გარდატეხის ასაკი და კანის პრობლემები - რას გვირჩევს სპეციალისტი გარდატეხის ასაკი საკმაოდ რთული პერიოდია მოზარდისთვის. სახეზე მატულობს გამონაყარი, არასასურველი თმა ნელ-ნელა ძალიან გამაღიზიანებელი ხდება. ამ დროს ხშირია წარუმატებელი ექსპერიმენტები, რომლებიც შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს, მოზარდმა შესაძლოა ავნოს საკუთარ ჯანმრთელობას. ასეთ დროს აუცილებელია კვალიფიციური რჩევები და პრობლემის გადაჭრის გზების პროფესიონალურად გამონახვა. ამ თემაზე სპეციალისტი, კოსმეტოლოგი თეა ზუბადალაშვილი გვესაუბრება.
- გარდატეხის ასაკში კანის პრობლემებიდან განსაკუთრებულად გავრცელებულია სახეზე გამონაყარი. რით არის ეს გამოწვეული?
- სქესობრივ მომწიფებასთან ერთად გარდატეხის ასაკში აქტიურდება საცხიმე ჯირკვალი და გამოყოფს დიდი რაოდენობით ცხიმს. კანის ფორები ზემოდან იკეთებს ცხიმის საცობს, რადგან არ ყოფნის ტენი, რომ მოხდეს ცხიმის გამოყოფა. საცობი გარემოსთან კავშირში იჟანგება და სახეზე ჩნდება კომედონი (შავი წერტილი). დახურულ, უჟანგბადო სივრცეში (ფორში) ცხიმი გადაიქცევა ანთებით ელემენტად (ე.წ. აკნედ). ასეთი გამონაყარის არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც ზუსტ დიაგნოზს დასვამს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას. დღესდღეობით აკნეს მკურნალობის უამრავი სხვადასხვა მეთოდი არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ არ სცადოთ თვითმკურნალობა.
- რა შედეგი შეიძლება მოგვცეს თვითნებურმა მკურნალობამ?
- თვითნებურმა მკურნალობამ შესაძლოა დაგვიტოვოს „პოსტ-აკნეს“ მძიმე ფორმა, ქრონიკული სტაფილოკოკი და სხვა. ამ შემთხვევაში მკურალობა ბევრად უფრო რთულია და მეტ დროს მოითხოვს.
- ასევე პრობლემაა ჭარბთმიანობა. არასასურველი თმა განსაკუთრებულად გარდატეხის ასაკში ხდება თვალში საცემი. რა გამოკვლევების გაკეთებაა საჭირო ჭარბთმიანობის პრობლემის დასადგენად?
- ჭარბთმიანობის დროს აუცილებელია ენდოკრინოლოგისა და გინეკოლოგის კონსულტაცია, ჰორმონალური გამოკვლევები. ჭარბთმიანობის მკურნალობა არ შეიძლება ზედაპირულად, მხოლოდ თმის მოცილებით. თავდაპირველად უნდა გამოიკვლიოთ მიზეზი და ამის შემდეგ, ექიმებთან ერთად დაგეგმოთ შემდეგი ნაბიჯები, იქნება ეს ეპილაცია თუ სხვა პროცედურა.
- რა ასაკიდან შეიძლება არასასურველი თმის მოცილება?
- არასასურველი თმის მოცილება შესაძლებელია 12-14 წლიდან.
- რა მეთოდებით არის დღეს შესაძლებელბელი ჭარბთმიანობასთან ბრძოლა?
- აპრობირებული მეთოდია ელექტრო ეპილაცია, ლაზერული ეპილაცია, ფოტო ეპილაცია. ძალიან კარგი შედეგები აქვს დიოდურ ეპილაციას.
- მოზარდები, სახლის პირობებში სხვადასხვა საშუალებებით „ებრძვიან“ ჭარბთმიანობის პრობლემას, რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოგვცეს თვითნებურმა მკურნალობამ?
- თმის „ამოგლეჯვის“ შემთხვევაში ჰიპოფიზში მიდის ინფორმაცია: „მომგლიჯეს და აღმადგინე უკეთესი“. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში უნდა აღდგეს კიდეც უკეთესი, ამიტომ თმასთან ბრძოლა სახლის პირობებში აღადგენს კიდევ უფრო უკეთესი ხარისხის თმას, ანუ უფრო მუქ და მაგარ ბეწვებს, რომლებიც კიდევ უფრო ძნელი მოსაცილებელია.
- რამდენად რეკომენდირებულია მოზარდის კანისთვის სოლარიუმი - ბოლო დროს მოზარდებმაც მოუხშირეს სოლარიუმებში სიარულს, განსაკუთრებით, ბოლო ზარების, ბანკეტების და ამგვარი ღონისძიებების წინ?
- სოლარიუმი კანს ართმევს ტენს, იწვევს ნაადრევ დაბერებას. გარდა ამისა, შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმის ალერგიული რეაქცია. და საერთოდაც, გარდატეხის ასაკი ექსპერიმენტებისთვის ყველაზე აქტუალური პერიოდია, თუმცა გირჩევთ, ნუ გამოიყენებთ ამ პერიოდს საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩასატარებლად. ნუ ეცდებით, თვითნებურად იმკურნალოთ ან მოიშოროთ არასასურველი თმა თუ აკნე. ჯობს დროულად მიმართოთ კვალიფიციურ სპეციალისტებს და ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყოთ „ბრძოლა“.
ესაუბრა სალომე გორგოშიძე