როგორ უნდა მოუაროთ ბავშვის ყელს, ხმას და რა არ უნდა გამოგეპაროთ? ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ისევე, როგორც ევროპასა და რუსეთში, საქართველოში არსებობს ფონიატრიისა და ხმის რეაბილიტაციის ცენტრი, საკმაოდ ძლიერი აპარატურით და თუკი ვინმე მღერის ჩვენს ქვეყანაში, ცნობილი და არაცნობილი, უმრავლესობამ იცის ამის შესახებ, რადგან სწორედ ამ ცენტრში ხდება ხმასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება.
ორიოდე დღის წინ, სწორედ საქართველოს ფონიატრიის და ხმის რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელისა და დამაარსებლის, ქალბატონი ირინა ქაცარავას მოწვევით, თბილისში ჩამოვიდა რუსეთის მთავარი ფონიატრი, ”ჯანმრთელი ხმის სკოლის” ფუძემდებელი, ცნობილი ექიმი ეკატერინე ოსიპენკო და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საკმაოდ საინტერესო ლექცია ჩაატარა ხმის მოვლის შესახებ, ყელის პრობლემებზე და ხმასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე. ქალბატონი ეკატერინე რამდენიმე დღე კიდევ დარჩება თბილისში და პაციენტებს მიიღებს, თუმცა მანამდე მის და მისი მთავარი მესიჯების შესახებ გიამბობთ, რაც ალბათ ბევრი მშობლისა თუ პედაგოგისთვის აუცილებლად გასათვალისწინებელია.
ეკატერინე ოსიპენკო რუსეთში საკმაოდ ცნობილი სპეციალისტია. როგორც თავად აღნიშნა, ძალიან აქტიურად მუშაობს რუს ვარსკვლავებთან, ზრუნავს მათი ყელის სიჯანსაღეზე, თანამშრომლობს პროექტებსა და შოუებთან, ბექსტეიჯებში, პასუხისმგებელია კონკურსანტების ხმის სიჯანსაღეზე. ატარებს ლექციებს რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ, მონაწილეობს კონფერენციებში და აქვს ძალიან აქტიური საექიმო პრაქტიკა. სპეციალური კურსები აქვს შემუშავებული - ”ფონიატრია” და ”ხმის ჰიგიენა”, ვოკალური და საგუნდო განყოფილების სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის, რომელთაც ასწავლის, როგორ უნდა იმღერონ ისე, რომ გაუფრთხილდნენ ხმას, ყელს, სახმო სიმებსა და იოგებს და ჩვეულებრივი ”ხრინწი” ხმაში თუ გაციება არ გადაიზარდოს ძალიან სერიოზულ დაავადებებში.
”მართალი რომ გითხრათ, ვერ ვიტან შოუებსა და კონკურსებს, რომლებშიც ბავშვები მონაწილეობენ და ძალიან დაძაბული გრაფიკი აქვთ, არასაბავშვო სიმღერებით... ეს მათთვის, მათი ფსიქიკისთვის და განსაკუთრებით, ბავშვის ყელისთვის, სერიოზული დარტყმაა, - ამბობს ქალბატონი ეკატერინე, - მე თუ მკითხავთ, ბავშვმა საკმაოდ მოზრდილ ასაკში უნდა დაიწყოს ის, რასაც ჰქვია სერიოზული სიმღერა, მანამდე კი, ბავშვურ ასაკში, უნდა იმღეროს მხოლოდ საბავშვო სიმღერები, მისი ასაკის და შესაძლებლობების გათვალისწინებით დაწერილი. ისწავლოს საკრავებზე, ინსტრუმენტზე დაკვრა, დაეუფლოს სოლფეჯიოს და განავითაროს გონება, სანამ სერიოზულად შეუდგება სიმღერას...”
მისივე თქმით, არასწორია, როცა ბავშვები თავიდანვე უცხოენოვანი და ურთულესი სიმღერებით იწყებენ ”კარიერას”. ”უიტნი ჰიუსტონის სიმღერებით რომ იწყებს პატარა, რომელსაც ჯერ არ აქვს იოგები ასე ჩამოყალიბებული, ან მაგალითად, რუსეთში ხშირად გრიგორი ლეფსის სიმღერებს მღერიან პატარა ბავშვები, ეს არ არის ნორმალური მოვლენა. ბავშვმა პირველ რიგში საკუთარ ენაზე უნდა დაიწყოს სიმღერა და ბავშვურად, მხოლოდ მერე გადავიდეს რთულ რეპერტუარზე”.
ქალბატონი ირინა და ეკატერინე თემურ წიკლაურთან ერთად
2. მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ბავშვი, რომელიც მღერის, მოარიდოს ზედმეტად ცივს, ზედმეტად ცხელს, მწარეს.
3. ასევე არ არის რეკომენდებული ადრე პოპულარული უმი კვერცხის მირთმევა - რადგან სალმონელოზით შეიძლება დავავადდეთ.
4. არაფრით არ შეიძლება ასევე ხმისთვის უძილობა და ზედმეტი ჭამა. საერთოდაც, სიმღერა სავსე კუჭით გამორიცხულია - ერთი საათი მაინც უნდა იყოს გასული კვებიდან. ასევე არ შეიძლება მეორე უკიდურესობა - სრული უჭმელობა. მომღერალს დიდი ენერგია სჭირდება და უნდა დაარეგულიროს ეს ყველაფერი.
ცნობილი ექიმი სთხოვს მომღერალი ბავშვების მშობლებს, მაქსიმალურად მიაქციონ ყურადღება მოზარდის ყელს, მის მუსიკალურად სწორად განვითარებას, მის სხვადასხვა, გარდამტეხ ასაკს, რაც ხმაზეც აისახება ხოლმე, ზოგადად მის ჯანმრთელობას და არ გამოეპაროთ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილებებიც კი, რომლებმაც შეიძლება, შემდგომში სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.