"სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არიან მშობლები, რომელთაც სარძევე კბილები არ მიაჩნიათ მნიშვნელოვნად..." უნდა მიაქციოთ თუ არა ყურადღება სარძევე კბილებს, რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ სტომატოლოგს და რა საფრთხეები მოსდევს უყურადღებობას ამ საკითხში - ექიმი სტომატოლოგი პავლე ხუჯაძე გვესაუბრება აქტუალურ თემაზე.
- რა უნდა ვიცოდეთ კბილების მოცვლის შესახებ? გასნაკუთრებით საინტერესოა სარძევე კბილების ცვლის საკითხი, რა არ უნდა გამოგვრჩეს ამ დროს...
- მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მუდმივი კბილების ამოჭრის ვადები. პირველი კბილების მოცვლა იწყება 6 წლის ასაკში. კბილების ცვლა იწყება ქვედა საჭრელი კბილებით. ბოლო დროს გახშირდა კბილების მორყევის გარეშე ქვედა ყბაზე შიგნიდან კბილების ამოჭრის ფაქტები, ამიტომ სასურველია მშობელმა 5-6 წლიდან აკონტროლოს ბავშვის პირის ღრუ. აქვე მინდა აღვნიშნო ამავე ასაკში პირველი მუდმივი მოლარის (საღეჭი კბილის) ამოსვლა, რომელიც ამოდის მე-5 სარძევე კბილის უკან. იმის გამო, რომ ის ამოდის მოცვლის გარეშე, მშობლებს ხშირად ეშლებათ და ჰგონიათ სარძევე კბილი, შედეგად არ აქცევენ სათანადო ყურადღებას (მაინც მოსაცვლელია) და ვიღებთ 7-9 წლის ასაკში უკვე ისე დაზიანებულ კბილს, რომ მინიმუმ ან ნერვია ამოსაღები და არხები დასაბჟენი, ან უარეს შემთხვევაში კბილია ამოსაღები. ასევე ყურადსაღები ფაქტია სარძევე კბილის ნაადრევად ამოღებაც. ასეთ დროს მნიშვნელოვანია დაკარგული კბილის ჩანაცვლება ხელოვნური კბილით ან სპეციალური ორთოდონტიული აპარატით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეზობელი კბილები გადაინაცვლებს და მუდმივი კბილისთვის განკუთვნლი ადგილი დაიკარგება.
ბავშვის კბილის დაბჟენა ფერადი ჰელიო ბჟენით + ანესთეზია! 67%-იანი ფასდაკლებით
- სარძევე კბილები ბავშვებს ხშირად უჭიანდებათ, უშავდებათ და ემტვრევათ კიდეც. რასთან გვაქვს საქმე, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი და თუ არის საჭირო სარძევე კბილების დაბჟენა?
- ჩვენს ცენტრში ძალიან დიდი ნაკადია ბავშვების და საშუალება გვაქვს დავაკვირდეთ მათ. არიან ბავშვები, ისე იცვლიან კბილებს, საერთოდ კარიესის გარეშე და ვერ დაგეთანხმებით, რომ ხშირად უზიანდებათ. არიან ისეთებიც, რომლებსაც ყველა კბილი დაბჟენილი აქვთ. ყველაფერს განაპირობებს გენეტიკა, ცხოვრების წესი და გარემო პირობები. პროფილაქტიკა ძალზე მნიშვნელოვანია, წელიწადში ორჯერ ვიზიტებით საშუალება გვაქვს ავირიდოთ ყველა ჩამოთვლილი პრობლემა, გაშავება იქნება, დამტვრევა თუ კარიესი, მივიღოთ რჩევები კბილების მოვლასთან ან მოსალოდნელ პრობლემებთან დაკავშირებით. რაც შეეხება კარიესიანი კბილების დაბჟენას, ვიტყვი, რომ საჭირო კი არა, აუცილებელია. ისინი საკმაოდ დიდ როლს თამაშობენ ბავშვის ცხოვრებაში: საჭმლის მონელებაში, ესთეტიკაში, ყბების განვითარებაში და თვითრეალიზაციაშიც. რომელ ბავშვს მოეწონება გაფუჭებული კბილებით გაღიმება ან თანატოლებთან ურთიერთობა?!
ასევე იხილეთ: საწოვარის დიდხანს წოვა და პირით სუნთქვა - არასწორი თანკბილვის გავრცელებული მიზეზები
ჯერ კიდევ არიან მშობლები, რომელთაც სარძევე კბილები არ მიაჩნიათ მნიშვნელოვნად, მათი აზრით, ისინი მაინც იცვლება და მათი მკურნალობა-არმკურნალობა არაა გადამწყვეტი. გარდა იმისა, რომ სარძევე კბილები ბავშვს ჭამასა და საუბარში ეხმარება, ის ადგილს უმზადებს სამომავლოდ ძირითად კბილებს. თუ ბავშვმა სარძევე კბილი ჩვეულზე ადრე მოიცვალა, ეს თავის მხრივ პრობლემას უქმნის სხვა კბილებს. ძირითადი კბილი დეფორმირდება ნაადრევად მოცვლილი სარძევე კბილის ხარჯზე. მოგვიანებით ამან კბილთა არასწორი წყობა შეიძლება გამოიწვიოს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ადრეული ასაკიდან სარძევე კბილების მოვლა.
- ხშირია კბილის გატეხვა და სრულიად ამოვარდნა ტრავმის დროს, ამ დროს რა შეიძლება გაუკეთდეს ბავშვს - რა ფორმით აღუდგენენ კბილს?
- ყველაზე ხშირად კბილების ტრავმებს ვხვდებით ბავშვთა ასაკში, რომელსაც აქვს დიაგნოსტიკის და მკურნალობის ასაკობრივი თავისებურებები. ბავშვებში კბილის ტრავმა ძირითადად გვხვდება, როგორც დამოუკიდებელი დაზიანება, იშვიათ შემთხვევებში მას ახლავს სახის სხვა ნაწილების ტრავმებიც. ხშირია ტრავმები აქტიური სპორტით დაკავებულ ბავშვებში.
ბავშვებში კბილის ტრავმის მკურნალობა შესაძლოა შემოიფარგლოს რამდენიმე დღით ან გაგრძელდეს 2-დან 3 წლამდე.
მკურნალობის ხანგრძლივობას განაპირობებს დაზიანების ხარისხი, ფესვების ჩამოყალიბება და მკურნალობის მეთოდი. კბილებზე მექანიკური ტრავმული ზემოქმედებით ვითარდება ამოვარდნილობა ან მოტეხილობა. კბილის ამოვარდნილობა შეიძლება იყოს არასრული, სრული და ჩაჭედილი.
ციცი ომანიძე