როდის ითვლება ჯდომა, სიარული ან მეტყველება დაგვიანებულად და როდის აღარ უნდა დაელოდოთ პრობლემის "თავისით მოგვარებას"

ბევრი პრობლემა ბავშვებში ჩვილობიდან ან ადრეული ასაკიდან იღებს სათავეს. ზოგიერთი ნიშანი საკმაოდ ადრე გვატყობინებს, რომ პატარას დახმარება სჭირდება, თუმცა ბევრი მშობელი ამას ყურადღებას არ აქცევს ან ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანი არია. რა არის ის ნიშნები, რაც მშობელს არ უნდა გამოგეპაროს, რა ითვლება ნორმიდან გადახრად ან რა არის იმის მანიშნებელი, რომ ბავშვის განვითარებაში გარკვეული შეფერხებაა. ამის შესახებ ბავშვთა ნევროლოგი სოფო ტატიშვილი გადაცემა „სხვა შუადღეში“ საუბრობს.
სოფო ტატიშვილი:
„ბავშვის განვითარებისას გარკვეული ტიპის შეფერხებები ნეიროგანვითარებით დარღვევებში განიხილება. ამ დარღვევათა სიხშირემ ბოლო დროს საგრძნობლად მოიმატა,
განსაკუთრებით კი 3-დან 7 წლამდე ასაკში. მიდგომა, რომ „მამაც სამ წლამდე არ ლაპარაკობდა“, „დედამაც ორი წლისამ გაიარა“, ხდება ხოლმე დაგვიანებული მომართვის მიზეზი.
კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოტორულ განვითარებაში გახლავთ თავის ჭერა, რომელიც 1 თვის ასაკში უნდა მოხდეს.
  • 1 თვის ბავშვს ხელში ვერტიკალურად ჭერის დროს და ასვე მუცელზე წოლისას, თავი მაღლა უნდა ეჭიროს.
  • 4 თვის ასაკისთვის ზურგიდან მუცელზე და მუცლიდან ზურგისკენ ბრუნვა უნდა შეეძლოს. მაქსიმუმ 10 თვის ასაკისთვის მყარად უნდა იჯდეს.
  • სიარული ყველაზე გვიან წლინახევრის ასაკში უნდა დაიწყოს. წონა ზოგადად მოძრაობაში უშლის ხელს ბავშვს, მაგრამ ნორმაში მაინც უნდა ჩაჯდეს.
ჯდომასაც თავისი ეტაპები აქვს:
  • 6 თვის ასაკიდან არის არამყარი ჯდომა, როცა რაიმეზე მიყრდნობა სჭირდება
  • 8 თვიდან უკვე საკუთარ ხელებზე დაყრდნობით უნდა
    ინარჩუნებდეს ჯდომის პოზას.
  • 10 თვის ასაკში კი ისე მყარად უნდა იჯდეს, რომ სათამაშოს ასაღებად რომ მიტრიალდება, არ უნდა გადავარდეს.

რაც შეეხება საკომუნიკაციო უნარებს, რაშიც მეტყველებაც შედის.
  • 1 თვიდან 2 თვემდე ასაკისთვის უნდა იყოს მზერის ფიქსაცია, თუნდაც წამიერი. უნდა მიხვდე, რომ შემოგხედა ან რაიმე საგანს შეხედა. მშობლებს ამ დროს რაიმე მკვეთრი ფერის საგნის გამოყენებას ვურჩევთ.
  • 2 თვის ასაკიდან რაიმე ფერად საგანს თვალს უნდა აყოლებდეს. თუ არ აყოლებს, შეიძლება საგანგაშო არ იყოს, მაგრამ საყურადღებო ნიშანია.
  • 3 თვის ასაკიდან უნდა უღიმოდეს დედას, ემოციებს უნდა გამოხატავდეს.

ზოგადად, ნეიროგანვითარებითი დარღვევების რისკჯგუფში არიან ბავშვები, რომლებიც ასფიქსიით დაიბადნენ, არ იტირეს დაბადებისთანავე ან დღენაკლულები არიან. ასეთ ბავშვებს მეტი ყურადღებით ვაკვირდებით.

რაც შეეხება მეტყველების განვითარებას, იწყება აღუთი, გრძელდება ღუღუნით.
  • 16 თვის ასაკში სიტყვები უნდა დაიწყოს.
  • 18-14 თვეზე ორისიტყვიან წინადადებებს უნდა ამბობდეს.

3 წლის ასაკში თუ არაფერს ამბობს, ეს უკვე პრობლემაა და სპეციალისტმა აუცილებლად უნდა შეაფასოს. თუნდაც თავისი გამოგონილი სიტყვებით ან ჟესტებით საუბრობდეს, 3 წლის ასაკში ეს ნამდვილად დაგვიანებულია და უნდა მიმართოთ ნევროლოგს, ბავშვთა ფსიქიატრს. აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება, სხვა ნიშნებსაც. უყვარს თუ არა თამაში, ნაკლები ინტერესი ხომ არ აქვს სათამაშოებისადმი."

349
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები