თბილისში არსებობს მინდორი, საიდანაც ძალიან საშიში ინფექციების გავრცელების რისკი არსებობს შავი ჭირი, ციმბირის წყლული, ქოლერა და სხვა მსგავსი დაავადებები გასული საუკუნის ეპიდემიებად ცოცხლობენ ჩვენს მეხსიერებაში. ამ ეპიდემიებმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და გვგონია, წარსულში დარჩნენ, არადა თბილისში არსებობს მინდორი, საიდანაც ძალიან საშიში ინფექციების გავრცელების რისკი არსებობს.
თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ე.წ. გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუქმებული ნაგავსაყრელია. ალაგ-ალაგ ნაგვის გროვები და მღრღნელების სოროები მოჩანს. მიახლოებასთან ერთად უსიამოვნო სუნი მძაფრდება. გზად ავტომანქანა გვხვდება. ახალგაზრდა მძღოლი ინტერვიუზე უარს ამბობს, თუმცა, გვიმხელს, რომ ადრე ტერიტორია ღობით იყო შემოსაზღვრული, მერე მოიპარეს. ახლა ყოფილი სასაკლაოს ტერიტორიაზე უამრავი ძვალი ყრია და ჩამარხვაა საჭირო. მინდორზე ძაღლების ძვლებია მიმოფანტული. ეს საბჭოთა კავშირის დროინდელი სასაკლაოა და აქ ახლა მსხვილფეხა საქონელი ბალახობს... ადრინდელი ე.წ. ბეიკერის ორმოები - დაბეტონებული სამარხები, დღეს ღიაა და სხვადასხვა დაავადების კერას ქმნის. აქვე გადის ცენტრალური გზა... უახლოესი დასახლებული პუნქტიც რამდენიმე კილომეტრშია.
ექიმი-ჰიგიენისტი, ტოქსიკოლოგი, პროფესორი მარინა გიორგობიანი სწორედ ამ საფრთხეებზე გვესაუბრება:
- სიტუაცია მეტად საშიში და სიცოცხლისათვის სახიფათოა. ამ ადგილას თავს მოიყრიან მღრღნელები, მწერები, ტემპერატურის მატებასთან ერთად კი გამრავლდებიან კიდეც. ყველა ცოცხალი ბაქტერია, ვირუსი თუ ჭიის მატლი გახდება იმ ცხოველების საკვები, რომლებიც იქ ბალახობენ.
საშიშროება ორმხრივია: დაასნებოვნოს საქონელი და გარდაიქმნას ძლიერმოქმედ შხამებად. ეს ბაქტერიები შეხებითაც გადადის და ნარჩენების ლპობისას ტოქსინებად იქცევა.
სასწრაფოდ საჭიროა სანიტარიული დამუშავება. ეს მომწამვლელი ნივთიერებები გაცილებით მაღალი კონცენტრაციით მოხვდება ჰაერსა და გარემოში. მოსალოდნელია ნიადაგის დაბინძურება პერიმეტრზე, წვიმისა და ნიაღვრის შემთხვევაში კი, შესაძლოა, დიდი ფართობიც დაბინძურდეს. თუ ნაკადი ნიადაგში ჩაიჟონა, გაჩნდება ინფექციების გავრცელების საფრთხე, ყველაზე სახიფათო კი ის არის, რომ ამ ტერიტორიაზე პირუტყვი ბალახობს და მიკრობები, შესაძლოა, რძის პროდუქტებში მოხვდეს. თვითგაწმენდის უნარი აქვს გარემოსაც და წყალსაც, მაგრამ გადამტანი ინფექციის საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს.
- რა დაავადებების საფრთხე არსებობს?
- მაგალითად, ციმბირის წყლულის, ის განსაკუთრებით საშიში დაავადებების ხუთეულში შედის. იმედი მაქვს, რომ თბილისის მერია დაუყოვნებლივ მიიღებს ზომებს.