მოზარდობის ასაკში ბავშვები სხვადასხვა სახის ცვლილებას განიცდიან. იცვლება როგორც ფიზიკური აღნაგობა, ასევე ფსიქოლოგიური ფონი, დამოკიდებულებები, ინტერესები და ასე შემდეგ. ამავე ასაკში შესაძლოა სხვადასხვა ჩივილი იყოს გამოხატული, თუმცა მშობლები თვლიდნენ, რომ ეს გარდატეხის პერიოდისთვის ნორმალურია და დამატებით, სპეციალისტის ჩართვა საჭირო აღარ არის.
ხათუნა ხაჟომია - არასამთავრობო ორგანიზაციის
"თანადგომა" ფსიქოლოგი, ტრენერი, პროგრამების მენეჯერი მშობლებისთვის განკუთვნილ საინტერესო გადაცემაში ამ თემაზე ენდოკრინოლოგს, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს
თამარ გოდერიძეს ესაუბრა. თამარ გოდერიძე გამოყოფს იმ ძირითად ენდოკრინულ პათოლოგიებს, რომლებიც მოზარდობის ასაკში იჩენს ხოლმე თავს და მშობლებს კონკრეტულ რეკომენდაციებს სთავაზობს:
- პუბერტატული, ე.წ. გარდატეხის პერიოდი გოგონებსა და ბიჭებში სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. გოგონებში ეს 9 წლიდან იწყება და დაახლოებით, 16 წლამდე გრძელდება. ვაჟებში ცოტა უფრო გვიან, 10 წლიდან იწყება და 18 წლამდე გრძელდება. ასაკი გაახალგაზრდავდა, არის შემთხვევები, როდესაც 8-დან 9 წლამდე პერიოში უკვე მიღებულ ნორმად ითვლება, თუმცა 8 წელზე ადრე ნაადრევი მომწიფების პერიოდია. ამ შემთხვევაში მშობელი უნდა დაინტერესდეს და სპეციალისტს მიმართოს. აღსანიშნავია, რომ 8 წელზე ადრეული ასაკი ეს ის პერიოდია, როდესაც მშობლისა და შვილის ურთიერთობების მომენტი ჩვეულ რეჟიმშია, რაც ბავშვობის დროს იყო. 10 წლიდან ზემოთ ბავშვები უფრო გაუცხოებას განიცდიან, ამიტომ, მშობელს აღარ აქვს საშუალება, ყოველდღიურად დააკვირდეს - ბავშვი თავად იცვამს, დამოუკიდებლად ასრულებს ჰიგიენურ ნორმებს... ძალიან მარტივად რომ განვსაზღვროთ, სქესობრივი განვითარების პერიოდი სიმაღლეში ზრდის დასრულებას უკავშირდება. გავრცელებულია მითი, რომ ვაჟები 25 წლამდე იზრდებიან, რაც არასწორია. დაახლოებით, პროცესი 18 წლისთვის სრულდება, თუმცა ესეც არ არის დოგმა, რადგან ზოგისთვის შეიძლება 19 წლამდე, ზოგისთვის კი - 17 წლამდე გაგრძელდეს. მაგრამ, როდესაც სიმაღლეში ზრდა სრულდება, ძირითადად, სქესობრივი განვითარების სრული სპექტრია გამოხატული.
თამარ გოდერიძემ ასევე ისაუბრა, ენდოკრინული თვალსაზრისით, რა დარღვევები არსებობს სქესობრივი მომწიფების პერიოდში, რასაც მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ:
- თუ ენდოკრინული პათოლოგიების ჩამონათვალს ვგულისხმობთ, შეიძლება საკმაოდ ბევრი შეგვხვდეს, თუმცა თუ ცალკე აღებულ ქცევას ვგულისხმობთ, ამ შემთხვევაში, ხანდახან შეიძლება არანაირი ენდოკრინული პათოლოგია არ არსებობდეს, მაგრამ მოზარდის ქცევა ჰორმონალური ძვრებით იყოს განპირობებული. მეცნიერებისა და კლინიცისტების აზრი ორად იყოფა. არსებობს მთელი რიგი მოსაზრებები, რომლის მიხედვითაც, თუ სერიოზული დარღვევა არ აღინიშნება, ამ შემთხვევაში, ზრდის დასრულების პროცესს უნდა ვაცადოთ და ხელოვნურად არ ჩავერიოთ. არ დავნიშნოთ ისეთი მედიკამენტები, რომლებიც ჰორმონალური სპექტრის მნიშვნელოვან ცვლილებებს განაპირობებს.
არსებობს მეორე მოსაზრება, რომ მცირედი დარღვევის შემთხვევაშიც კი მაქსიმალური დაკვირვების რეჟიმში, მთელი რიგი ცვლილებების კორექცია სწრაფად დავიწყოთ. მე ვიტყოდი, რომ ალბათ, ჯობს მშობელი უფრო მეტად ყურადღებიანი იყოს და ექიმთან ვიზიტი დაგეგმოს, თუნდაც ეს ჰიპერდიაგნოსტიკა იყოს და არ გამორჩეს, ვიდრე ახლობელმა ურჩიოს და ჩათვალოს, რომ გამოხატული ნიშნები ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ცვლილებაა.
მთელი რიგი ენდოკრინული პათოლოგიები, როგორებიცაა ფარისებრი ჯირკვლის დარღვევა, თირკმელზედა ჯირკვლის დარღვევა, ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური სისტემის დარღვევა ხანდახან ისეთ ძვრებს იწვევს, რომელშიც მოგვიანებით ჩარევა და კორექცია ხანდახან საკმარისი აღარ არის ხოლმე. დღევანდელი გადმოსახედიდან, პირველი რიგის პრობლემად მაინც ჭარბი წონა გვევლინება, რომელიც თუ გასულ საუკუნეში მოზარდებში არ შეინიშნებოდა, ამ საუკუნეში ძალიან გამოხატულია და შემდგომში მთელი რიგი ენდოკრინული პათოლოგიების არსებობას იწვევს. მშობელმა მოზარდის ცხოვრების სტილზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. დღეს ეკრანული დრო ძალიან გაიზარდა. სამწუხაროდ, ონლაინ სწავლების სისტემას რამდენადაც თავისი პლუსი აქვს, ასევე აქვს მთელი რიგი მინუსები და ერთ-ერთი მათგანი მჯდომარე ცხოვრების წესია, რომელსაც მოზარდი არ უნდა მიმართავდეს. მინიმუმ 1 საათი ბავშვი ფიზიკურად უნდა დაიტვირთოს, ეს იქნება ცეკვა, ნებისმიერი ხასიათის ვარჯიშები თუ სხვა. წონის დარღვევა, არა მხოლოდ ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, არამედ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებით, ე.წ. ჰიპოთირეოზით, თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიებით გამოწვეული შეიძლება გახლდეთ, რომელსაც მთელი რიგი დარღვევების ჩამოყალიბებასთან მივყავართ. მაგალითად, გოგონებში - საკვერცხის პოლიკისტოზს, რომელიც შემდგომში, რეპროდუქციულ ასაკში ფერტილიზაციის პრობლემებს იწვევს და ასე შემდეგ. ასე რომ, თუკი მშობელი შენიშნავს, რომ მის შვილს აქვს ჭარბი წონა, არასწორი გათმიანება, ან თუ აღმოაჩენს, რომ რომელიმე კრიტერიუმი განვითარების პარამეტრებს არ აკმაყოფილებს, სასურველია, რომ მაინც გაიაროს კონსულტაცია სპეციალისტთან. პირველ რიგში, უნდა გამოირიცხოს სტრუქტურული პათოლოგიები, ენდოკრინული დარღვევები და შემდგომ უნდა გაკეთდეს აქცენტი ფსიქოლოგთან ვიზიტზე. სამწუხაროდ, ხშირად ხდება, მშობელი თვლის, რომ ბავშვს ქცევითი დარღვევა აქვს, მიდის ფსიქოლოგთან, ამით გადაფარვა, შენიღბვა ხდება იმ მთელი რიგი ენდოკრინული დაავადებების და ყურადღების მიღმა ძირითადი მიზეზი გვრჩება ხოლმე.
ენდოკრინოლოგმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ნიშნებზე, რა დროსაც ექიმთან ვიზიტი მნიშვნელოვანია:
- თუ წონაში მატებაა გამოხატული, თუ ბავშვი ზარმაცობს, დროს ვერ ანაწილებს, ყურადღება აქვს დაქვეითებული, უჭირს კონცენტრაცია, ამ შემთხვევაში, პირელ რიგში, ფარისებრი ჯირკვალი უნდა შეფასდეს. ასევე, მნიშვნელოვანია D ვიტამინის განსაზღვრა ან პროფილაქტიკის მიზნით მისი მიღება. თუკი ჰორმონალური ცვლილება თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიითაა განპირობებული, ამ დროს ბავშვის აღნაგობა იცვლება, ჩნდება სტრიები. მშობლებს ამ შემთხვევაში სტრიების მახასიათებლების გარჩევა უჭირთ. თეთრი შეფერილობის სტრიები, როგორც წესი, წონის სიჭარბითაა გამოწვეული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება ე.წ. იისფერი სტრიების არსებობას მიაქციონ, რომელიც თირკმელზედა ჯირკვლისთვისაა დამახასიათებელი.
ხანდახან მშობლებს, განსაკუთრებით ბებია-ბაბუებს მოსწონთ, რომ ბავშვი პუტკუნაა, ამ მხრივ ყურადღებას არ აქცევენ და უხარიათ, თვლიან, რომ ეს გაცილებით ჯანმრთელი მდგომარეობაა, ვიდრე გამხდარი ბავშვის შემთხვევაში. მსგავს შემთხვევაშიც დიფერენცირება აუცილებელია. ასევე, მშობელმა სასქესო ნიშნების განვითარების თანმიმდევრობა უნდა იცოდეს. გოგონებში თავდაპირველად ჯერ მკერდის გაზრდა იწყება, ბიჭებში კი სათესლე ჯირკვლების გაზრდა. შემდეგ მოდის თმიანობა ბოქვენსა და იღლიის მიდამოში. ეს პარამეტრები თუ დარღვეულია და მაგალითად, თმიანობის მატება ზემოთ ჩამოთვლილს წინ უსწრებს, ამასაც ყურადღება უნდა მიაქციონ იმიტომ, რომ შესაძლოა ორგანიზმში არა მხოლოდ ენდოკრინული პრობლემა მიმდინარეობდეს, არამედ სისმივნური პათოლოგია იყოს გამოხატული. ამიტომ, ჯობს მშობელმა ყურადღება გაამახვილოს, არ ჩათვალოს ნორმად და მისი შეფასება სპეციალისტს მიანდოს, რადგან 10-დან 16 წლამდე პერიოდში ხანდახან იმ სიმსივნეების მანიფესტირების რისკია, რომლებიც თანდაყოლილია და შემდგომ, ჰორმონალური ძვრების დროს თავს იჩენს. გარდა ამისა, ზოგიერთი მშობელი ყოველ თვე ან ერთი თვის გამოტოვებით საკუთარ შვილს თავისი გადაწყვეტილებით ასმევს ვიტამინს, რაც არ შეიძლება. ვიტამინი ნივთიერებათა ცვლის გამაძლიერებელია, რომელმაც შეიძლება კარგი ძვრებიც გამოიწვიოს და ცუდიც. ამ შემთვევაში, ოჯახის ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია.
თამარ გოდერიძემ ასევე მშობლებს გაუზიარა ის ძრითადი რეკომენდაციები, რაზეც მოზარდობის ასაკში კიდევ ერთელ უნდა გაამახვილონ ყურადღება:
- პირველ რიგში, ჭარბ წონას აღვნიშნავ. მეორეა ძილის დარღვევები. მესამე, გაღიზიანება, აღგზნებადობა, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებს ახასიათებს, ასევე, გარეთა სასქესო ორგანოების ნიშნების შეფასება, ნორმალურად მიმდინაროებს თუ არა სქესობრივი მომწიფება. აგრეთვე, თმიანობა, რომელიც ხანდახან არა მხოლოდ სასქესო ორგანოების, არამედ თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიებისთვისაა დამახასიათებელი. გარდა ამისა, მოზარდობის პერიოდში ხშირად თავის ტკივილია გამოხატული და მშობელი თვლის, რომ ამ ასაკისთვის ეს შეიძლება დამახასიათებელი იყოს. ასეთ დროს, პირველ რიგში, ვურჩევ, რომ ბავშვის მხედველობა გამოიკვლიონ. თუკი მხედველობის მხრივ პრობლემა არ აქვს და მისი ცხოვრების რეჟიმი ნორმალიზებულია, ანუ ძალიან გვიან არ იძინებს და დილის საათებში გვიანობამდე ძილის რეჟიმი არ აქვს, აუცილებლად ენდოკრინოლოგს მიმართონ. იმიტომ, რომ ხანდახან პროლაქტინის სიჭარბე თავის ძლიერ ტკივილს განაპირობებს. მაგრამ, მსგავს შემთხვევაში, პირველ რიგში, მხედველობის განსაზღვრაა პრიორიტეტი.
თუ თქვენს შვილს გარდატეხის ასაკი აქვს, ეს ინტერვიუ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ - სპეციალისტი მოზარდთა დეპრესიებზე, ხასიათის ცვალებადობაზე და საგანგაშო ნიშნებზე