"მას შემდეგ, რაც გავაცნობიერე, რომ სტომატოლოგთან ჩვენი ვიზიტი კრახით სრულდებოდა, დავინტერესდი, ანალოგიური საჭიროების მქონე ბავშვებს როგორ მკურნალობდნენ მშობლები"
ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, შესაძლოა გახდეს მშობლისთვის შფოთვის მიზეზი, რადგან უფროსები ხშირად პატარებზე მეტად განიცდიან და ღელავენ, როცა შვილის ექიმთან მიყვანის საჭიროება დგება. განსაკუთრებულად კი მაშინ, როცა საქმე კბილებს ეხება. Mshoblebi.ge-მ ბავშვთა სტომატოლოგიას არაერთი სტატია მიუძღვნა, თუმცა ამჯერად ჩვენი მკითხველების თხოვნით შევეხებით ისეთ თემას, როგორიც არის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტებთან მუშაობა.
როგორც ერთ-ერთმა მშობელმა მოგვწერა, ის არაერთხელ წააწყდა სირთულეს, როცა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე შვილი მიიყვანა სტომატოლოგთან და აღმოჩნდა, რომ ექიმები რიგი დაუსახელებელი მიზეზის გამო უარს ეუბნებოდნენ გაეწიათ მისთვის მომსახურება.
"მას შემდეგ, რაც გავაცნობიერე, რომ სტომატოლოგთან ჩვენი ვიზიტი კრახით სრულდებოდა, დავინტერესდი, ანალოგიური საჭიროების მქონე ბავშვებს როგორ მკურნალობდნენ მშობლები. როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ჩვენ არ ვიყავით ასეთ დღეში. მესმის და შევდივარ ექიმის მდგომარეობაში, მას შესაძლოა აქვს შიში, არ აანერვიულოს ბავშვი, არ ააქვს გამოცდილება, ძალიან მინდა გავიგო, მე როგორც მშობელმა რა შეიძლება გავაკეთო ასეთ დროს და როგორ დავეხმარო ექიმს, რომ მას ჩვენთან მუშაობა გაუადვილდეს".
აღნშნულ თემაზე ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგი, ნანა გორდეზიანი გვესაუბრება:
- პირის ღრუს დამაკმაყოფილებელი ჰიგიენური მდგომარეობა მნიშვნელოვანი ფაქტორია ზოგადი ჯანმრთელობისთვის, სწორედ ამიტომ, მასზე ზრუნვა იწყება ადრეული ასაკიდან. სასურველია, რომ სტომატოლოგთან პირველი ვიზიტი, პირველი კბილის ამოსვლიდან 6 თვეში შედგეს, ხოლო კბილების გამოხეხვის, როგორც ჩვევის, გამომუშავება 2 წლიდან უნდა დავიწყოთ. სტომატოლოგთან ერთად, ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პირველ რიგში, არის მშობელი...
ბავშვთა სტომატოლოგიაში თითოეულ პაციენტთან მიდგომა ინდივიდუალურია, თუმცა მენტალურ აშლილობათა (ნეიროგანვითარებითი დარღვევის) მქონე პაციენტებთან ექიმი სტომატოლოგები, დამატებით, გარკვეული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ეს განპირობებულია როგორც ექიმი სპეციალისტების, ასევე პაციენტების და მათი მშობლების დაბალი ინფორმირებულობით, ამ პაციენტებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური თავისებურებებით. ასეთ პაციენტებს ხშირ შემთხვევაში აღენიშნებათ მეტყველების განვითარების შეფერხება, უჭირთ კომუნიკაციის დამყარება, განსხვავებულია მათი ემოციური განვითარება, აღენიშნებათ ქცევითი აშლილობები. იმისთვის, რომ ექიმმა სტომატოლოგმა წარმატებით გაართვას თავი ასეთ გამოწვევებს და პაციენტს მიეწოდოს მაღალი ხარისხის მომსახურება, საჭიროა სწორედ აუტისტური სპექტრის აშლილობათა მქონე პაციენტებისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომების ცოდნა.
- როგორ უნდა მოამზადოს ბავშვი მშობელმა სტომატოლოგთან ვიზიტამდე?
- აუტისტური სპექტრის აშლილობათა მქონე პაციენტების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სრულფასოვანი კომუნიკაცია შედგეს ექიმსა და მშობელს (მომვლელს) შორის. მშობლის ჩართულობა, უმეტესწილად, გადამწყვეტია. აუცილებლად, წინასწარ მოვამზადოთ ბავშვი სტომატოლოგთან პირველი ვიზიტისთვის. პირველ რიგში, სწორად უნდა შეირჩეს სტომატოლოგიური კლინიკა და ექიმი. მშობელმა მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ექიმს ბავშვის გონებრივი განვითარების შესახებ, რათა სტომატოლოგმა მკურნალობის გეგმა ამის მიხედვით შეადგინოს, სწორი რეაგირება მოახდინოს ბავშვის გარკვეულ ქმედებასა და რეაქციაზე უშუალოდ მკურნალობის დროს და გაითვალისწინოს მისი მომატებული მგრძნობელობა გარკვეული გამღიზიანებელი ფაქტორების მიმართ. როგორც წესი, ასეთ პაციენტებს აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა სინათლეზე, შეხებასა თუ ხმაზე, ნებისმიერმა ასეთმა გამღიზიანებლმა ფაქტორმა მათ შესაძლოა ფიზიკური ტკივილიც კი მიაყენოს, ამიტომ მკურნალობის პროცესში მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი ასეთი სტიმულები, დავახშოთ ხმაურის ყველა წყარო, რაც პაციენტის შფოთვის მიზეზი შეიძლება გახდეს.
ასას (აუტისტური სპექტრის აშლილობა) მქონე პაციენტებს კარგად შეუძლიათ ვიზუალური მასალის აღქმა, ამიტომ სასურველია წინასწარ შევადგინოთ ასეთი ვიზუალური გეგმა სურათების სახით,სადაც ქრონოლოგიურად იქნება დალაგებული
მკურნალობის თითოეული ეტაპი და ბავშვს ზუსტად ეცოდინება, თუ რისი მოლოდინი უნდა ჰქონდეს კლინიკაში მისვლისას. უმჯობესია წინასწარ დაიგეგმოს რამდენიმე ვიზიტი, რომელსაც ექნება გაცნობითი ხასიათი, ბავშვი დაათვალიერებს კლინიკას და შემდგომ უშუალოდ მკურნალობის დროს არე ქნება გაუცხოების განცდა.
სასარგებლო იქნება წინასწარ როლური თამაშები, ბავშვმა თვითონ გამოიყენოს სტომატოლოგიური ინტრუმენტები, ხელთათმანი, სარკე და ა.შ. მკურნალობის პროცესს სასურველია დაესწროს მშობელი, ბავშვისთვის საყვარელი ადამიანი, თან ჰქონდეს მისთვის სასურველი სათამაშოც, ეს ქმნის პირობას, რომ ბავშვმა კომფორტულად იგრძნოს თავი სტომატოლოგიურ სავარძელში.
- დამატებით კიდევ რა რჩევებს გაუზიარებთ მშობლებს?
- მნიშვნელოვანია, ასა-ს მქონე ბავშვები მივაჩვიოთ პირის ღრუს ინდივიდუალურ ჰიგიენას. დასაწყისში, მშობელმა უნდა მოახდინოს ვიზუალური დემონსტრირება, მაგალითად კბილების გახეხვის, კბილის ძაფების გამოყენების. ეს შეიძლება მოხდეს სურათების, ვიდეოების ან საკუთარი მაგალითის მეშვეობით. ამ დროს, შესაძლოა, თითოეული დეტალის სწავლება გახდეს საჭირო, მაგალითად, რომ ჯერ საჭიროა პირის გაღება, ბოლოს წყლის გამოვლება და ა.შ. თავდაპირველად მშობელს შეუძლია თავად გაუხეხოს რამდენიმე კბილი უკეთესი ვიზუალიზაციისთვის. მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ყველა პროცედურა ტარდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ბავშვი ნაკლებ წინააღმდეგობას უწევს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ყოველივე არ უნდა გახდეს ყოველდღიური მოსაწყენი რუტინა და ბავშვს უნდა შევუქმნათ პოზიტიური დამოკიდებულება პირის ღრუს მოვლის მიმართ. და ბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტომატოლოგთან თითოეული ვიზიტის ან პროცედურის შემდეგ, უნდა წავახალისოთ ბავშვები, იქნება ეს მისთვის სასურველი სათამაშო, რაიმე ნივთი, საკვები თუ უბრალოდ შექება, ეს ყველაფერი ზრდის მოტივაციას და იგივე ქმედების განმეორების ალბათობას.
რუსკა კილასონია