რომელი კურორტის არჩევა ჯობს ბავშვისთვის და რამდენი ხანი უნდა დაჰყოთ კურორტზე ზაფხულის დადგომასთან ერთად აქტუალური ხდება თემა დასვენებასთან, გაკაჟებასთან, სამკურნალო გარემო ფაქტორების დადებით ზეგავლენასთან დაკავშირებით.
მოდით, სწორად შევარჩიოთ კურორტი - მთა თუ ზღვა? ან იქნებ სულაც ბალნეოლოგიური ტიპის კურორტი სჯობს?
სანამ დასასვენებელ ადგილს შეარჩევთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ექიმის რჩევა - რა ტიპის ბუნებრივი ფაქტორების ზემოქმედება სჯობს თქვენი პატარასთვის. ამ საკითხის გარკვევის შემდეგ გაითვალისწინეთ კურორტის მდებარეობა, რამდენად კარგადაა განვითარებული მისი ინფრასტრუქტურა, რამდენად შორს მდებარეობს უახლოესი დიდი დასახლებული პუნქტიდან და რამდენად ხელმისაწვდომია კვალიფიციური გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზე.
ზაფხული დასვენების, ბავშვის გაჯანსაღებისა და გაკაჟებისათვის აუცილებელ საუკეთესო პირობებს და გარემო ფაქტორებს გვთავაზობს, ოღონდ იმ პირობით, რომ ეს ფაქტორები დოზირებულად და მიზანმიმართულად უნდა გამოვიყენოთ. კურორტი უნდა შეირჩეს მისი ბუნებრივი სამკურნალო პოტენციალის და ბავშვის საჭიროების გათვალისწინებით.
მთის კლიმატი გამოირჩევა მზის ინტენსიური რადიაციით (განსაკუთრებით სჭარბობს მზის ულტრასიისფერი სპექტრი), დაბალი ბარომეტრული წნევით და ჰაერში ჟანგბადის დიდი შემცველობით. ასეთი კლიმატი განსაკუთრებით სასარგებლოა სასუნთქი გზების დავადებათა მკურნალობისათის, ზოგადი გაკაჟება-გაჯანსაღებისათვის. ზღვის კლიმატი მზის ინტენსიური გამოსხივებით გამოირჩევა, ჰაერი გამდიდრებულია ოზონით და მარილებით, აქვს მატონიზებელი და გამაკაჟებელი ეფექტი. თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩვენი სანაპირო ზოლი მაღალი ტენიანობით გამოირჩევა და არ უხდება სასუნთქი გზების ქრონიკულ დაავადებებს. ამიტომ თუ ბავშვს ბრონქული ასთმა ან მორეციდივე ბრონქიტი აქვს, უმჯობესია კურორტული თერაპიისათის ზღვის ჰავა არ შეარჩიოთ. უდაბნოს და სტეპების კლიმატი ხასიათდება დაბალი ტენიანობით, მაღალი ტემპერატურით, მზიანი დღეების სიჭარბით, მშრალი ქარებით, რაც ხელს უწყობს ოფლდენას და ორგანიზმიდან წყლის აორთქლებას. ამიტომ ასეთი ადგილები საშარდე გზების ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. საქართველოში ამ მხრივ გამორჩეული კლიმატია არხილოსკალოში.
ძვალ-სახსროვანი სისტემის დაზიანება მრავალმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის იუვენილურმა რევმატოიდუმა არიტმა, რევმატიზმმა, ფსორიაზმა, რაქიტმა. სხვადსხვა მიზეზით გამოწვეული სასრების დაზიანების კურორტული მკურნალობისათვის განსაკუთრებიული მნიშვნელობა ენიჭება ჰიდროთერაპიას. თბილ წყალში ვარჯიში კუნთების მოდუნებას იწვევს, აქტივდება სახსრებში სისხლის მიმოქცევა და მათი მოქნილობა. ხდება ტკივილის შემსუბუქება. განსაკუთრებით ეფექტურია წყალტუბოს უნიკალური რადონის წყლის აბაზანები. ბავშვთა ასაკში ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებათა მკურნალობის და პროფილაქტიკისათვის ეფექტურია ურეკი-გრიგოლეთის მაგნეტიტით მდიდარი ქვიშა.
ამ მხრივ გამორჩეული ბალნეოკურორტებია ბორჯომი, ნაბეღლავი, საირმე.
მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მინერალურ წყალსაც დოზირება სჭირდება.
აი, როგორ უნდა გამოთვალოთ თქვენი შვილისათვის საჭირო წყლის რაოდენობა - წონის ყოველ კგ-ზე ინიშნება 3 მლ მინერალური წყალი.
წყლის სამკურნალო თვისებებს მისი ქიმიური შემადგენლობა განსაზღვრავს. გასთავალისწინებელია წყლის მიღების დრო. კუჭის მომატებული მჟავიანობის დროს მინერალური წყალი ჭამამდე 1-1-5 სთ ადრე უნდა მიიღოთ, ამ დროში წყალი თორმეტგოჯა ნაწლავში მოასწრებს გადასვლას და კუჭის სეკრეციული აქტივობა დაითრგუნება. დაქვეითებული სეკრეციის დროს კი, პირიქით, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე მიღებაა საჭირო, რადგან ამ დროს კუჭის წვენის სეკრეცია აქტივდება.
ნორმული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს წყალს ჭამამდე 30 წთ ადრე იღებენ.
ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!
პედიატრი, მედიცინის დოქტორი თამარ ობგაიძე