"თუ 15 წლის ბიჭს სქესობრივი ცხოვრების დაწყება უნდა, თუნდაც მეძავთან, რა პრობლემაა..." პოპულარულ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ჯეკოს გმირის "ქალებში წაყვანის" თემას სოციალურ ქსელში ისეთი გაცხარებული კამათი მოჰყვა, აშკარაა, რომ მოზარდების სექსუალური გამოცდილება მშობლებს ძალიან აღელვებთ და ეს ტრადიციაც - უფროსი "ბიძების" მიერ "ქალებში წაყვანის", ბევრგან ისევ არსებობს... ჩვენი შვილები იზრდებიან და მათ ცხოვრებაშიც თანდათან იჭრება მოზრდილთა პრობლემები. ადრე თუ გვიან სქესობრივი ცხოვრების დროც დგება და, რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, რომ ამ დროს ჩვენი შვილები ფსიქოლოგიური ტრავმებისგანაც დაზღვეულნი იყვნენ და გადამდები დაავადებებისგანაც...
რამდენიმე კომენტარს, ასე ვთქვათ, "ხალხის აზრს" გთავაზობთ და შემდეგ წაიკითხეთ სექსოლოგის კომპეტენტური პასუხები...
"რა კატასტროფაა... როდის ამოიძორკვება ეს საზიზღარი "ტრადიცია". ცხოვრებას უმახინჯებენ ბავშვებს..."
"14 წლის ბავშვის მეძავთან წაყვანა არ არის საჭირო. მარაზმია და მშობელი უნდა იაზრებდე ამას. როცა თავად გადაწყვეტს, მაშინ წავა სადაც უნდა. არ არის საჭირო მამის და ბიძა-ნათესავების ჩარევა ამ საკითხში".
"შეიძლება, სადმე სხვა ქვეყანაშიც ხდება ასე, მაგრამ არა მგონია, რომელიმე განვითარებულში. რასაც ჩვენი ქვეყნის მაგალითი მაჩვენებს, სწორედ ასეთ ადრეულ ასაკში მიწოდებულ მახინჯ მესიჯებს, ამ შემთხვევაში მეტად ყბადაღებულ, "ქალებში წაყვანის" თემას, რაც შეიძლება მავანთათვის უბრალოდ რიტუალია, მივყავართ დიდ მენტალურ ტრაგედიამდე. 13 წლის ბავშვს რომ ასე ესვრი სახეში მსგავს სისაზიზღრეს, აკარგვინებ იმის აღქმას, რომ კონკრტული აქტი ინტიმია და არა რაღაც, რასაც უბრალოდ იყიდი და პირველმა სიყვარულმა თუ მიატოვა, დიდი ამბავი, ვიღაც "დამა" ქალი, რომელსაც რამდენიმე საათით დაიქირავებს, დაავიწყებს ყველაფერს, ამაზე დიდი საშინელება რა უნდა გაუკეთო?!"
"გოგოების კომენტარებს ვკითხულობ, ეს ქალებში წაყვანა რა წესიაო. დაანგრიეთ ეს ინსტიტუტიო და რაღაცები. მგონი მაგ საკითხზე თვითონ ქალებმა უნდა იფიქროონ!!! ბავშვებს არ ვგულისხმობ, 13-15 წლისებს!!! ეგრეთ წოდებული ქალებში წაყვანა და მსგავსი სისულელეები იარსებებს მანამ, სანამ ქართველი ქალი 40 წლამდე და გათხოვებამდე ქალიშვილი იქნება... თუ ეს იდეაში არ მოგწონთ, მაშინ ნუღარ წერთ, რომ ქალებში სიარული ცუდია..."
"რომელი უფრო საშინელებაა, მამის ძმაკაცები რომ ასე ცდილობენ მის გამხიარულებას, თუ დედის დაქალები რომ ასე ერევიან? მშობლების დანაშაული ზუსტად ისაა, ბავშვმა თხოვა, არავის უთხრათო და მთელ სამეგობროში "გააბაზრეს". შეყვარებულს რომ დავშორებოდი და დედაჩემის დაქალები მოსულიყვნენ და ეს საქმე განეხილათ, ხომ გადავირეოდი..."
"ეს ქაჯური ტრადიცია ჩვენთანაა და ალბათ კიდე რომელიმე მუსულმანურ სოფელში... ცივილიზებულ ხალხში ეს ბუნებრივად ხდება პირველ სუყვარულთან... სამწუხაროა, დრო გადის და თაობების მიდგომა დრომოჭმულ ტრადიციებთან არ იცვლება..."
სექსოლოგი გია ბეროშვილი ბევრი მშობლისა თუ მოზარდისთვის საინტერესო კითხვებს პასუხობს:
ინტერვიუს წასაკითხად გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
- თუ არსებობს რეკომენდაცია, როდის უნდა დაიწყოს სქესობრივი ცხოვრება გოგონამ ან ბიჭმა? კანონმდებლობით 16 წლამდე პირთან ინტიმური კავშირი დასჯადია. ამ ასაკამდე ფიზიოლოგიურ ასპექტში როგორ გვაქვს საქმე?
- მთელ მსოფლიოში დასჯადია 16 წლამდე... სქესობრივი მომწიფება იწყება 10-11 წლიდან და მთავრდება 16 წლის ასაკში. ადამიანს შეუძლია, სქესობრივი ცხოვრება 16-18 წლის ასაკში დაიწყოს. 16 წლის ასაკში ჩვენი და მსოფლიო კანონმდებლობით იმ შემთხვევაში არის დასჯადი, თუ სქესობრივი კავშირი ძალადობრივ ელემენტებს მოიცავს. თუ ცოლქმრული კავშირია, ვერც ვერავინ გაიგებს და შესაბამისად დასჯადიც არ არის.
- ბიჭის პირველი კავშირი მეძავებთან საქართველოში ყოველთვის გავრცელებული პრაქტიკა იყო... რამდენად გამართლებულია ეს?
- ერთი მხარე არის ფიზიოლოგია და მეორე – მორალი. ნაადრევად სქესობრივი ცხოვრების დაწყება რამე ზიანს ხომ არ მიაყენებს მოზარდსო, უკითხავთ. როდესაც 15 წლის მამაკაცს უნდა სქესობრივი ცხოვრების დაწყება, დაიწყოს, კი ბატონო. მეძავთანაც წავა, თუ ამის საშუალება აქვს, რა პრობლემაა? – არსებობს ეს პროფესია უხსოვარი დროიდან, რასაც პროსტიტუცია ჰქვია... რეკომენდირებული არ არის, პირველი სქესობრივი კავშირი 13-14 წლის ასაკში მოხდეს. სქესობრივ ცხოვრებას აქვს გარკვეული მნიშვნელობა და შეიძლება მთელი ცხოვრება დაღდასმული დარჩეს, თუ ყველაფერი ისე ვერ გამოვიდა, როგორც მას ჰგონია.
რაც შეეხება არის თუ არა რისკი მეძავთან, რომ შეიძლება ბევრი დაავადება დაემართოს მოზარდს, რა თქმა უნდა, არის არა მხოლოდ მეძავთან, არამედ იმ ადამიანებთან, რომლებიც "პატიოსან" ცხოვრებას ეწევიან. ამისთვის არსებობს დაცვის საშუალება, რომელსაც "პრეზერვატივი" ჰქვია!
- გინეკოლოგებს ინტერვიუში უთქვამთ, რომ ბევრი მოზარდი ეწევა სქესობრივ ცხოვრებას და ამას მშობლებს უმალავს. რა შეგიძლიათ უთხრათ და ურჩიოთ მოზარდებს, რომლებიც ადრეულ ასაკში აპირებენ პარტნიორის გაჩენას?
- გოგონებს ვურჩევდი, რომ აუცილებლად დაფიქრდნენ, თუ რა შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს! ნაადრევ სქესობრივ კავშირებს შეიძლება მოჰყვეს ფსიქოტრავმა. მნიშვნელობა აქვს, რა ნიადაგზე გადადგა ეს ნაბიჯი - სიყვარული იყო, ვნება, უმწეო მდგომარეობაში ყოფნა თუ სხვა რამ... პირველ სქესობრივ კავშირს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ვურჩევ, მაქსიმალურად მოემზადოს და მხოლოდ სიყვარულზე დაფუძნებული იყოს პირველი სქესობრივი კონტაქტი...
- რამდენად უწყობს ხელს ნაადრევი სქესობროვი ცხოვრების დაწყებას თამამი სცენების მომრავლება ჩვენს ეკრანებზე?
- ეს გარკვეულწილად ისეა, ლოთი რომ არყის ბოთლით გააღიზიანო... რას ვიზამთ, ამაზე მედია საშუალებები კარგ ფულს აკეთებენ. მხოლოდ ტელევიზიებს ნუ დავაბრალებთ, ინტერნეტიც ჩაერთო ამ საქმეში... ამის გაკონტროლება ვერაფრით ხერხდება. მთელმა მსოფლიომ სცადა და არაფერი გამოვიდა. მხოლოდ ჩვენი უბედურება არ არის, ასეა ყველგან და მდარე ხარისხის ფილმებში უზარამაზარი ფული იშოვება.
- მამები ამტკიცებენ, რომ ბიჭი ჯობია გამოცდილ, თუნდაც მეძავთან მოხვდეს პირველი ურთიერთობისას. დედები კი მომხრეები არიან, რომ პირველად მასთან მოხვდეს, ვინც უყვარს. სინამდვილეში როგორ ჯობია?
- მე ვურჩევდი ჩვენს ახალგაზრდობას, რომ წაიკითხონ მიხეილ ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე". მიხეილ ჯავახიშვილი შესანიშნავი მწერალია! ყურადღება მიაქციონ, თუ ვისთან ჰქონდა პირველი სქესობრივი კავშირი კვაჭის... ჩვენ რამდენიც არ უნდა ველაპარაკოთ ჩვენს შვილებს, მოზარდების მართვა რთულია. საერთოდაც კი ვეთანხმები მამებს იმ მხრივ, რომ ჯობია პირველი სქესობრივი კონტაქტი უფრო კომპეტენტურ ადამიანთან ჰქონდეს. თუმცა ასეთი მოსამსახურე პერსონალი სანთლით საძებარია... ვინც უყვარს, მასთან რომ მოხვდეს პირველად, ერთიც გამოუცდელი იქნება, მეორეც და მხოლოდ სერალებიდან მიღებული გამოცდილება ექნებათ.
ამიტომაც ვამბობ, რომ გარკვეული ტიპის ინფორმაცია ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ. მე არ ვამბობ, რომ სექსუალური ტიპის განათლება უნდა შევიტანოთ სკოლაში, მაგრამ - ოჯახის შექმნა, ადამიანის ფსიქოლოგია, ფიზიონომია, როდის უნდა დაიწყოს სქესობრივი ცხოვრება –ეს სახელმძღვანელოს სახით უნდა მიეწოდებოდეს სასურველია 10-12 წლიდან. დამიჯერეთ ამ სახელმძღვანელოს უფრო ისწავლიან მოზარდები, ვიდრე ფიზიკას თუ სხვა საგანს...
- რამდენად მნიშვნელოვანი პირველი პარტნიორი და რამდენად ახდენს ეს გავლენას მომავალ სქესობრივ ცხოვრებაზე?
- ძალიან მნიშვნელოვანია! სად და როგორ ტარდება, ადამიანი გიყვარს თუ არა, ყველაფერს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა! როგორც წესი, ბევრ რამეს არ ითვალისწინებენ და შემდეგ უამრავ ფსიქოტრავმას იღებენ... შეიძლება მოხდეს არასასურველი ორსულობა, ბიჭმა გოგონას ინფექციები გადასცეს და ასე შემდეგ...
მანანა გაბრიჭიძე