არ ღირს, ზედმეტი აკრძალვებით წაართვათ პატარას წყალთან ურთიერთობის სიამოვნება ზაფხულის აუტანელ სიცხეში ბავშვს ისევე სიამოვნებს წყლით გაგრილება, როგორც უფროსს. მით უმეტეს, რომ წყალი მას ყოველთვის მაგნიტივით იზიდავს, ის ხომ ბავშვისთვის ყველაზე ნაცნობი სტიქიაა, რომელშიც მთელი 9 თვის განმავლობაში "ცხოვრობდა". არ ღირს, ზედმეტი აკრძალვებით წაართვათ პატარას წყალთან ურთიერთობის სიამოვნება. უბრალოდ, სიფრთხილის ზომები დაიცავით, რომ ამ გართობამ მშვიდობიანად ჩაიაროს და მისგან მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები დაგრჩეთ.
რჩევები 5 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს
• ბავშვი გრილ წყალთან ურთიერთობას 6 თვიდან შეაჩვიეთ
• ზღვაზე წასვლის წინ აუცილებლად გაასინჯეთ ექიმს, რათა დარწმუნდეთ, რომ რაიმე დაავადების გართულების რისკი არ არსებობს.
• სასურველია, ბანაობისას სპეციალური რეზინის ქუდი ახმაროთ, რომელიც ყურებს დაუფარავს.
• ყურადღება მიაქციეთ, რომ ბუნებაში სეირნობისას არ იჭყუმპალაოს ისეთ წყალში, რომელიც საბანაოდ ნებადართული არაა. წყალი მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს.
• სანამ ბავშვი წყალში შევა, ფსკერი შეამოწმეთ. გადაამოწმეთ წყლის ტემპერატურა, რომ სხეულის გადაცივება არ მოხდეს. ყველაზე ოპტიმალურია 24-26 გრადუსი ცელსიუსით, მინიმალური დასაშვები ნორმა კი - 22 გრადუსი.
• ბავშვის პირველი კონტაქტი გრილ წყალთან 2 წუთზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. 5 წლამდე ბავშვის წყალში გაჩერება კი 5 წუთზე მეტ ხანს არ არის რეკომენდებული.
• ბანაობისთვის დღის დღის ნაკლებად მცხუნვარე მონაკვეთი შეარჩიეთ - 10:00-დან 12:00-მდე და 17:00-დან 19:00-მდე. ამით მზის დაკვრას აიცილებთ თავიდან.
• თვალი არ მოაცილოთ ბავშვებს, როცა წყალში არიან ან წყალსატევის სიახლოვეს თამაშობენ.
• თუ გასაბერი აუზი გაქვთ, გირჩევთ, ყოველი ბანაობის შემდეგ გადმოღვაროთ წყალი და შეინახოთ დამხობილ მდგომარეობაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
• ეცადეთ, ბავშვმა ადრეულ ასაკშივე ისწავლოს ცურვა. შეიყვანეთ ცურვის წრეზე, როცა კი იგრძნობთ, რომ ამისთვის მზად არის. საქართველოში მწვრთნელები 5 წლამდე ასაკის ბავშვების მიღებას თავს არიდებენ, რადგან მეტი ყურადღება სჭირდებათ და ჯგუფური მეცადინეობისას ამის საშუალება არ არის, თუმცა არც მცირე ასაკის ბავშვებისთვისაა აკრძალული.
• ბავშვი, რომელმაც ცურვა არ იცის, სხვა ბავშვებისგან მოშორებით უნდა ჭყუმპალაობდეს.
• მაშველი რგოლები წყლის ზედაპირზე გასაჩერებლად კარგი საშუალებაა, მაგრამ მაშველ ჟილეტს მაინც ვერ შეცვლის.
შეიძლება ზღვაზე წასვლას საერთოდ არ გეგმავთ, მაგრამ ბავშვს წყალთან თამაშის საშუალება მაინც მიეცით. დაე "აბანაოს თოჯინა", "გარეცხოს სარეცხი", მანქანა, ჭურჭელი, იწუწაოს... მთავარია, ზედმეტი არ მოუვიდეს, დროულად გაამშრალოთ და გამოუცვალოთ. ასეთი ლაღი თამაში მას ყველაზე დიდ სიამოვნებას და სარგებლობას მოუტანს.