ანორექსია მსოფლიოს პრობლემა გახდა, განსაკუთრებით "იდეალურ სხეულზე" მეოცნებე გოგონებს ემუქრებათ ის ამ გოგოების ფოტოები მართლაც გამაოგნებელია. ეს არის შესანიშნავი მაგალითები, თუ როგორ თავგამოდებული ცდილობენ ადამიანები წონაში დაკლებას, რომ გარშემო მყოფები აღაფრთოვანონ. მაგრამ ხშირად ეს სწრაფვა "იდეალებისკენ" კუჭნაწლავის პრობლემებით მთავრდება, რისი ბოლოც ანიორექსიაა. ანორექსია, ბულიმია და რიგირ სხვა დაავადება უამრავ თანმდევ პრობლემას იწვევს, დეპრესიას, ფსიქიკურ აშლილობებს და ხშირად ფატალურადაც სრულდება.
ეს ფოტოები და მაგალითები იმ გოგონებისთვის არის, რომლებიც მუდმივად გახდომას ლამობენ და მანეკენების ტანზე ოცნებობენ. ამის გამო ათასგვარ დიეტას იცავენ და არაჯანსაღად იკვებებიან. ეს კი, განსაკუთრებით მოზარდობის პერიოდში, გარდატეხის ასაკში, ყველაზე მეტად დამღუპველია.
ჯო ტომპსონს ჯერ კიდევ 11 წლისას დაეწყო კუჭნაწლავის პრობლემები. მაშინ უკვე ეზიზღებოდა საჭმელი. მოგვიანებით "მაკდონალდსში" მოეწყო სამუშაოდ, რომ ეყურებინა, სხვები როგორ ჭამდნენ და იქნებ, თავადაც გასჩენოდა მადა. ბოლოს იმან უშველა, რომ თავისი მენეჯერი შეუყვარდა, რომელმაც დაუბრუნა თავდაჯერება და საკვებისადმი სიუვარულიც. ახლა უკვე ანორექსიაც დაამარცხა და ორ ჯანმრთელ ბავშვსაც ზრდის. სხვებს უწევს აგიტაციას, ჯანსაღად იკვებონ ბავშვობიდან.
ჰარიეტ სმიტი არაერთი წელი ებრძოდა ანორექსიას. ბოლოს 32 კილოგრამს იწონიდა და სიკვდილის პირას იყო. დრო აღარ რჩებოდა საფიქრალად, უნდა ემოქმედა. ტიტანური შრომა გასწია, რომ ცხოვრების წესი შეეცვალა. ახლა 55 კილოგრამს იწონის და აქტიურად ვარჯიშობს.
ჰიზერ ფრანქსმაც ყურმოკვრით არ იცის ანორექსიის შესახებ. ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა ჰიზერი დისნეილენდში მოხვდა. ადგილობრივ რესტორანში იჯდა და უცებ მიხვდა, რომ მის გარშემო მსხდომი ადამიანებიდან არავინ იცოდა იმ სირთულეების შესახებ, რაც მან გაიარა. იქ პიცა გასინჯა და აღმოაჩინა, რომ საკვები შეიძლება იყოს გემრიელიც. იმ დროიდან შეიცვალა შეხედულება ცხოვრებაზე და ძირითადად, საკვებზე, რომელიც აქამდე უბრალოდ ეზიზღებოდა და მხოლოდ გასუქების შესაძლებლობად ესახებოდა.
15 წლის ელენა ლიდერი, იაროსლავსკიდან, 50 კილოგრამს იწონიდა. ოდნავ პუტკუნა გოგონა მოდელის სხეულზე ოცნებობდა. სწორედ ამ პერიოდში შეუყვარდა თავისი კლასელი. ერთხელაც გაბედა და შესთავაზა, ერთად გავისეირნოთო. "ვიცოდი, რომ ვუყვარდი, მაგრამ რატომღაც ყველას თვალწინ მივახალე: "თავი დამანებე, არ მომწონხარ, მსუქანი ხარ!" - სერგეი დღემდე ვერ პატიობს საკუთარ თავს, რომ გოგონას ასეთი რამ უთხრა, - მერე კი... გახდომა დაიწყო. ჯერ ვერ ვამჩნევდით, ვერც ჩვენ, ვერც მასწავლებლები. მერე კი სკოლაში სიარულის ნაცვლად უკვე საავადმყოფოებში იწვა".
ლენას დედის თქმით, მისმა შვილმა ჯერ სპორტს მიმართა, მაგრამ ნებისყოფა არ ეყო. "მერე გადაწყვიტა, ცოტა ეჭამა. ესეც დიდხანს არ გაგრძელებულა. მერე კი ნორმალურად ჭამა დაიწყო, მაგრამ გულის ასარევ წამლებს იღებდა. რაღაც პერიოდში უკვე რეფლექტორულად დაეწყო გულის რევები - დღეში შვიდჯერ". საბოლოოდ, დედის დიდი დახმარებით და მეგობრების მხარში დგომით ლენას გადარჩენა მოხერხდა (იხილეთ ლენაზე სტატია სრულად). თუმცა ყველას ასე არ უმართლებს.
მაგალითად, იზაბელ კაროს, რომელიც ანორექსიის სიმბოლოდ იქცა. ფრანგი ფოტომოდელი, მსახიობი და მწერალი ამ უმძიმეს დაავადებას და გასუქების შიშს ემსხვერპლა. თუმცა ბევრისთვის ცნობილი იზაბელ კაროს ნამდვილი ამბავი ძალიან ცოტამ თუ იცის. სინამდვილეში იზაბელის მთავარი პრობლემა ბავშვობიდან და არასწორი აღზრდიდან მოდიოდა... მთავარი დამნაშავე კი დედა იყო... თუმცა ეს უკვე ცალკე სტატიის თემაა და შეგიძლიათ, წაიკითხოთ იზაბელის სევდიანი ამბავი.