ვირუსული ინფექციების საშიშროებაც მოახლოვდა სიცივის მოახლოებასთან ერთად გრიპისა და რესპირაციულ- ვირუსული ინფექციების საშიშროებაც მოახლოვდა. სეზონური გრიპი გრიპის A და B ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა და ყოველწლიურად ცირკულირებს, რაც ადამიანთა გრიპით ავადობას განაპირობებს. დაავადებულთა უმრავლესობას გრიპი ადვილად გადააქვს, თუმცა შესაძლებელია, სიცოცხლისთვის საშიში გართულებებიც გამოიწვიოს. ცნობილია გრიპის ვირუსის სამი ტიპი: A, B, C. ამჟამად, მსოფლიოში სეზონურ გრიპს იწვევს A(H3N2), A(H1N1) ქვეტიპის და B ტიპის ვირუსები. გრიპის C ტიპის ვირუსი ხასიათდება მსუბუქი სიმპტომატიკით და ლოკალური ეპიდაფეთქებებით. ზომიერი კლიმატური სარტყლის ქვეყნებში გრიპი ხასიათდება სეზონურობით (შემოდგომა- ზამთრის პერიოდში). გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე ჰაერ- წვეთოვანი გზით ხდება, ვირუსით კონტამინირებულ ნივთებთან ან ზედაპირებთან შეხებისას.
სეზონური გრიპი ხასიათდება როგორც მსუბუქი, ისე მძიმე სიმპტომატიკით, შესაძლოა, მოჰყვეს ლეტალური გამოსავალიც, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში. სწორედ ამიტომ, გრიპის სეზონის დადგომასთან ერთად, აქტუალური ხდება ვაქცინაციის გაკეთება, უნდა გავიკეთოთ თუ არა ვაქცინა? რამდენად უსაფრთხოა? რატომ არის აცრის ჩატარება აუცილებელი? რა პერიოდია ვაქცინაციისთვის ხელსაყრელი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ დიაგნოსტიკური ცენტრის პედიატრიული სამსახურის უფროსი, პედიატრს თემურ მიქელაძე.
რა არის სეზონური გრიპი და რა სიმპტომები ახასიათებს?
გრიპი მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციაა, რომელიც პერიოდულად იწვევს ეპიდემიებს და იშვიათად – პანდემიებსაც კი. მწვავე რესპირაციულ ინფექციებს სეზონურობა ახასიათებთ. ისინი უფრო ხშირია შემოდგომის, ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში. საქართველოში გრიპის სეზონური მატება იწყება ოქტომბერსა და ნოემბერში, პიკს აღწევს იანვრის მეორე ნახევარში და თებერვლის დასაწყისში. გრიპისთვის დამახასიათებელია მაღალი ცხელება ანუ > 39 გრადუსი და ზევით. იწყება შემცივნებით, ხველით, ყელის, თავისა და სახსრების ტკივილით, ზოგ შემთხვევაში ახასიათებს ხმის ჩახლეჩა, ამ სიმპტომების გარეშე გრიპი არ არსებობს.
როგორ ვრცელდება სეზონური გრიპი?
გადაცემის ძირითადი მექანიზმი არის ჰაერ- წვეთოვანი. ის ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა ხველით, ცემინებით, ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან ან ზედაპირებთან შეხებით.
ვინ იმყოფება გრიპის მაღალი რისკის ქვეშ?
მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან: სამედიცინო პერსონალი; ჩვილები და ადრეული ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით 2 წლამდე; სასკოლო ასაკის ბავშვები; ორსულები და ხანდაზმულები 65 წელს ზევით; იძულებით გადაადგილებული პირები და კომპაქტურად ჩასახლებული პირები; ქრონიკული დაავადების მქონე პირები (ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა, დიაბეტი, ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებები და ა.შ.).
რამდენ ხანს არის გადამდები გრიპით დაავადებული ადამიანი?
უმეტესწილად გრიპის მქონე ადამიანი გადამდებია დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე 1 დღით ადრე და გამოვლენიდან კიდევ 5-7 დღის (ზოგჯერ – მეტიც) განმავლობაში. ბავშვები ჩვეულებრივ 7 დღეზე მეტხანს არიან გადამდებები. – არსებობს თუ არა გრიპის საწინააღმდეგო აცრა? – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების მიხედვით, გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად ითვლება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ყოველ წელს დგება ჩრდილოეთ ნახევარსფეროსთვის და ის ითვალისწინებს იმ ტიპის გრიპის ვირუსებს, რომლებიც შეიძლება ამ სეზონზე გვქონდეს. 2017-18 გრიპის სეზონისთვის განკუთვნილია ვაქცინა, რომელიც შეიცავს მიჩიგანი H1N1, ჰონკონგ H3N2 და ბ ტიპის ბრიზბანი.
რა პერიოდია ვაქცინაციისთვის ხელსაყრელი და რამდენად უსაფრთხოა?
გრიპის ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სამედიცინო პროდუქტია, რომლითაც ბოლო 20 წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში ას მილიონ ადამიანზე მეტი იქნა აცრილი გართულებების გარეშე. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ადგილობრივი რეაქცია, ანუ შეწითლება ახასიათებს. ვაქცინა აუცილებელია პაციენტს გაუკეთდეს ეპიდემიის დაწყებამდე. საქართველოსთვის ყველაზე ოპტიმალური პერიოდია ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე. სასურველია, პაციენტმა გრიპის ვაქცინა ამ დროს ჩაიტაროს. ჯანდაცვის სამინისტრომ წელს 27 ათასი დოზა ვაქცინა შემოიტანა, რომელიც მაღალი რისკის ჯგუფებს უფასოდ უკეთდება.
ვის უნდა ჩაუტარდეს გრიპის ვაქცინაცია?
სასურველია, ვაქცინაცია 6 თვეს გადაცილებულ ყველა ადამიანს ჩაუტარდეს. განსაკუთრებით პრიორიტეტული ჯგუფებია: 5 წლამდე (განსაკუთრებით – 2 წლამდე) ასაკის ბავშვები; 65 წელს გადაცილებულები; ორსულები; ქრონიკულად მოავადენი (ასთმა, ფილტვების, გულის, თირკმლის, ღვიძლის, ენდოკრინული სისტემის დაავადებები); ნერვული სისტემის დარღვევათა მქონე პირები (ცერებრული დამბლა, ეპილეფსია, ინსულტი, გონებრივი უნარშეზღუდულობა, კუნთოვანი დისტროფია); ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ ანემია, იმუნოდეფიციტი (შიდსი, კიბო), ჭარბი წონა (სხეულის მასის ინდექსი აღემატება 40-ს); სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის – ხანში შესულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომვლელები.
როგორ უნდა დავიცვათ თავი გრიპისგან და შესაძლებელია თუ არა გრიპის მკურნალობა?
გრიპის მკურნალობა პრაქტიკულად არ არსებობს, ვინაიდან მას სიმპტომური მკურნალობა ახასიათებს. გრიპისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია! ასევე, მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა, ეპიდემიის დროს ხელის ხშირი დაბანა, სახლის სველი წესით დალაგება, ხშირი განიავება, დაავადებულთან კონტაქტისგან თავის არიდება, ნიღბების ხმარება, ერთჯერადი ხელსახოცების გამოყენება, დიდი რაოდენობით სითხეების მიღება.
სად ტარდება ვაქცინაცია და რამდენად ეფექტურია?
ვაქცინაცია ტარდება თბილისის მასშტაბით „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ყველა პოლიკლინიკაში და ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში. ვაქცინა არის მაღალხარისხიანი და აბსოლუტურად უსაფრთხო. მისი ღირებულება 25 ლარია. ვაქცინაციის შემდეგ იმუნიტეტი ერთ წელიწადს ძლებს, ამიტომ დაავადებისგან თავის დასაცავად ყოველწლიური ვაქცინაციაა რეკომენდებული. ასევე, ცნობილია ის ფაქტიც, რომ ვაქცინაცია ბევრად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე გრიპისა და მისი გართულებების მკურნალობა.
R