აშკარაა, რომ მომართვიანობა ძალიან მაღალია "ბოლო ათწლეულებში აღიშნიშნება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა მსოფლიო მასშტაბით. ზოგი ექსპერტის აზრით, ეს გარემოება დაკავშირებულია ადრეულ სტადიაზე მცირე ზომის პრეკლინიკურ სტადიაზე გამოვლენილი შემთხვევების ზრდასთან..." საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დეპარტამენტის უფროსი - მაია მაღლაკელიძე-ხომერიკი უმწვავეს პრობლემაზე გვესაუბრა…
- გავრცელებული ინფორმაციით, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ოპერაციების სტატისტიკა გაზრდილია ეს შეესაბამება თუ არა რეალობას?
- 2013 წლის დასაწყისში საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ ნახევარი სარგებლობდა სამედიცინო დაზღვევის მომსახურებით - სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებითა და კორპორატიული დაზღვევით. დანარჩენს საკუთარი ხარჯებით უნდა დაეფარა მკურნალობის სრული ღირებულება, რაც დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. ხშირ შემთხვევაში, ეს ადამიანები თავად ამბობდნენ უარს გეგმური სამედიცინო სერვისების მიღებაზე და ექიმს მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს ან უკიდურესად დამძიმებული მდგომარეობის გამო მიმართავდნენ.
დღეს საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტი საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარია. ყველა მოქალაქისათვის გარანტირებული გახდა საბაზისო სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა საყოველთაო ჯანდაცვისა, თუ კერძო სადაზღვევო პროგრამებით.
- აშკარაა რომ მომართვიანობა უდაოდ მაღალია კლინიკებში, რა მოვლენებმა განაპირობა მოქალაქეების ასე გააქტიურება?
- გაიზარდა მოსახლეობის ინფორმირებულობა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა პრევენციული პროგრამებით (სკრინინგი) დაფარული სერვისების თაობაზე, შესაბამისად, მოიმატა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის მაჩვენებელმა, რამაც თავის მხრივ, განაპირობა დაავადებების, მათ შორის ფარისებრი დაავადებების პათოლოგიის გამოვლენის სიხშირის ზრდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის კვალობაზე გაიზარდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ხარჯები. ბოლო მონაცემებით, საქართველოში გაიზარდა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენის ხვედრითი წილი.
- მხოლოდ საქართველოშია ასე გაზრდილი სტატისტიკა? საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი ინფორმაცია ბოლო ათწლეულის უცხოეთის მაჩვენებლებზე?
- ბოლო ათწლეულებში აღიშნიშნება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა მსოფლიო მასშტაბით. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ეს გარემოება დაკავშირებულია ადრეულ სტადიაზე მცირე ზომის პრეკლინიკურ სტადიაზე გამოვლენილი შემთხვევების ზრდასთან. თუმცა ასევე აღსანიშანვია, რომ იზრდება დიდი ზომისა და მოგვიანებით სტადიაზე გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა. უფრო მეტიც, ადრეულ სტადიაზე დაავადების გამოვლენის ზრდისა და მკურნალობის გაუმჯობესებული მეთოდების მიუხედავად, ფარისებრი ჯირკვლის კიბოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობა გარკვეული ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ზოგიერთი მოსაზრებით, შესაძლებელია, ეს დაკავშირებული იყოს გარკვეული წლების წინ ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი გარდაცვალების შემთხვევების არასათანადო შეფასებასთან. ექსპერტების აზრით, საფიქრებელია, რომ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ახალი შემთხვევების ზრდა მსოფლიო მასშტაბით განპირობებულია ინდუსტრიულ გარემოში არსებული კარცინოგენებით, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებით; განსაკუთრებით მნიშვნელოვან რისკ ფაქტორს წარმოადგენს რადიაციული ფონი, ასევეგასათვალისწინებელია სპეციფიკური რისკ-ფაქტორები, რომელთა შორის აღსანიშნავია აუტოიმუნური თირეოიდიტის შემთხვევების ზრდის ტენდენცია, მაგრამ აქვე არ უნდა გამოვრიცხოთ ისეთი არასპეციფიკური ფაქტორი, როგორიცაა სიმსუქნე. არაერთი ფართემასშტაბიანი კვლევის მიხედვით, ფარისებრი ჯირკვლის შემთხვევების ზრდა დაკავშირებულია კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენასა და ასევე მოგვიანებით სტადიაზე გამოვლენილი შემთხვევების ზრდასთან, რაც დიდწილად გაზრდილ რადიაციულ ფონს და სხვა ჯერ-ჯერობით დაუდგენელ კარცინოგენებს უკავშირდება. ამ მიმართულებით კვლევები მიმდინარეობს მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში.
- რამდენად გამართლებულია ქირურგიული ჩარევა? ექიმები ხომ არ სცოდავენ და ხშირად კლინიკების დაფინანსების ხელოვნურად გაზრდის გამო რადიკალურ გზას ირჩევენ?
- ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. მკურნალობის სქემის არჩევა დაკავშირებულია მრავალ ფაქტორთან, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ზომებთან, ტიპთან და სხვ. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობის ძირითადი მეთოდებია: ქირურგიული მკურნალობა, რადიოაქტიური იოდით მკურნალობა, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია, ტარგეტული თერაპია. სპეციალისტები, უმეტესწილად, არჩევენ 2 ან მეტი მეთოდით კომბინირებულ მკურნალობას. მკურნალობის სხვა მეთოდების არაეფექტურობის შემთხვევაში, ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული მკურნალობა ნაჩვენებია ფარისებრი ჯირკვლის სხვა პათოლოგიების დროს, მაგალითად, როგორიცაა, დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი, კვანძოვანი ჩიყვი და სხვ.
მანანა გაბრიჭიძე