"ნუ დაუჯერებთ არაკომპეტენტურ ადამიანებს" რატომ არ გებადებათ კითხვა: ვაჭამოთ თუ არა ბავშვს? ჩაცვათ თუ არა? დავბანოთ თუ არა ხელები სადილობის წინ? ეს ისეთივე აუცილებელია, როგორც ვაქცინაცია. თუმცა, მშობლები მაინც ყოყმანობენ, გაუკეთონ თუ არა ბავშვებს აცრა.
ხშირად ინფექციურ განყოფილებებში აცრილი ბავშვები ხვდებიან. ეს ნიშნავს, რომ დაავადება, რომლის წინააღმდეგაც აცრა გაკეთდა, რეალურია. სწორედ აცრით უნდა დაიცვათ იგი სერიოზული დაავადებისგან და მისი გართულებისგან. თუ ბავშვს ალერგია არა აქვს და არც აცრის უკუჩვენება აქვს, აუცილებლად გაუკეთეთ ვაქცინაცია. ბოლო დროს მოდური გახდა აცრაზე უარის თქმა. როცა საკითხი საკუთარი შვილის ჯანმრთელობას ეხება, ნუ იქნებით მოდას აყოლილი, ნუ დაუჯერებთ არაკომპეტენტურ ადამიანებს, დაიცავით საკუთარი უფლებები, იზრუნეთ შვილის ჯანმრთელობაზე.
როგორ უნდა მოვემზადოთ აცრისთვის
აცრამდე საჭმლის მომნელებელი სისტემა დაცლილი უნდა იყოს. წინა დღეს ბავშვს მცირე საკვები შესთავაზეთ. უმჯობესია, უცხიმო და დიეტური პროდუქტები, ტკბილეული არა. აცრამდე 1 საათით ადრე ბავშვმა არაფერი არ უნდა ჭამოს. წყალი კი ბევრი უნდა სვას. აცრამდე 3-4 დღით ადრე შეუზღუდეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან, რათა აცრამდე ინფექცია აიცილოთ. პოლიკლინიკაში, სადაც ბავშვი უნდა აცრან, მინიმუმამდე შეამცირეთ იქ ყოფნის დრო. რიგში დგომის ნაცვლად უმჯობესია, ბავშვთან ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.
რა უნდა გააკეთოთ აცრის შემდეგ
1. რაც შეიძლება მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
2. ეცადეთ, არ გადაუტვირთოთ ბავშვს კუჭი საკვებით.
3. დაალევინით დიდი რაოდენობით სითხე: წყალი, კომპოტი, ჩაი.
4. შეუზღუდეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან.
5. თუ ვაქცინაციის შემდეგ ბავშვს სიცხემ აუწია, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, დაალევინეთ სითხე, მოათავსეთ გრილ და სუფთა ჰაერით გაჯერებულ ოთახში.
აუცრელი ბავშვები შეიძლება სკოლებსა და ბაღებში არ დაუშვან - ახალი ინიციატივა