ლოგოპედები იმ მიზეზებს ასახელებენ, რის გამოც შესაძლოა, ბავშვი 2 წლის ასაკის შემდეგაც არ ლაპარაკობდეს:
ბიოლოგიური
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ჯანმრთელობასა და ჩამოყალიბებულ ნერვულ სისტემას მეტყველების დროული განვითარება შეუძლია. მეტყველების ცენტრის უჯრედები თავის ტვინის სხვა უბნებს უკავშირდებიან, მაგრამ, არის შემთხვევები, როდესაც მათ უბრალოდ "სძინავთ". დაზიანებული კი არ არის, მაგრამ განვითარების ტემპით აგვიანებენ. ამ დროს შესაძლოა ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყოს. ამიტომ, ექიმები მშობლებს ურჩევენ, მიუხედავად იმისა, ბავშვს აქვს თუ არა რაიმე ტიპის ნევროლოგიური დაავადება, მაინც ჯობს სპეციალისტს მიმართონ და გაარკვიონ სიტუაცია.
სქესი
ექსპერტების აზრით, მეტყველების განვითარებაზე ბავშვის სქესიც ახდენს გავლენას. ბიჭებში ადრეულ ეტაპზე მეტყველების ფორმირება და მოტორული ფუნქციების განვითარება შესაძლოა უფრო ნელა მიმდინარეობდეს, ვიდრე გოგონებში. ექსპერტების აზრს ხშირად მშობლებიც იზიარებენ.
მემკვიდრეობითი
თუ თქვენი შვილი 2 წლის შემდეგ არ ლაპარაკობს, ნათესავებს ჰკითხეთ, ხომ არ ჰქონიათ მსგავსი შემთხვევა. შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ თქვენი ქმარიც არ საუბრობდა 2 წლამდე, ხოლო თქვენმა საკუთარმა ძმამ კი 3 წლის შემდეგ დაიწყო ლაპარაკი. ლოგოპედები განმარტავენ, რომ ბავშვებს მეტყველების ჩვევები მემკვიდრეობით გადაეცემათ. ამის გამო დედები უშფოთველად ელოდებიან, როდის ალაპარაკდება ბავშვი, თუმცა თუ ორი წლის შემდეგ წინსვლა არ ჩანს, სპეციალისტს მაინც უნდა აჩვენოთ. შეიძლება ნერვული სისტემა გამართულად მუშაობდეს, ბავშვი ჯანმრთელი იყოს და მაინც გვიან ალაპარაკდეს, ეს ფაქტორიც გაითვალისწინეთ.
ფსიქოლოგიური
თუ ყველაფერი რიგზეა და ბავშვი მაინც არ ლაპარაკობს, შეიძლება ფსიქოლოგიური ფაქტორი იყოს. ექიმები ამბობენ, რომ ახლა ეს პრობლემა ბევრს აწუხებს. ბავშვებს უბრალოდ არ სურთ ლაპარაკი, არ უნდათ, რომ გაიმეორონ ფრაზები თუ სიტყვები, რასაც უფროსები ეუბნებიან, კომუნიკაციის დროს ყურებზე ხელს იფარებენ. მეტყველება გვიან ვითარდება. მსგავს შემთხვევაში ზოგჯერ სპეციალისტები აუტისტურ სპექტრზე საუბრობენ. ამ დროს ხომ ბავშვებს არ სურთ ურთიერთობა. ამიტომ, უნდა დარწმუნდეთ, თქვენი შვილი ფსიქოლოგიური ფაქტორის გამო არ საუბრობს, თუ პრობლემა აქვს.
სოციალური
ადამიანები სულ უფრო ცოტა დროს უთმობენ ურთოერთობებს, მათ შორის, შვილებთან. ორი წლის ბავშვმა შესაძლოა ძალიან კარგად იცოდეს, როგორ ჩამოტვირთოს და დააინსტალიროს სხვადასხვა აპლიკაცია ტელეფონში, მაგრამ კომუნიკაცია გაუჭირდეს. ექიმები ამბობენ, რომ ბავშვის განვითარება პირდაპირაა დამოკიდებული ცოცხალ ურთიერთობებთან, საუბართან. როდესაც ის მარტო ზის ტელევიზორთან, ტელეფონთან თუ სხვა მოწყობილობასთან, არანაირი მიზეზი არ აქვს, ილაპარაკოს, რაც განვითარების შეფერხების წინაპირობაა.
როდის უნდა დაიწყოთ ნერვიულობა?
ექსპერტების აზრით, გარდამტეხი ასაკი 2 წელია. მაგრამ, თუ ბავშვი 1,5 წლის ასაკში ცალკეულ სიტყვებს არ წარმოთქვამს, არ აქვს საუბარზე რეაქცია, მაშინ დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
სპეციალისტები ასევე ამბობენ, რომ აუცილებელია მოტორული უნარების განვითარება. მაგალითად, ასწავლეთ თქვენს შვილს კიბეზე ასვლა, ორ ფეხზე ან ცალ ფეხზე ხტუნვა, ასაკის შესაბამის ველოსიპედზე დაჯდომა, 5 წლის ასაკისთვის კი ორბორბლიან ველოსიპედზეც შეგიძლიათ დასვათ. ასწავლეთ ბურთით თამაში, როგორ უნდა გადაუგდოს მეგობარს, გაუგოროს, ბადეში ჩააგდოს თუ სხვა. მოტორული განვითარება მეტყველების გავითარებასაც ეხმარება. ბევრი ესაუბრეთ თქვენს შვილებს და ხელი შეუწყვეთ, მათ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას.