"ბევრი მოზარდი იწყებს ნაადრევად სქესობრივ ცხოვრებას და არ აღიარებენ ამას"
"ბევრი მოზარდი იწყებს ნაადრევად სქესობრივ ცხოვრებას და არ აღიარებენ ამას"
გარდატეხის ასაკში ხდება ორგანიზმის მომწიფება, ჩამოყალიბება, რიგ შემთხვევებში ჩნდება პრობლემები, ზოგი სწორედ ამ დროს იწყებს სქესობრივ კონტაქტს, რასაც საკმაოდ ხშირად არასასიამოვნო შედეგები ახლავს თან. რა უნდა იცოდეს მოზარდმა, რამდენად უნდა იყოს მშობელი ჩართული შვილის სქესობრივ განათლებაში, რა ზიანი მოაქვს ნაადრევ სქესობრივ ცხოვრებას, - ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ, გინეკოლოგ შორენა გოგოხიასთან.

- ამბობენ, რომ დღეს თინეიჯერები საკმაოდ ადრე იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამაზე? ზოგადად, სქესობრივი კონტაქტის დაწყება რა ასაკშია რეკომენდებული?
- სქესობრივი ცხოვრების დაწყებისთვის ნორმალურ ასაკად დაახლოებით 18-20
წელია დადგენილი. მანამდე ადამიანი არც ფიზიოლოგიურად არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული, არც ფსიქიკურად. მაგრამ მეორე მხრივ რომ შევხედოთ საკითხს, სქესობივი ცხოვრების დაწყება შეუძლიათ, ცოტა უფრო გვიანაც და ადრეც, ამის შესახებ თითოეული ადამიანი ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას.
სამწუხაროდ, ბევრი თინეიჯერი იწყებს ნაადრევად სქესობრივ ცხოვრებას და არ აღიარებენ ამას, გინეკოლოგთანაც კონსულტაციაზე მოდიან მხოლოდ მაშინ, თუ გაუჩნდათ ჩივილები ან არასასურველი ორსულობა. გინეკოლოგთან ვიზიტის ერიდებათ და ეშინიათ. ერიდებათ იმიტომ, რომ ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე სქესობრივად თუ ცხოვრობ, ესე იგი გათხოვილი უნდა იყო, და ეშინიათ იმიტომ, რომ არ გაკიცხოთ ექიმმა და ამ ვიზიტზე არაფერი გაიგოს დედამ.

- რა გართულებები ახლავს თან ნაადრევ
სქესობრივ კავშირს?

- ნაადრევ სქესობრივ კავშირს ახლავს შემდეგი გართულებები: სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ანთებითი დაავადებები რეპროდუქციულ სისტემაში; მნიშვნელოვანია, რომ მოზარდთა უმრავლესობა არ მიიჩნევს სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს ჯანმრთელობისთვის საშიშ დაავადებად და არ იცის რამდენად მაღალია ამ დაავადებების გავრცელების რისკი, დაუცველი სქესობრივი კონტაქტით. მოზარდთა სქესობრივ აქტიურობას თან ახლავს ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორიცაა ორსულობა და არასასურველი ორსულობის აბორტის გზით შეწყვეტა.
ორსულობა და მშობიარობა მოზარდებში უკავშირდება სიკვდილიანობისა და ავადობის გაცილებით მაღალ რისკს, ვიდრე 20 წელზე მეტი ასაკის ქალებში. აღსანიშნავია, რომ 18 წელზე უმცროს გოგონებში დედათა სიკვდილიანობის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე 18-25 წლის ქალებში, რაც განპირობებულია გახანგრძლივებული და გართულებული მშობიარობით, სისხლდენებით და სხვა. მკვდრადშობადობის რისკიც ორჯერ მეტია, ვიდრე 18-25 წლის ქალებში.

- რამდენად ხშირია თინეიჯერებში არასასრუველი ორსულობა და აბორტი?
- არასასურველი ორსულობების სიხშირის ზრდა მოზარდ გოგონებში ძირითადად დაკავშირებულია დაუგეგმავი სქესობრივი კონტაქტებისა და კონტრაცეფციის მეთოდების გამოუყენებლობასთან. მოზარდი გოგონების 50%-ზე მეტი არ იყენებს კონტრაცეფციის მეთოდებს. 18 წლამდე გოგონების 9.3% ფეხმძიმდება და იკეთებს აბორტს, ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. აღსანიშნავია, რომ 7% გოგონებისა ფეხმძიმდება სქესობრივი ურთიერთობის დაწყებიდან პირველი ერთი წლის მანძილზე, საიდანაც 80% არასასურველი ორსულობაა. აბორტები მოზარდებში დიდ რისკს წარმოადგენს სიცოცხლისთვის, აბორტის დროს სიკვდილიანობა 20 წლის ქვემოთ გოგონებისთვის უფრო მაღალია, ვიდრე 20 წლის ზემოთ.

- რა როლი უნდა ითამაშოს მშობელმა შვილის სქესობრივ განათლებაში?
- სქესობრივი აღზრდის საკითხების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდისთვის, ამიტომ ჯობს, მოზარდმა ეს განათლება მიიღოს მშობლებისაგან და არა არაფრისმომცემი სერიალებიდან ან პორნოფილმებიდან. მშობლებმაც უნდა იცოდნენ, როგორ მიაწოდონ საკუთარ შვილებს სქესობრივი აღზრდის საკითხები დელიკატურად. ეს თემა არ უნდა იყოს ტაბუირებული. მოზარდთა სქესობრივი აქტიურობა და მათი არასრული ინფორმირება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სგგდ) შესახებ, მათ შორის აივ/შიდსის გადაცემის გზებისა და მათი პრევენციის მეთოდების თაობაზე, ზრდის ამ დაავადებების რისკს მოზარდებში.

- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ აღმოაჩინა, რომ მისი არასრულწლოვანი გოგონა თავისუფალი სქესობრივი ცხოვრებით ცხოვრობს?
- თუ მშობელმა აღმოაჩინა, რომ მის შვილს აქვს აქტიური სქესობრივი ცხოვრება, მშვიდად უნდა წარმართოს საუბარი. უნდა აუხსნას ის გართულებები, რაც მოჰყვება ნაადრევ სქესობრივ ცხოვრებას, შესთავაზოს შვილს გინეკოლოგთან ვიზიტზე ჩაწერა, სადაც ჩაუტარდება გამოკვლევა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე, როგორ უნდა დაიცვას თავი ამ ინფექციებისგან, კონტრაცეფციის შერჩევა, რათა აიცილოს თავი არასასურველი ორსულობისგან.

- როგორ ფიქრობთ, სქესობრივი აღზრდის საკითხები სკოლაში უნდა ისწავლებოდეს?
- ძალიან ხშირად ჩვენთან სქესობრივი აღზრდა გაიგივებულია მხოლოდ სექსთან, და როგორც ყველაფერი სექსთან დაკავშირებული ქართულ საზოგადოებაში, მათ შორის, სქესობრივი აღზრდაც, აკრძალული თემაა. სქესობრივი და, მე ვიტყოდი, რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე განათლების მიწოდება უნდა ხდებოდეს დოზირებულად, დაწყებული ადრეული სასკოლო ასაკიდან. საერთოდ, თუ გვინდა, რომ ფიზიკურადაც და ფსიქიკურადაც ჯანსაღი თაობა აღვზარდოთ, სქესობრივი და რეპროდუქციული განათლება ერთ-ერთი მთავარი და აუცილებელი კომპონენტია.

- ყველაზე ხშირად რა პრობლემებით მოგმართავენ მოზარდი გოგონები?
- ყველაზე ხშირად მენსტრუალური ციკლის დარღვევის პრობლემით მოგვმართავენ. მოზარდ გოგონას შეიძლება მენსტრუალური ციკლის ნებისმიერი მოშლილობა აღენიშნებოდეს, გვიანი ან პირიქით ნაადრევი სქესობრივი მომწიფება, არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, ჭარბი მენსტრუაცია. ეს განპირობებულია მრავალი ფაქტორით: დღის და კვების რეჟიმის დარღვევით, ფიზიკური აქტივობის შემცირებით, მაღალი სტრესული ფონით, თუკი ამას გენეტიკური წინასწარგანწყობაც დაერთო, მაშინ პრობლემა კიდევ უფრო ადრეულ ასაკში იჩენს თავს.
მეორე ადგილზე დგას გაურკვეველი სახის გამონადენი საშოდან. როგორც წესი, ეს გამონადენი შეიძლება იყოს მოყვითალო ან მომწვანო ფერის, აქვს არასასიამოვნო სუნი, შეიძლება თან ახლდეს წვა და ქავილი, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ტკივილი მოშარდვის დროს. ასეთი ჩივილები შესაძლებელია არა მარტო თინეიჯერებში, არამედ ასაკით უფრო პატარა გოგოებშიც კი.

- რამდენადაა დამკვიდრებული ჩვენთან გინეკოლოგთან ვიზიტის კულტურა, ანუ ექიმთან მისვლა მაშინ, როცა არაფერი გაწუხებს...
- სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში გინეკოლოგთან ვიზიტის კულტურა კარგად განვითარებული არ არის, ძალიან ხშირად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები მიმდინარეობს ორგანიზმში ასიმპტომურად და პაციენტი უფრო ხშირად გართულებების შემთხვევაში მოგვმართავს. პროფილაქტიკური ვიზიტის დროს შესაძლებელია მაქსიმალურად მოხდეს ამ ინფექციების და რეპროდუქციული ორგანოების ანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკა. წელიწადში ორჯერ პროფილაქტიკური ვიზიტი გინეკოლოგთან სრულიად საკმარისია. მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი არის პროფილაქტიკა. პროფილაქტიკური ვიზიტი გინეკოლოგთან დაგეხმარებათ ძალიან ბევრი გართულებების პრევენციაში.
ციცი ომანიძე
31519
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ჟურნალისტს
0
ერთი თხოვნა მაქვს, იქნებ პატარა კლვლევა ჩაატაროთ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების რეკომენდაციასთან დაკავშირებით ჩემმა ქალიშვილმა იმშობიარა, იყო პირველი მშობიარობა და ორსულობა, მთელი პერიოდის განმავლობასი საქმის კურსში ვიყავი, ვიმშობიარეთ საუკეთესო კლინიკაში. ორიოდე სიტყვითაც კი არ იუღია კონტრაცეფციაზე რეკომენდაცია, ძალიან მაინტერესებს იქნებ ჯანდაცვის სისტემაშიც გაარკვიოტ როგორ უნდა მოხდეს არნისნულ საკითხზე ახალგაზრდის ინფორმირება, ჩვენი ბედნიერი ჯანდაცვათუ თვლის საჭიროდ მსგავსი ინფორმაციის შეთავაზებას რომელიმე კატეგორიის ადამიანებისათვის, რა ეტაპზე, რა ფორმით
04:46 / 05-08-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```