როდის არის უმჯობესი ბავშვისთვის გლანდების ოპერაციის გაკეთება? - გამოცდილი ექიმების პასუხები როდის არის უმჯობესი ბავშვისთვის გლანდების ოპერაციის გაკეთება? - ეს კითხვა უამრავ მშობელს აწუხებს. რატომ არის გლანდები ორგანიზმისთვის სასარგებლო და როდის ხდება ის მავნებელი - ეს არის საკითხი, რომლის ზუსტი გააზრება უნდა მოხდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს ტონზილექტომიის გაკეთება ანუ გლანდების ამოკვეთა.
აღნიშნულ თემაზე დეტალურად სასაუბროდ "ნიუ ჰოსპიტალსის" ოტო-რინო-ლარინგოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელს, ბერდია ბერიძეს და წამყვან სპეციალისტს, ლიტველ ქირურგს, საულიუს ვაიტკუსს მივმართეთ.
საულიუს ვაიტკუსი: გლანდების გართულების პირველი გამოვლინება ძილის დროს სუნთქვის პრობლემებია. თუ ბავშვს ცუდად სძინავს, ღამით შფოთავს და საწოლში ბევრს მოძრაობს, უნდა ვიფიქროთ, რომ მას გლანდების პრობლემები აქვს. გართულების შემდეგი გამოვლინებაა სწავლაში ჩამორჩენა, რომელიც გამოწვეულია ჰიპოქსიით. მეორე მხრივ, საოპერაციო გლანდებზე მიანიშნებს ხშირი ანგინა. როდესაც ბავშვს ხშირად უწითლდება ყელი, ანგინა მაღალი სიცხით წელიწადში 3-ზე მეტად ემართება და ანტიბიოტიკით მკურნალობს სჭირდება, აუცილებელია გლანდების ამოკვეთა. წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე იწყება სახის დეფორმაცია, მუდმივი პირით სუნთქვა ცვლის ბავშვის სახის ძვლების მოყვანილობას და იცვლება სახის ფორმა და სიმაღლეც.
ბერდია ბერიძე: ზოგადად, საკითხს ასე არ ვუდგებით, თუ როდის არის უკეთესი ოპერაციის გაკეთება. ოპერაციას ვაკეთებთ მაშინ, როდესაც ის საოპერაციოა. ტონზილები არის ორგანო, რომელიც იმუნური სისტემის დასაცავად არის საჭირო და გამართულად ფუნქციონირების შემთხვევაში იმუნიტეტს იცავს. უმჯობესია თუ მას ჩვენებების გარეშე არ ამოვჭრით. თუ სასწრაფო ჩვენება არაა, სასურველია 5 წლამდე დაველოდოთ. თუმცა თუ ბავშვს ჩვენება აქვს და ის 2-3 წლისაა, თავი არ უნდა შევიკავოთ ოპერაციისგან. პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევა, რომ 2 თვის ბავშვს გაუკეთდა ოპერაცია, რადგან პრობლემა იმდენად მწვავე იყო, რომ საერთოდ ვერ სუნთქავდა.
ბერდია ბერიძე: ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურია ტონზილექტომიის ლაზერით გაკეთება. თუმცა ამ ყველაფერში მთავარია ხარისხიანი აპარატურა და კვალიფიციური ექიმი. ექიმს აპარატურის სწორად გამოყენება უნდა შეეძლოს. ზოგადად, ყველა ახალი მეთოდი იმისთვის იქმნება, რომ პოსტოპერაციულ პერიოდში, რომელიც ძალიან რთული და საყურადღებოა, გართულებები მინიმუმამდე დავიყვანოთ. ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევაში ნაკლებია ტკივილი, სისხლდენის ალბათობა, ქსოვილის აღდგენა და რეგენერაცია, გამოჯანმრთელება კი უფრო სწრაფად და მსუბუქად მიმდინარეობს.
ჩვენ ძირითადად ლაზერით ვმუშაობთ. ზოგადად, ამ ოპერაციის მთავარი გართულება არის ხოლმე სისხლდენა. ლაზერის შემთხვევაში კი თუ პაციენტი ყველა ინსტრუქციას ასრულებს, სისხლდენის შესაძლებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ოპერაციის ხანგრძლივობაც უფრო ცოტაა. გლანდების ამოკვეთას სულ 10 წუთი სჭირდება.
საულიუს ვაიტკუსი: რეაბილიტაციის პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში სამი კვირაა. ლაზერით გაკეთებული ოპერაციისას ამ პერიოდის შემოკლება არ ხდება, თუმცა ის უფრო მარტივად და მსუბუქად მიმდინარეობს. რეაბილიტაციის დროს ბავშვებს ყველაფერს ვაძლევთ დაბლენდერებულს, დასალევი კონსისტენციის და ოთახის ტემპერატურის საკვებს. სხვა ყველაფერი კი ინდივიდუალურია.
ბერდია ბერიძე: ადენოიდიც იგივე სახის ქსოვილს წარმოადგენს, რასაც გლანდი. თუმცა მას განსხვავებული ლოკალიზება აქვს და ცხვირ-ხახაშია მოთავსებული. ძირითადი პრობლემა, რის გამოც ვუკეთებთ ხოლმე ბავშვებს ამ ოპერაციას, არის ცხვირით სუნთქვის გაძნელება. ამ დროს ხდება პირით სუნთქვა, ღამით სუნთქვის შეჩერების შემთხვევები. ბავშვს უყალიბდება ადენოიდური სახე, ის გონებრივადაც ანელებს განვითარებას და თანატოლებთან დაწევა უჭირს. ამის მიზეზი კი არის ტვინის ჰაერით შიმშილი, რასაც პირით სუნთქვა იწვევს.
საულიუს ვაიტკუსი: აუცილებელია, ყველამ გააცნობიეროს, რომ ბავშვი ადენოიდებით იბადება. თუმცა თუ ის 21 წლის ასაკამდე არ გამწვავდა და ოპერაციის გაკეთება არ გახდა საჭირო, მერე თვითონ პატარავდება და 21 წლის შემდეგ პრობლემას აღარ წარმოადგენს. მანამდე კი გართულებული ადენოიდების ამოკვეთა აუცილებელია. გლანდებთან შედარებით უფრო მარტივია რეაბილიტაციის პროცესი. ის მხოლოდ 10 დღე გრძელდება.
საულიუს ვაიტკუსი: აპნოე აწუხებთ როგორც დიდებს, ისე პატარებს. ეს არის ღამით სუნთქვის შეჩერება. პრობლემის სიმწვავე განისაზღვრება იმით, თუ რამდენჯერ და რა ხანგრძლივობით აჩერებს სუნთქვას. ღამის განმავლობაში 5-ჯერ 10 წამის განმავლობაში შეჩერება უკვე პრობლემაა.
ხვრინვისა და სუნთქვის შეჩერების პარალელურად, აპნოეს კიდევ ერთი ნიშანია დაღლილობა. შეიძლება ადამიანს ძალიან ბევრი ეძინოს, მაგრამ მაინც დაღლილმა გაიღვიძოს. ასევე, იწვევს კონცენტრაციისა და სწავლის უნარის დაქვეითებას. ამ დროს ტვინი შიმშილობს ჟანგბადით და იწყება გადაღლილობა, გონებრივი განვითარების შეფერხება. აუცილებელია კომპლექსური ჩარევა და მკურნალობა, რიგ შემთხვევაში, ქირურგიული მკურნალობაც.
საულიუს ვაიტკუსი: ალერგია თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დაავადებაა. ალერგიული რინიტი კი ალერგიის ყველაზე ხშირი გამოხატულებაა. თბილისი განსაკუთრებულად დაბინძურებული ქალაქია. აქ სუნთქვაც კი რთულია. პრობლემას ქმნის საკვების ხარისხი, კონსერვანტებით მდიდარი პროდუქცია, დაბინძურებული ჰაერი. უარი უნდა ვთქვათ, გლუტენის შემცველ საკვებზე და გაზიან სასმელზე თუ არ გვინდა, რომ პრობლემა გამწვავდეს. მეტად ალერგიულია მატყლი, ბუმბული და ბამბა. ალერგიის საწყისი გამოვლინებაა რინიტი, მერე იწყება ასთმა, დერმატიტი.
ბერდია ბერიძე: მკურნალობა ხდება არა ალერგიის, არამედ მისი სიმპტომების. ამ დროს ინიშნება ცხვირის სპრეები, ანტიჰისტამინური პრეპარატები. დროში გახანგრძლივებული პრობლემაა და სწორი მკურნალობის შემთხვევაშია შესაძლებელი მისი დამარცხება. მარტივად სამკურნალო ნამდვილად არა არის. პირველ რიგში უნდა გავიგოთ რაზე აქვს ბავშვს ალერგია და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ეს ალერგენი გავაქროთ ცხოვრებიდან.
ნანიკო მღებრიშვილი