რომელ ასაკში ემართებათ საქართველოში ყველაზე ხშირად სიმსივნური დაავადებები - რას ამბობს ცნობილი ონკოლოგი
რომელ ასაკში ემართებათ საქართველოში ყველაზე ხშირად სიმსივნური დაავადებები - რას ამბობს ცნობილი ონკოლოგი
საქართველოში ონკოლოგიური დაავადების მატებასა და ამ დაავადებით გარდაცვლილთა რაოდენობასთან დაკავშირებით მოსახლეობა შეშფოთებულია. უფრო და უფრო მეტად გვჭირდება იმის ცოდნა, როგორ ვებრძოლოთ ამ დაავადების გავრცელებას, როგორ დავიცვათ მისგან თავი, რა არის ჩვენი გასაკეთებელი და რა მოვთხოვოთ სახელმწიფოს. ამ პრობლემებთან დაკავშირებით ცნობილ ონკოლოგს პროფესორ რემა ღვამიჩავას ვესაუბრეთ.

- საქართველოში რომელ ასაკში გახშირდა ავთვისებიანი სიმსივნე? ზოგადი დაკვირვებით, 20-30 წლის ასაკში ძალიან მომატებულია... რეალური ციფრები რას გვეუბნება?

- არ ვიცი, ეს ციფრები საიდან არის... საქართველოში ონკოპათოლოგიამ უმნიშვნელოდ მოიმატა, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში. ჩვენთან განსაკუთრებული მატება

არ არის. ცოტა ხნის წინ იყო აჟიოტაჟი, მოიმატაო, მაგრამ სინამდვილეში ონკოლოგიური დაავადებების აღრიცხვიანობა მოწესრიგდა. უკვე რეალური ციფრები გვაქვს. რაც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშია შექმნილი, იგივე დაინერგა საქართველოში. ონკოპათოლოგიების უფრო მეტი შემთხვევა, პრაქტიკულად ყველა ლოკალიზაციაში, 50-70 წლის ასაკობრივ შუალედში გვხვდება.


- რამდენად ხშირად სარგებლობს მოსახლეობა უფასო სკრინინგით...კონკრეტული შედეგი მოგვცა ამ პროგრამამ?კიბოს რომელიმე სახეობა შემცირდა?

- სკრინიგის პროგრამის მონაცემებით, ჯერ კიდევ არ არის მოსახლეობის სრულადმოცვითი პროცენტი ისეთი მაღალი, როგორც ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ 2008 წლიდან 2016 წლამდე უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც ზრდის დინამიკა იყო.
დღეს საქართველოში მუშაობს კიბოს სკრინინგის სახელწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს,

ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავის და პროსტატის სკრინინგს.


- ამბობენ, რომ კიბო დღეს განაჩენი არ არის, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს ირგვლივ გადარჩენილი ცოტა გვინახავს, ამ მხრივ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით როგორი მდგომარეობა გვაქვს?

- უამრავი ადამიანია გადარჩენილი საქართველოში, მაგალითად თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ "გამარჯვებულ ქალთა კლუბს", ეს ძუძუს კიბოთი ნაოპერაციევ ქალთა გაერთიანებაა, ამ ქალბატონებმა შეძლეს კიბოს დამარცხება და დღეს წარმატებულად მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროში, მეტიც სხვებსაც მოუწოდებენ იბრძოლონ!


- რა სიახლეების დაინერგა ონკოლოგიაში, რომლის შესახებაც არ იცის ფართო საზოგადოებამ, ან საქართველოში ვერ ვიყენებთ?

- ონკოლოგიაში ინერგება ყველა ის მეთოდი და მკურნალობა, რაც არის დასავლეთ ევროპაში. ყველაფერი ეტაპობრივად ნელ-ნელა ხდება და პრაქტიკულად შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში არის ონკოპათოლოგიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ყველა ის მეთოდი და საშუალება, რაც უცხოეთში.


- მაშინ რატომ მიდის უმეტესობა სამკურნალოდ უცხოეთში? თუნდაც თურქეთში?

- ამაზე ალბათ მათ უნდა ჰკითხოთ... ნებისმიერი ცდილობს უკეთეს გარემოში და უფრო ხარისხიანად მიიღოს მკურნალობა. ეს პაციენტის ნებაა. და ბოლოს და ბოლოს პაციენტთა უმრავლესობა თავის ფულს ხარჯავს და ყველას აქვს უფლება საკუთარი ფული სურვილის მიხედვით დახარჯოს. საქართველოდან თურქეთში მიდიან, თურქეთიდან ევროპაში, ევროპიდან ამერიკაში და ა.შ. ეს პრობლემა მთელს მსოფლიოშია. ადამიანს სადაც ჰგონია, რომ უკეთ უმკურნალებენ, იქ მიდის.


- სახელმწიფო პოლიტიკა სკრინინგების გარდა, როგორ ებრძვის ონკოლოგიურ დაავადებებს... სხვა ქვეყნები როგორ ებრძვიან, როგორ იცავენ თავს?

- ჩვენთან სახელმწიფო ნაწილობრივ აფინანსებს ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის თანხას. ეს სახელმწიფოს მხრიდან გამოხატული მხარდააჭერაა... თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ალბათ უკეთესად ვიქნებით ყველა, თუ სახელმწიფო ბევრად მეტით დააფინანსებს კიბოს პროფილაქტიკას, ვიდრე შემდგომ მკურნალობას. ... ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი ავთვისებიანი სიმსივნე სრულებით განკურნებადია. თანაც ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი კიბოს მკუნალობა შეუდარებლად იაფი ჯდება, ვიდრე შორს წასული სტადიის მკურნალობა. ...


- კიბოს პროფილაქტიკაში რას გულისხმობთ?

- არ უნდა იყოს ჰაერი დაბინძურებული, საკვები უნდა კონტროლდებოდეს, ქარხნები, რაც მუშაობს, იმათ მაინც ჰქონდეს ფილტრი. ეს არის პროფილაქტიკა და ჯანდაცვის სამინისტროს კი არა, სახელმწიფოს მისახედია, ამაში უნდა ხარჯავდეს ფულს. მთელ მსოფლიოში ასეა დღეს, სხვა პროფილაქტიკა არ არებობს. დიაგნოსტიკა და სკრინინგები შედარებით მეორეხარისხოვანია. (დიაგნოსტიკა და სკრინინგები განეკუთვნება მეორეულ პრევენციას).


- რომელ ქვეყანაშია ყველაზე ნაკლებად გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებები?

- ონკოლოგიური დაავადებები ყველგან არის გავრცელებული... თუმცა არის სტატისტიკა, რის მიხედვითაც ჩანს, რომ სოფლის მოსახლეობაში ნაკლებია და ქალაქის მოსახლეობაში მეტი. ერთი საინტერესო ფაქტია: კიბოს მკურნალობა რაოდენობრივად დასავლეთ ევროპაში უფრო მეტია, ვიდრე საქართველოში. თუმცა კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა იქ ბევრად ნაკლები. იქ ადრეული დიაგნოსტიკა და დროული, სწორი მკურნალობა ხდება. ჩვენთან კი დროული გამოვლენა და მკურნალობა არ ხდება და სიკვდილიანობაც მაღალია..


- სკრინინგები რაც მსოფლიოში კეთდება, ყვველაა დანერგილი ჩვენთან... რა სახის სკრინინგები არსებობს კიდევ... აპირებთ თუ არა, რომ სახელმწიფოსგან მეტი ჩართულობა მოითხოვოთ ონკოდაავადებების პრევენციის საქმეში?

- სახელმწიფო დაფინანსებით რაც კეთდება და რაც რეკომენდირებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ , ჩვენთან ყველაფერი კეთდება.


- რომელი სიმსივნის მკურნალობის მხრივ გვაქვს ყველაზე მეტი წარმატება?

- ყველა მიმართულებით... კომპლექსური მკურნალობა ხდება ყველა პათოლოგიის . ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. ძუძუს კიბოზე ყველაზე მეტი აქცენტია მსოფლიოში და საქართველოშიც.


მანანა გაბრიჭიძე


5768
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```