პირველი ტრანსპლანტაცია სწორედ დედმამიშვილზე განხორციელდა - 6 წლის ბიჭი გადაარჩინეს ახალშობილი დის ჭიპლარის სისხლით - ის, რაც უნდა იცოდეთ ჭიპლარის სისხლზე და ღეროვან უჯრედებზე
ბევრმა შესაძლოა არ იცოდეს, რომ ახალშობილის ჭიპლარის სისხლში არსებული ღეროვანი უჯრედები უამრავ დაავადებას კურნავს. სწორედ ამიტომ, მშობლების სურვილისა და მატერიალური სახსრების გათვალისწინებით, ჭიპლარის სისხლის ბანკში, ახალშობილის ჭიპლარის სისხლს წლების განმავლობაში ინახავენ. ჭიპლარის სისხლი ეს არის სისხლი, რომელიც მშობიარობის შემდეგ პლაცენტაში რჩება და რომელსაც მშობიარობის შემდეგ უბრალოდ აგდებენ. თუმცა, რამდენიმე ათეული წელია მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ სისხლში დიდი რაოდენობით არის ღეროვანი უჯრედები. მათ შორის, ყველაზე დიდი რაოდენობით – სისხლმბადი ღეროვანი უჯრედები. მასში, ასევე, შედარებით ნაკლები რაოდენობითაა მეზინქიმიური ღეროვანი უჯრედები, რომელიც მნიშვნელოვანია იმდენად, რომ მათგან შეიძლება სხვადასხვა ტიპის უჯრედები და ქსოვილები წარმოიქმნას. მშობლებს საკმაოდ ბევრი შეკითხვა დაუგროვდათ ჭიპლარის სისხლის შენახვის აუცილებლობაზე. აქტუალურ კითხვებზე პასუხის მისაღებად სისხლის ბანკის სამედიცინო დირექტორს გოჩა შათირიშვლის დავუკავშირდით.
რა დაავადებები იკურნება ჭიპლარის სისხლით და რა ღირს მისი შენახვა საქართველოში
- რამდენად ხშირია ქართულ რეალობაში ჭიპლარის სისხლის შენახვაზე მოთხოვნა ?
- ხშირია, იშვიათი არ არის. მსოფლიო სტატისტიკა 1%-დან 6%-მდეა. დანამდვილებით ვიცი, რომ ისრაელში 3%-მდე ინახავენ და ქართველი მოსახლეობის დაახლოებით 1% ინახავს. ათასობით ადამიანს აქვს ჩვენთან ჭიპლარის სისხლი შენახული. ამის შესახებ ინფორმაცია ფართოდ არის გავრცელებული და დაინტერესებული ვინც არის, მოგვმართავს ან კითხვის ფორმით ან კიდევ შესანახად.
- გარდა პაციენტისა, ვისი ჭიპლარის სისხლიც არის შენახული, თუ იყენებენ მას დედმამიშვილის ან თუნდაც მშობლების სამკურნალოდ ?
- დიახ. დაავადებას გააჩნია. უმჯობესია საკუთარი ჭიპლარის სისხლი იყოს გამოყენებული. მაგალითად აუტიზმის და ცერებრალური დამბლის შემთხვევების დროს. თუმცა კვლევები მიმდინარეობის დედმამიშვილებში მისი გამოყენების შესახებ და 75%-ში სისხლი თავსებადია. ე.ი. თუ დედმამიშვილის სისხლს შეინახავენ, გამოადგებათ აუტიზმის და ცერებრალური დამბლის სამკურნალოდ. რაც შეეხება სისხლის დაავადების სამკურნალოდ, ონკოლოგიური და არაონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ დედმამიშვილების სისხლი კარგია, მაგრამ 25%-ია თანხვედრა. შემთხვევათა ¼-ში შეიძლება იყოს თავსებადი სისხლი. ასეთი შემთხვევები იშვიათი არ არის მედიცინაში. პირველი ტრანსპლანტაცია სწორედ დედმამიშვილზე განხორციელდა, იშვიათი თანდაყოლილი ანემიით, ფანკონის ანემიით დაავადებული 6 წლის ბიჭი გადაარჩინეს თავისი ახალშობილი დის ჭიპლარის სისხლით. რაც შეეხება მშობლების სამკურნალოდ შვილის ჭიპლარის სისხლის გამოყენებას, დედ-მამასა და შვილს შორის თანხვედრა არის 50%. საერთოდ, როგორც წესი, ჯერჯერობით მასიურად არ ხდება. არის ძალიან კარგი ფაქტები, როდესაც შვილის სისხლმა დედა გადაარჩინა.
- ყველაზე მეტად საქართველოში რომელი დაავადების სამკურალოდ იყენებენ ჭიპლარის სისხლს?
- ჩვენ დიდი გამოცდილება არ გვაქვს, მაგრამ აუტიზმის დროს გამოვიყენეთ 3 პაციენტში. შედეგი ძალიან დამაიმედებელია და დაკვირვება მიმდინარეობს პაციენტებზე. ცვლილება დაეტყო მათ ინტელექტს, განვითარებას. აუტისტ ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ ჩამოყალიბებული ინტელექტი, მაგრამ მისი გამჟღავნება შესაძლოა არ უნდოდეთ, ან არ შეეძლოთ, ამ მხრივ ჩვენ მივიღეთ ლექსიკის გაუმჯობესება, ინტელექტის გაუმჯობესება, ბავშმა დაიწყო წერა, ხატვა, ახერხებს კითხვას, იმ ფონზე, როცა სამ სიტყვას ვერ ამბობდა.
- არის კონკრეტული ფაქტი, როცა დედამ სპეციალურად გააჩინა ბავშვი იმის გამო, რომ უფროსი შვილის შაქრის დიაბეტის სამკურნალოდ გამოეყენებინა ახალშობილის ჭიპლარის სისხლი. ამ მეთოდით შესაძლებელია შაქრის დიაბეტისგან განკურნება?
- შაქრიანი დიაბეტის მკურნალობაზე მსოფლიოში ჩატარდა გარკვეული კვლევები. ეს მოხდა ფლორიდაში, გერმანიაში, ახლა ავსტრალიაში. დაავადების პრევენციის მიზნით კვლევა რამდეიმე წელია მიმდინარეობს და საბოლოო შედეგები ჯერ არ ვიცით, მაგრამ ფლორიდის და გერმაინიის შემთხვევებში ჭიპლარის სისხლის გამოყენებამ გამოიწვია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება პაციენტში და არა საბოლოო სახით განკურნება. ეს მოხდა საკუთარი ჭიპლარის სისხლით. თქვენ რა მაგალითიც დაასახელეთ, ეს შემთხვევა ვიცი, ჩავატარეთ კვლევა თავსებადობაზე და სამწუხაროდ, თანხვედრა არ მოხდა.
- რადგან ჭიპლარის სისხლის შენახვა გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული, ხშირად კითხულობენ, თუ შეიძლება ერთხელ გამოიყენონ ის და აღარ შეინახონ?
- ეს უკვე მშობლის სურვილზეა დამოკიდებული. თუ ერთხელ გამოყენების შემდეგ დარჩენილი მარაგის შენახვას აღარ მოისურვებენ, ხელშეკრულება ფორმდება და მათი სურვილის მიხედვით ან სამეცნიერო მიზნებისთვის გადმოგვეცემა ან განადგურდება მათ თვალწინ. აი, ეს ორი არჩევანია.
რა უნდა ვიცოდეთ ღეროვანი უჯრედების შესახებ, რომელიც ადამიანს მძიმე წუთებში უნარჩუნებს სიცოცხლეს
რუსკა კილასონია