რას ითხოვს ჯანდაცვის მინისტრი განათლების მინისტრისგან წითელას ეპიდაფეთქების და შესაძლო ეპიდემიის შეჩერების მიზნით საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განათლების მინისტრს მიმართა და მისი ბრძანება დაეგზავნათ სკოლებს. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს
ბატონ მიხეილ ჩხენკელს.
ბატონო მიხეილ,
2017-2018 წლებში ქვეყნის მასშტაბით შეიმჩნევა წითელას შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება: 2018 წლის 29 იანვრის მდგომარეობით, უკვე აღირიცხა წითელას 102 შემთხვევა. 2017 წელს დაფიქსირებული იყო წითელას 94 შემთხვევა.
2017 წლის დეკემბერსა და 2018 წლის იანვარში ასაკობრივი დინამიკის მიხედვით შემთხვევათა 40% მოდის 0-5 წლამდე ასაკის ბავშვებზე, შემთხვევების 22% - 5-14 წლის და 15-29 წლის ასაკობრივ ჯგუფზე, ხოლო შემთხვევათა 16% გადანაწილებულია 30-59 წლის ასაკობრივ ჯგუფზე.
2016-2017 წლებში წითელას ეპიდაფეთქებები ასევე დაფიქსირდა ევროპის რეგიონში (რუმინეთი, იტალია, საბერძნეთი, ბულგარეთი, გერმანია, პორტუგალია, საფრანგეთი, ესპანეთი), სადაც აღირიცხა 14 939 წითელას შემთხვევა, მათ შორის 34 ლეტალური გამოსავლით წითელას ეპიდაფეთქებები კვლავ გრძელდება ევროპის რიგ ქვეყნებში, არსებობს რისკი იმისა, რომ დაავადების შემდგომი გავრცელება მოხდეს მოსახლეობის იმ ფენებშიც, რომლებსაც ასაკობრივად არ აქვთ ჩატარებული წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ორდოზიანი კურსი. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ინტენსიურად მიმდინარეობს წითელას აღმოფხვრის ღონისძიებები, რისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშვი მოზარდი და ზრდასრული აცრილი იყოს წითელას საწინააღმდეგოდ.
წითელას ეპიდაფეთქების და შესაძლო ეპიდემიის შეჩერების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, თქვენი ადგილობრივი რესურს ცენტრების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრების თანამშრომლობით, ხელშეწყობილ იქნას ყველა სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში შემდეგი სახის ღონისძიებების გატარება:
ვის არ ემუქრება "წითელა" და რატომ არის ის სხვა "ბატონებზე" უფრო მძიმე დაავადება
ა) საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეების წითელას საწინააღმდეგო აცრის სტატუსის განსაზღვრა დაწესებულებაში არსებული ფორმა 100ა "ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ" მიხედვით, დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში მოხდეს ინფორმაციის მოძიება;
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
ბ) ყველა აუცრელი ან არასრულად აცრილი ბავშვის მშობლისთვის ინფორმაციის მიწოდება აცრის ჩატარების აუცილებლობის შესახებ და აცრის დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენა სასწავლო დაწესებულებაში;
გ) მოსწავლის მიერ სასწავლო პროცესის გაცდენის რეალური მიზეზის დადგენა წითელას შესაძლო შემთხვევების გამოსავლენად;
დ) სასწავლო დაწესებულებაში წითელას გამოვლენის შემთხვევაში, შეტყობინების გაგზავნა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, კონტაქტში მყოფი პირების ვაქცინაციის მიზნით;
ე) ვირუსული დაავადების რომელიმე საეჭვო ნიშნის არსებობისას მოსწავლის-პედაგოგის არდაშვება სასწავლო პროცესზე.
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის.
პატივისცემით, მინისტრი დავით სერგეენკო".