აუცილებლად უნდა გაამდიდროთ კალცითა და D ვიტამინით. ამიტომ არის საჭირო ბავშვის პედიარტთან სისტემატური ვიზიტი, რომ მსგავსი საკითხები დროულად მოგვარდეს. პედიატრი მხოლოდ ავადმყოფობის დროს არ უნდა მოინახულოთ.
• პირველივე კბილის ამოსვლის შემდეგ პირის ღრუს მოვლა უნდა დაიწყოთ. თუ ბავშვი თავისით ვერ იხეხავს კბილებს, დედა უნდა დაეხმაროს. დაიხვიეთ თითზე დოლბანდის ნაჭერი, ჩააწეთ გადადუღებულ ცხელ წყალში და სათითაოდ დაიწყეთ კბილების გასუფთავება ძირიდან ბოლომდე.
• თავიდანვე უყიდეთ ბავშვს კბილის ჯაგრისი. მერე რა, რომ ჯერ ვერ იხეხავს, თუნდაც უბრალოდ წუწნოს, თან მიეჩვევა, თან ცოტას მაინც გაისუფთავებს კბილებს.
• 1,5-2 წლის მერე ბავშვი სისტემატურად უნდა მიაჩვიოთ კბილების დამოუკიდებელად ხეხვას. თავიდან მხოლოდ სველი ჯაგრისიც იკმარებს (სანამ სწორად ხეხვას ისწავლის, თორემ კბილის პასტას, ძირითადად, გადაყლაპავს). როცა დარწმუნდებით, რომ ჯაგრისის სწორად მიოძრაობის ტექნიკა აითვისა, შემდეგ გადადით პასტაზე. ოღონდ, ყურადღება მიაქციეთ, რამდენ პასტას ხმარობს. არ არის საჭირო ჯაგრისის გავსება, ერთი წვეთიც საკმარისია.
• არ მისცეთ ბავშვს ტკბილეული და ტკბილი სასმელი ღამით, მით უმეტეს, ძილის წინ. ბავშვის ემალი ძალიან თხელია და შაქართან ხანგრძლივად კონტაქტი მას სწრაფად აზიანებს.
• თუნდაც კბილებზე ვერაფერს ამჩნევდეთ, სისტემატურად მოინახულეთ ბავშვთა სტომატოლოგი წელიწადში ორჯერ მაინც. ბავშვთა კარიესი მოზრდილებისგან განსხვავებით იწყება. შეიძლება წერტილი ჰქონდეს, მაგრამ ამ დროს დენტინი (კბილის ძირითადი ქსოვილი) უკვე დაშლის პირას იყოს. სტომატოლოგი თქვენზე ადრე შეამჩნევს პრობლემას და მკურნალობასაც დროულად დაიწყებთ.
• მცდარია მოსაზრება, რომ კბილებს, რომლებსაც ბავშვი ისედაც მოიცვლის, მკურნალობა არ სჭირდება. სინამდვილეში დაზიანებულ-დაჩირქებული დროებითი კბილი მუდმივის ჩანასახს აზიანებს. ამიტომ მათი მოწესრიგება უცილებელია.