ეტლებში სახით წინ მსხდომ პატარებს შეიძლება, განვითარების შეფერხება აღმოაჩნდეთ ჩვეულებრივი საბავშვო ეტლები, რომლებშიც ბავშვი სახით წინ ზის, ბავშვის ფსიქიკურ განვითარებას ემუქრება. ამ დასკვნამდე მივიდნენ შოტლანდიელი მეცნიერები ეტლებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად. მათი განცხადებით, ეტლებში სახით წინ მსხდომ პატარებს შეიძლება განვითარების შეფერხება ან მოზრდილობაში შფოთვის მაღალი დონე აღმოაჩნდეთ.
საქმე ისაა, რომ ეტლებით სეირნობისას ბავშვები უფროსების ყურადღებას ვერ იქცევენ და თუ დიდხანს მოუწიათ სეირნობა, ამ ხნის განმავლობაში არც ხმას გასცემს მათ ვინმე. კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 2 700 მშობელი გამოკითხეს და აღმოაჩინეს, რომ ეტლით სეირნობისას ბავშვს მხოლოდ მშობლების 11% ესაუბრება (იგულისხმება ე.წ. დასაჯდომი "კალიასკები", რომელშიც მშობელი ბავშვს სახეში ვერ უყურებს). მეცნიერთა თქმით, სიცოცხლის პირველ წლებში, როცა ტვინის ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს, დედასთან განუწყვეტელ კონტაქტს დიდი მნიშვნელობა აქვს. ყურადღებისა და ალერსის გარეშე კი ტვინის მდგომარეობა იცვლება, იწყება შფოთვა და ურთიერთობის უნარის შეფერხება.
მშობლებთან კონტაქტი ბავშვის ტვინს საშუალებას აძლევს გამოიმუშავოს სტრესთან გამკლავებისა და სოციალური კავშირების დამყარების უნარი. დაბადებიდან სამ წლამდე ბავშვის ტვინში 20-ჯერ მეტი კავშირი მყარდება - ასე სწრაფად ადამიანის ტვინში პროცესები მთელი სიცოცხლის განმავლობაში აღარ მიმდინარეობს.
"ჩვენი დაკვირვებით, თანამედროვე სასეირნო ეტლებში ბავშვის ემოციური მდგომარეობა ძალიან დაქვეითებულია. ბავშვები გამუდმებით იღებენ სტრესს, რის გამოც მოზრდილობაში მუდმივი შფოთვის ქვეშ იმყოფებიან", - აცხადებს ექიმი სუზან ზიდიკი.
ეტლში, სადაც ბავშვი მწოლიარე ან ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაშია და სახით უფროსს უყურებს, პატარა ხშირად იცინის, უკეთ სძინავს, შესაბამისად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ფსიქიკური დარღვევების რისკიც ნაკლებად ემუქრება. ბევრად ნაკლებია სტრესის დონეც.
3 წლამდე ბავშვები ეტლებში, საშუალოდ დღეში 2 საათს მაინც ატარებენ.