ნაადრევი მომწიფება კი კიბოს რისკს ზრდის ბრიტანელი მეცნიერები მორიგი კვლევის შედეგად ამტკიცებენ, რომ ბავშვთა ჭარბი წონის თანამედროვე ტენდენცია ნაადრევი სქესობრივი მომწიფების წინაპირობაა. მედიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ დღევანდელი ბავშვები, განსაკუთრებით კი გოგონები, დროზე ადრე მწიფდებიან და ამაში დამნაშავე ზედმეტი წონაა.
სპეციალისტთა თქმით, თანამედროვე ბავშვები 5 წლით უფრო ადრე მწიფდებიან, ვიდრე მათი თანატოლები მე-20 საუკუნის დასაწყისში. ექსპერტთა გათვლებით, თუ 1920 წელს გოგონას მენსტრუაციული ციკლი 14,6 წლის ასაკში ეწყებოდა, 2010 წელს უკვე 10,5 წლის ასაკშიც კი ეწყება.
თავისთავად სქესობრივი მომწიფების "ბარიერის" ცვლილებაში უჩვეულო არაფერია. ეს აქსელერაციითაა განმოწვეული, რაც ადამიანის ევოლუციის თანმდევი პროცესია, მაგრამ თანამედროვე ბავშვების ზრდასრულობის ტემპები ისე დაჩქარდა, რომ სპეციალისტები განგაშს ტეხენ. სქესობრივი სიმწიფე მოზარდებს მეტისმეტად ადრე ეწყებათ, გონებრივი განვითარება კი ფიზიკურს ვერ "ეწევა".
განსაკუთრებით შემაშფოთებელი ისაა, რომ პრობლემა მასობრივია და ბავშვთა ჭარბწონიანობის პარალელურად ვითარდება. 15 წლამდე მოზარდების ჰორმონალური კვლევებით დადგინდა: თუ ბავშვს ზედმეტი წონა ჰქონდა თუნდაც 5 წლის ასაკში, მას უკვე დაქვეითებული აქვს გლობულინის დონე, რომელიც სასქესო ჰორმონებს უკავშირდება - შედეგად სქესობრივი სიმწიფე ადრე დგება.
"გლობულინი სქესობრივ ჰორმონებს - ანდროგენებს და ესტროგენებს აკავშირებს. ბავშვობაში მისი დონე მაღალია, სქესობრივი მომწიფების წინ კი ეცემა. ჭარბი წონით გამოწვეული ჰორმონული ძვრები სქესობრივ სიმწიფეს იწვევს. ასეთი ძვრები ძირითადად გოგონებში მიმდინარეობს, ბიჭებთან შედარებით უკეთესი ვითარება გვაქვს", - აცხადებენ მკვლევარები.
მათივე თქმით, ნაადრევი სქესობრივი მომწიფება გარდა იმისა, რომ ბავშვს თანატოლებისგან გამოარჩევს და მას ფსიქოლოგიურ პრობლემებს უჩენს, კიბოს რისკს შეიცავს და ჯანმრთელობის სხვა გაუარესებებსაც იწვევს. ჭარბი წონის პროფილაქტიკა პრობლემის გადაწყვეტის მთავარი გზაა, მაგრამ სამწუხაროდ, ბავშვთა სიმსუქნე მშობლებისთვის თითქმის ნორმად იქცა. პუტკუნა ბავშვების მშობლები მშვიდად არიან და ვერ წარმოუდგენიათ, თუ მათ შვილს რაიმე ემუქრება. გახსოვდეთ, "პუტკუნა", "ბუთხუზა" და "ფუმფულა" სინამდვილეში სწორედ გაცხიმოვნებაზე მეტყველებს და მასთან ბრძოლაა საჭირო.
იხილეთ აგრეთვე:
როგორ ავარიდოთ ბავშვს სიმსუქნე - ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული