როგორ დავიცვათ გადატვირთვისგან ბავშვის ხერხემალი, მხედველობა და ნერვები არსებობს დაავადებები, რომლებიც ბავშვის სკოლაში სიარულს, გაკვეთილებზე ჯდომას, დავალებების კეთებას და სხვადასხვა დატვირთვას უკავშირდება. მათ ე.წ. "სასკოლო დაავადებებს" უწოდებენ ხოლმე, რომლებიც სწორედ სკოლის მოსწავლეებშია უფრო ხშირი.
1. კუჭის პრობლემები
სკოლაში ბავშვების კვებას მშობლები ხშირად ვერ აკონტროლებენ. ჯიბის ფულს თუ ბუფეტის ფულს ისინი ხშირად ხარჯავენ ჩიფსებში, სუხარებში, შოკოლადეულსა და კუჭ-ნაწლავის ნორმალური მუშაობის დამრღვევ სხვა პროდუქტებში. ასევე შედარებით იზრდება შუალედი კვებასა და ჯვებას შორის, რაც ასევე პრობლემაა. ასაკის მატებასთან ერთად ცხელ და წვნიან კერძებსაც ნაკლებად სწყალობენ ბავშვები. ეს ყველაფერი იმას იწვევს, რომ ბავშვობაშივე ეწყებათ კუჭის წვა, კუჭის პირის, მუცლის ტკივილი. ამ უსიამოვნო შედეგების თავიდან აცილება შეიძლება კვების სწორი რეჟიმით (თუ როგორი რეჟიმით უნდა იკვებებოდეს სკოლის მოსწავლე, ამის შესახებ შეგიძლიათ დაწვრილებით იხილოთ), ცოტ-ცოტა და ხშირი კვებით - დღეში 5-6-ჯერ. აუცილებელია ასევე ბავშვისთვის სრულფასოვანი რაციონის უზრუნველყოფა, რომელიც აუცილებლად იქნება გაჯერებული ხორცეულით და ბოსტნეულის წვნიანებით.
2. ხერხემლის პრობლემები და ტანდეგობის დარღვევა
თქვენს შვილს დიდხანს უწევს მოუხერხებელ პოზაში ჯდომა? ხშირად უწევს მძიმე ჩანთის ტარება? არასწორად იხრება მერხთან, წერის დროს? თუ ასე გაგრძელდება, შორს არც სქოლიოზია და არც ხერხემლის გამრუდება. ამიტომ აუცილებელია, მოსწავლეს შინაც მოსახერხებელი სკამი და მაგიდა ჰქონდეს (სკამისა და მაგიდის სტარდარტების შესახებ იხილეთ სტატია), რომ სამად არ იხრებოდეს წერის დროს, გვერდზე არ იხრებოდეს წერისა და კითხვის დროს. სკოლაშიც კარგი სკამი და მერხი უნდა ედგას. სასკოლო ზურგჩანთას ორთოპედიული საზურგე უნდა ჰქონდეს (იხილეთ დაწვრილებით სასკოლო ჩანთების შესახებ) და ორი სამხრე, და არა ერთი, რომ წონა გადანაწილდეს. და თუ შეიძლება ცოტათი მაინც შემსუბუქება (მაგალითად, თუ პენალი მძიმეა, მისი შეცვლა შედარებით მსუბუქით; სამუშაო რვეულების სკოლაში დატოვება, რომ ნაკლები წიგნი და რვეული იდოს ჩანთაში და ა.შ.).
3. ახლომხედველობა
იცოდით, რომ ახლომხედველი ბავშვების რიცხვი სკოლაში მისვლის შემდეგ 5-ჯერ მატულობს? ეს ყოველივე არასწორი განათების, ცუდ სინათლეზე კითხვის, წიგნის არასწორ მანძილზე ჭერის და თვალების მეტისმეტი დაძაბვის (ტელევიზორის თუ კომპიუტერის ეკრანთან) ბრალია. ბავშვის სამეცადინო მაგიდასთან აუცილებლად უნდა იყოს კარგი განათება, 40-50 ვატი კვადრატულ მეტრზე. ძალიან არ უნდა იყოს დახრილი რვეულთან და წიგნთან, არ იკითხოს ჭამის დროს. ტელევიზორს თუ უყურებს, მანძილი თვალებამდე უნდა იყოს 5-ჯერ მეტი, ვიდრე ეკრანის დიაგონალია. ხოლო ტელევიზორის უწყვეტად ყურების დრო – არაუმეტეს 20-40 წუთისა. კომპიუტერთან ან პლანშეტთან ჯდომის დრო – საათში ერთ საათამდე მხოლოდ (მხედველობასთან დაკავშირებით უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ სტატია).
4. სასკოლო ნევროზი
დაფიქრდით: მეტისმეტს ხომ არ ითხოვთბავშვისგან? იქნებ თქვენი მიზნები და მისი შესაძლებლობები არ ემთხვევა ერთმანეთს? სკოლის გარდა კიდევ ბევრ წრეზე დაგყავთ და ბავშვი პრაქტიკულად დასვენებას და "ბავშვობას" ვერ ასწრებს? მეტისმეტი დატვირთვა, ასევე ქრონიკული გამოუძინებლობა უკვალოდ არ ქრება. ეს ყველაფერი შეიძლება გამოიხატოს ზედმეტი ემოციურობით, დარღვეული ძილით, კომპლექსებით, ტიკებით. ამგვარი შედეგების თავიდან ასაცილებლად, საკმარისია, უბრალოდ მეტისმეტად არ დატვირთოთ ბავშვი, გადამეტებული მნიშვნელობა არ მიანიჭოთ სასკოლო შეფასებებს. რასაკვირველია, აუცილებელია, ხშირად შეაქოთ პატარა წარმატებებისთვისაც, განსაკუთრებით იმ საგნებში, რომლებიც უფრო რთულად გამოსდის. მუდმივი კრიტიკა და შენიშვნები, ასევე ზედმეტი გადატვირთვა (მაგალითად, მასწავლებლის მიერ მიცემული დავალებების გარდა მშობელი ხშირად თავად უმატებს ბავშვს სამეცადინოდ, რამდენჯერმე აწერინებს ერთსა და იმავეს და ტანჯავს ბავშვს) - სულ შეაძულებს მას სწავლას. ბავშვები, რომლებსაც ქება აკლიათ, უფრო ხშირად ავადმყოფობენ, იშვიათად აქვთ მაღალი შედეგები, ვიდრე მათ, ვისაც მშობლები უფრო ხშირად წაახალისებენ და ჯანსაღი, ზომიერი დამოკიდებულებაც აქვთ სწავლის პროცესის მიმართ.
ასევე მიაქციეთ ყურადღება ძილის რეჟიმს – ბავშვს დღე-ღამეში მინიმუმ 8 საათი უნდა ეძინოს.
5. ვირუსები
სკოლაში საკმაოდ მარტივია ვირუსების აკიდება. მიზეზი შეიძლება იყოს იგივე გადაღლილობა, სტრესი, რაც იმუნიტეტს აქვეითებს. როგორ ავიცილოთ თავიდან გაციება და სხვა ვირუსები? პირველ რიგში, არ გამოგრჩეთ პირველი სიმპტომები: მცირე ხველა თუ სურდო უფრო სერიოზულ რამეში იზრდება, თუ დროულად არ ჩაერევით (ვირუსებთან ბრძოლის შესახებ ექიმის რჩევებსაც შეგიძლიათ, გაეცნოთ). ასევე აუცილებელია ამისთვის რაციონალური კვება, ჰაერზე ყოფნა (დღეში ერთხელ მაინც, თუნდაც ერთი საათი უნდა გამონახოთ დრო, რომ ბავშვი ჰაერზე იყოს), სწორი დღის რეჟიმი ცხოვრების წესად უნდა უქციოთ. ასევე აუცილებელია, სათანადოდ იღებდეს ჩ ვიტამინს – ძირითადად, საკვების სახით. მისი საკვები გაჯერებული უნდა იყოს ხილ-ბოსტნეულით, საკმაო რაოდენობის წყლით, ჯანსაღი ხორცითა და თევზით, რძის ნაწარმით (თუ რომელი პროდუქტებია აუცილებელი სკოლის მოსწავლისთვის, იხილეთ სტატია).