წელს გრიპის ვირუსის გავრცელება ძალიან ინტენსიურად ხდება, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ეს 2009-2010 წლის პანდემიის დროს იყო
იტალიაში გავრცელებული გრიპის ეპიდემიის შედეგად, ბოლო კვირების განმავლობაში გრიპით 4 მილიონამდე ადამიანი დაავადდა, რაც 2004 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს გრიპის ვირუსის გავრცელება ძალიან ინტენსიურად ხდება, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ეს 2009-2010 წლის პანდემიის დროს იყო და ყველაზე დიდი რისკის მატარებლები ბავშვები არიან.
რამდენად რამდენად არის საშიშროება აღნიშნული ვირუსის საქართველოში გავრცელების - ამის შესახებ გვესაუბრება დავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი.
- ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან ყოველკვირეულად ვიღებთ ინფორმაციას გრიპის გავრცელების შესახებ. შემოსული მონაცემების მიხედვით, იტალიაში ამჟამად ცირკულირებს ძირითადად B ტიპის გრიპის ვირუსი, რომლის ერთეული შემთხვევები უკვე რეგისტრირებული არის საქართველოშიც და ამაში არაფერი უჩვეულო არ არის. უბრალოდ იტალიაში არის სეზონური მატება გრიპის B ტიპის ვირუსის გავრცელების, შედარებით ნაკლებად ცირკულირებს A ტიპის ვირუსი, რაც ასევე ამ სეზონისთვის არის დამახასიათებელი.
- რა სიპტომებით ხასიათდება?
- როგორც წესი, ახასიათებს ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომატიკა და ტემპერატურის უეცარი მატება. ჯანმრთელი ადამიანი უცებ ხდება ავად და არა შემპარავად, რასაც თან ახლავს ზოგადი ინტოქსიკაცია და მკვეთრად გამოხატული თავისა და ყელის ტკივილი, ასევე შესაძლოა დაერთოს ხველა.
- რა ტიპის ვაქცინა კეთდება ვირუსის პრევენციის მიზნით?
- გრიპის სეზონური ვაქცინა არის ან 3 ვალენტიანი, ან 4 ვალენტიანი. 3 ვალენტიანი ვაქცინა შეიცავს 2 A ტიპის ვირუსს და 1 B ტიპის ვირუსს, ხოლო 4 ვალენტიანი 2 A ტიპის და 2 B ტიპის ვირუსს. ესეთი ვაქცინები კეთდება სეზონის დაწყებამდე და გამოირჩევა კარგი დამცველობით იმუნიტეტით.
რუსკა კილასონია