"მშობლებს უთხრეს, ეს ბავშვი მოკვდებაო... გადარჩა, სასწაულად გადარჩა" - ირაკლი ციციშვილის მოგონებები
"მშობლებს უთხრეს, ეს ბავშვი მოკვდებაო... გადარჩა, სასწაულად გადარჩა" - ირაკლი ციციშვილის მოგონებები
ყველასათვის საყვარელ ექიმ-პედიატრ ირაკლი ციციშვილს ათასობით ბავშვი გადაურჩენია. მან ხალხის უდიდესი სიყვარულისა და პატივისცემის მოპოვება შეძლო. გთავაზობთ ამ დიდი ექიმის მოგონებებს, რომლებიც მის სიცოცხლეში "რადიო თავისუფლებამ"  გამოაქვეყნა.

ირაკლი ციციშვილი:
- ოჯახს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე მზრდიდნენ დედაჩემის და, ბიძაჩემი ილუშა და ბებიაჩემის ძმა. ის შემთხვევით გადაურჩა დახვრეტას ბაკურციხეში: მეორე იდგა დასახვრეტთა რიგში, დახვრიტეს პირველი, მესამე და მეხუთე. ასე გადარჩა, დაბრუნდა და 23 წელიწადი ცხოვრობდა ჩვენს ოჯახში. აი, ეს ბებია, პაპა გიგო, ილია და ეკატერინე მზრდიდნენ. გვიჭირდა, ომი
იყო, დაჭერები იყო ოჯახში, ოთხი სული დაგვიხვრიტეს. დედაჩემი შემთხვევით გადარჩა (მეან-გინეკოლოგი იყო და იმან, ვისაც დასახვრეტთა სიები ჰქონდა, ჩუმად წაშალა, რადგან მისი ოთხი შვილი "მიიღო", ანუ ცოლი ამშობიარა). ასე გავიზარდეთ და, ალბათ, ამიტომ გამოვედით ასეთები. სტუმართმოყვარე ოჯახი ვართ, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, ყველას ვაფასებთ, ყველას პატივს ვცემთ, ვეხმარებით. ალბათ, ამიტომაც, ფული არასოდეს ყოფილა ჩემთვის მნიშვნელოვანი. ფული რა არის, ადამიანობაა მთავარი!

დაახლოებით 3000-ზე მეტი გადარჩენილი მყავს - ვინც თითქმის განწირული და უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ერთი მაგალითი: ავადმყოფი გაწერეს და მშობლებს უთხრეს, ეს ბავშვი მოკვდებაო. მარნეულიდან იყვნენ – მაჭარაშვილები. საინტერესო შემთხვევაა. გაუგიათ, რომ კარგი პრაქტიკული ექიმი ვიყავი და

მომიყვანეს სახლში. მუცელი ჰქონდა ძალიან შებერილი. დედამ მითხრა: ჩვენ გამოგვწერეს, ჯობია, სახლში მოკვდეს, ვიდრე საავადმყოფოშიო. გავსინჯე და ვუთხარი: წადი ახლა სახლში, დააწვინე აივანზე, ასხი პირში პიპეტით ან კოვზით წყალი (ხშირად გადიოდა კუჭში, დიარეა ჰქონდა, ტოქსიკური, საშინლად მძიმე), ბრინჯის ნახარში გააკეთე-მეთქი. ვასწავლე, როგორ უნდა გაეკეთებინა. აუცილებლად მიეცი ნისტატინი-მეთქი, სოკო რომ არ გაჩენილიყო... არანაირი წამალი არ დავუნიშნე. ოთხი დღის შემდეგ მომიყვანა: ცოტა ჭამა დაიწყო და თვალები გაახილაო. კიდევ ოთხ დღეში დავუნიშნე წამლები და ეს ბავშვი გადარჩა. სასწაულად გადარჩა!


ყველაზე ძვირფასი ის არის, რომ ხალხის სიყვარული მოვიპოვე. ამას ყოველთვის ვგრძნობდი. ახლო ურთიერთობაში შევდიოდი ოჯახებთან, დავუჯდებოდი ხოლმე, არ მეჩქარებოდა. ერთი დოცენტი გვყავდა, გვარად მაჩაბელი. არაჩვეულებრივი პიროვნება იყო და მისგან ვისწავლე, რომ ავადმყოფი კარგად უნდა გამოკითხო, არ უნდა იჩქარო, დინჯად უნდა გასინჯო, ყველაფერი უნდა დაუთვალიერო და მერე უნდა მისცე დანიშნულება. და თუ სხვა ექიმს ნანახი ჰყავს, ძალიან დიდ შესწორებებს და კოლეგების ლანძღვას ნუ დაიწყებ, იმიტომ რომ ეს ჩვენი კოლეგიალური ამბავია და არ შეიძლებაო. არ შეიძლება, ადგე და უთხრა, ეს რა დაუნიშნავსო?! არ არის ეგ სწორი. შეგიძლია უთხრა: "იცით რა, ქალბატონო, ხომ ხედავთ, რომ სამი დღეა მკურნალობთ, მაგრამ შედეგი არ არის. 72 საათი ხომ ველოდებით, რომ რაღაც შედეგი მოგვცეს? რაკი არ არის, მოდი, შევცვალოთ უფრო ძლიერი წამლით, ან ეს წამალი დავუმატოთ, ან კიდევ ის გამოვაკლოთ" და ა.შ.

მე ყველაფრით ხელს მიწყობდა ოჯახი და, განსაკუთრებით, მეუღლე. არ შემიძლია დოდოზე არ ვთქვა. ეს იყო ულამაზესი ქალი, არაჩვეულებრივად გაზრდილი ბებიის მიერ, "ძველებურად" გაზრდილი. ყველაფერი გულთან მიაქვს, ყველაფერზე ღელავს, ყველაფერზე ნერვიულობს. არ შეუძლია, გაჭირვებულს არ დაეხმაროს. ყოველთვის ხელს მიწყობდა. 20 წელიწადი იმუშავა გეპეიში, უცხო ენების კათედრაზე. მე სულ ვამბობ ხოლმე, ვისი მეუღლეც არ უნდა ყოფილიყო, ის ბედნიერი ადამიანი იქნებოდა. ხუთი წელიწადი დავდევდი, 13 წლისა გავიცანი. მისი და მომიყვანეს - მოვარჩინე. მერე მითხრა: და მყავს, რომელიც ცუდად ჭამს, გამხდარიაო... მართლა 46 კილო იყო! მოიყვანა, გავსინჯე, ანალიზები გავუკეთე. მომეწონა, მერე დამპატიჟეს და დავიწყე მათ ოჯახში სიარული... მოკლედ შევირთე!

ჩვენ ძალიან დიდი ოჯახი გვაქვს: არაჩვეულებრივი შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები, სიძეები. ბედი უნდა გქონდეს... ეტყობა, მაინც, ადამიანი რომ ხარ ყველაფერში, მართალი ადამიანი - ღმერთი გფარავს. წაიკითხეთ სრულად
წყარო: რადიო თავისუფლება. ტავიუფლების დღიურები.

2764
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
magnolia
0
არაჩვეულებრივი და დიდებული პროფესიონალი - ბატონი ირაკლი, დიდი მადლობა ექიმო ,
13:24 / 15-02-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?